მილიარდერი ჩაკ ფინი, რომელმაც მთელი ქონება ქველმოქმედებას შესწირა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

მილიარდერი ჩაკ ფინი, რომელმაც მთელი ქონება ქველმოქმედებას შესწირა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

საცალო გაყიდვების გიგანტ Duty Free Shoppers-ის დამფუძნებელი, მილიარდერი ქველმოქმედი ჩარლზ „ჩაკ“ ფინი, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ მისი ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებისთვის გაიღებდა და მის საკუთრებაში მხოლოდ $2 მილიონს დაიტოვებდა.

ფინიმ დასახულ მიზანს რამდენიმე წლის წინ მიაღწია და საერთო ჯამში, $8 მილიარდზე მეტი საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და სოციალური მიზნებისთვის გაიღო. შედეგად, ფინის საქველმოქმედო ფონდი, Atlantic Philanthropies-ი, 2020 წელს, მილიარდერის ქონების სრულად გაცემის შემდგომ დაიხურა. ფინის ეკუთვნის Giving While Living-ის (გაეცი, სანამ ცოცხალი ხარ) იდეაც, რომელმაც სხვა მილიარდერებსაც, სიცოცხლის განმავლობაში, მათი ქონებს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაღებისკენ უბიძგა.

კონცეფციამ შთააგონა ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტიც, რომელთაც 2010 წელს Giving Pledge-ის ინიციატივა დააარსეს. ინიციატივაზე ხელმოწერით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, მათივე სიცოცხლის განმავლობაში, თავიანთი ქონების უდიდესი ნაწილის ქველმოქმედებისთვის გაღების პირობას დებენ.

ფინის შემოწირულებები ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობის დასამყარებლად, ნიუ-იორკში Cornell-ის ტექნოლოგიური კამპუსის ასაშენებლად, ვიეტნამის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზების, Obamacare-ის პაკეტის მხარდაჭერისა და აშშ-ში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის ბრძოლაზე დაიხარჯა. Atlantic Philanthropies-ის უმსხვილესი დონაციები მოხმარდა „კალიფორნიის უნივერსიტეტისა“ და „დუბლინის უნივერსიტეტის“ Global Brain Health Institute-ის დაფინანსებას, Atlantic Fellows-ის საშუალებით, რასობრივ და სოციალურ უთანასწორობასთან ბრძოლას, დამატებით $136 მილიონის შემოწირულება კი ჯანდაცვის თანასწორობის ხუთ ფონდზე გადანაწილდა.

მისი ქონების გათვალისწინებით ჩაკმა, ქველმოქმედებისთვის სხვა მილიარდერებთან შედარებით, ყველაზე დიდი ნაწილი გაიღო. თუმცა, გაცემული თანხების მოცულობით, ფინის უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა გეიტსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი და მაქკენზი სკოტი აღემატებიან.