მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქალაქები

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქალაქები

საერთაშორისო სააგენტო 2THINKNOW-მ მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქალაქების ინდექსის მიხედვით განახლებული, რიგით მე-16 რეიტინგი გამოაქვეყნა. ის 162 ინდიკატორს ეფუძნება, რომლებიც 31 სხვადასხვა კატეგორიად იყოფა. მათ შორის, ინდექსში გათვალისწინებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კულტურა, ტრანსპორტი, ტექნოლოგია, საგადასახადო სისტემა და მდგრადობა.

ცნობისთვის, სააგენტო ყველაზე ინოვაციური ქალაქების ჩამონათვალს 2007 წლიდან აქვეყნებს. რეიტინგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე 500 ქალაქს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ტოპ-10 ადგილზე ყველაზე მეტი, ხუთი ქალაქი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა წარმოდგენილი. მათ შორისაა ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, ბოსტონი, სან-ფრანცისკო და ჰიუსტონი. პირველ ათეულში შემავალი დანარჩენი ხუთი ქალაქი კი სხვადასხვა ქვეყანაში მდებარეობს.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს იაპონიის დედაქალაქი ტოკიო იკავებს, რომელმაც 60-დან 59 ქულის მოგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ტოკიო რეიტინგს წინა ჯერზეც ლიდერობდა.

ჩამონათვალში მეორე ადგილს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი ლონდონი იკავებს. ლონდონმა, რომელიც წინა რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებდა, პოზიცია ცხრა ადგილით გაიუმჯობესა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქმა 60-დან 57 ქულის მოგროვება შეძლო, და სიის ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩა.

საუკეთესო სამეულში ვხვდებით აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკს, რომელიც წინა რეიტინგის მსგავსად ამჟამადაც მე-3 პოზიციაზეა წარმოდგენილი. ნიუ-იორკმა 60-დან 56 ქულის მოგროვება შეძლო.

ლონდონისა და ტოკიოს გარდა ყველაზე ინოვაციური ქალაქების ჩამონათვალის პირველ ათეულში მოხვდა საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი და სინგაპურის დედაქალაქი სინგაპური. პარიზმა 55 ქულით მე-4 პოზიცია დაიკავა, ამდენივე ქულის მოგროვება შეძლო სინგაპურმაც.

აღსანიშნავია, რომ 500 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქი, თბილისი 32 ქულით 428-ე ადგილზეა. მან რეიტინგში 51 პოზიცია დაკარგა. თბილისის მსგავსად 32 ქულა აქვს მოგროვებული კიდევ 18 ქალაქს, მათ შორისაა ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქი სარაევო და აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო.

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქალაქები (მაქსიმალური ქულა 60):

  1. ტოკიო (იაპონია) ქულა: 59
  2. ლონდონი (გაერთიანებული სამეფო) ქულა: 57
  3. ნიუ-იორკი (აშშ) ქულა: 56
  4. პარიზი (საფრანგეთი) ქულა: 55
  5. სინგაპური (სინგაპური) ქულა: 55
  6. ლოს-ანჯელესი (აშშ) ქულა: 55
  7. ბოსტონი (აშშ) ქულა: 54
  8. სეული (სამხრეთ კორეა) ქულა: 54
  9. სან-ფრანცისკო (აშშ) ქულა: 53
  10. ჰიუსტონი (აშშ) ქულა: 53