მილიონობით ესპანელი ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად საყოველთაოდ გაიფიცა

მილიონობით ესპანელი ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად საყოველთაოდ გაიფიცა

ფოტო: Joan Mateu Parra/ AP

 

ესპანეთის პროფკავშირების განცხადებით, ოთხშაბათს ქვეყანაში მთლიანი სამუშაო ძალის დაახლოებით მეხუთედი, 4 მილიონი ადამიანი საყოველთაოდ გაიფიცა. გაფიცვა, რომელიც მასობრივი დემონსტრაციის პარალელურად მიმდინარეობდა, საბინაო კრიზისს უკავშირდებოდა.

ცუდი ამინდის მიუხედავად, გაფიცულებმა საპროტესტო პიკეტები მოაწყვეს. მადრიდში, ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური მსვლელობები გაიმართა. საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ვადამდელ საყოველთაო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ხდება.

საღამოს ბარსელონაში პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის შეტაკებებიც მოხდა.

დაძაბულობა იყო მადრიდშიც. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცრაზმმა ცენტრალურ მოედანზე შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

პოლიციის მონაცემებით, 21:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 73 ადამიანი დააკავეს. საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით, სულ მცირე, 1,044 ინციდენტი დაფიქსირდა, მათ შორის ოფისებისა და საწარმოო ობიექტების ბლოკირება და ნაგვის კონტეინერების დაწვა.

ცნობისთვის, ეს პირველი საყოველთაო გაფიცვაა 2012 წლის შემდეგ, როდესაც დასაქმებულები ევროზონის ვალის კრიზისის ფონზე გატარებული მკაცრი ეკონომიის ზომების წინააღმდეგ გაიფიცნენ. მიმდინარე აქციას მხარს ესპანეთის ორი უმსხვილესი პროფკავშირი, მშრომელთა გენერალური კავშირი (UGT) და მშრომელთა კომისიები (CCOO) უჭერს. მათ უერთდებიან მოიჯარეთა გაერთიანებები, რომლებიც უკმაყოფილოები არიან ქირის ფასების ზრდითა და ხალხის საცხოვრებლებიდან გამოსახლების ფაქტებით.

პროფკავშირებმა გაფიცვა წარმატებულად შეაფასეს, თუმცა მასში მონაწილეობა ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში არათანაბარი იყო. ყველაზე აქტიური მხარდაჭერა სანაპირო რეგიონებში დაფიქსირდა, სადაც საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა.

ესპანეთის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 750 000 ერთეული საცხოვრებელი სახლის დეფიციტია. პროგნოზის თანახმად, 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი მილიონს გადააჭარბებს.

იმის გამო, რომ საცხოვრებლის შეძენა სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ქირაზე, რამაც აღნიშნულ ბაზარზე მიწოდების დეფიციტი შექმნა. ესპანეთის ახალგაზრდული საბჭოს ინფორმაციით, საცხოვრებლის ქირის საშუალო ფასი €1,176 შეადგენს, რაც ესპანეთში ახალგაზრდების საშუალო თვიური ხელფასის დაახლოებით 98,7%-ს უტოლდება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.