მიმდინარე კვირას მოსალოდნელი ეკონომიკური მოვლენები

მიმდინარე კვირას მოსალოდნელი ეკონომიკური მოვლენები

აშშ-ის ეკონომიკურ კალენდარში საკმაოდ მშვიდ კვირას უნდა ველოდოთ, თუმცა, ცალკეულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ბიზნესების გახსნის გეგმები დაპაუზდა, რაც ინვესტორებისთვის შეშფოთების მიზეზი შეიძლება გახდეს 2020 წლის მეორე ნახევრის დასაწყისშივე. ქვეყანაში პანდემიის ტრაექტორია კვლავ მასშტაბურია, რის გამოც, დასაქმების ბაზარზე დამატებით ზეწოლას ელოდებიან. მიმდინარე კვირას აშშ-ში უმუშევრობის შესახებ მოქალაქეთა განაცხადების ერთი კვირის განახლებულ შედეგებს გაასაჯაროებენ, სადაც გაზრდილ მაჩვენებლებს ელოდებიან. ამ ფონზე, ჯერ უცნობია, კონგრესი გაახანგრძლივებს თუ არა უმუშევრად დარჩენილების დახმარების პროგრამას 31 ივლისის შემდეგაც.

გარდა ამისა, 6-12 ივლისის კვირაში აშშ-ის ხაზინა ნახევარი წლის ანგარიშს წარუდგენს კონგრესს, რომელშიც ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური და სავალუტო პოლიტიკების კუთხით არსებული სიახლეები იქნება მიმოხილული. 

რომ გადავინაცვლოთ ევროპაში, 8 ივლისს ევროკომისია ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გამოაქვეყნებს, სავარაუდოდ ამაზე ისაუბრებენ 9 ივლისის ევროჯგუფის შეხვედრაზეც.

აღსანიშნავია, რომ გერმანია ახლახან ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, ეს ქვეყანა როტაციის პრინციპით მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს ბლოკის ყველა წამყვან მოვლენას, მაშინ როდესაც პანდემიის კრიზისის შედეგად ევროპის ქვეყნები ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგანან. თავად გერმანია კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე ღრმა რეცესიაშია.

მიმდინარე კვირას ევროკავშირის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ 1 ტრილიონი ევროს მოცულობის რამდენიმეწლიან ბიუჯეტზე, ასევე ეკონომიკების აღდგენის ფონდზე და საბოლოოდ ბრექსითის შემდეგ ბრიტანეთთან თანამშრომლობის დეტალები შეათანხმონ. შეგახსენებთ, რომ ბრექსითის მოლაპარაკებები გასულ კვირას მხარეებს შორის შეუთანხმებლობით დასრულდა, რასაც ევროკავშირის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელის მაიკლ ბარნიეს განცხადება მოჰყვა, რა დროსაც მან ბრიტანეთის მთავრობა პროცესში არასაკმარის ჩართულობაში დაადანაშაულა.

ბრექსითის საკითხის პარალელურად, ევროპელ ფინანსთა მინისტრებს ხუთშაბათის შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ ეკონომიკური აღდგენის ფონდთან დაკავშირებით, რასაც მოგვიანებით 17–18 ივლისს დაგეგმილ სამიტზეც განიხილავენ.

რაც შეეხება სტატისტიკურ ეკონომიკურ მონაცემებს, მიმდინარე კვირას, ევროკავშირში და ასევე ცალკე იტალიაშიც რითეილ გაყიდვების მაისის მაჩვენებლები გამოქვეყნდება. ესპანეთში ელოდებიან მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს. კანადასა და შვეიცარიაში კი ცნობილი გახდება ივნისის თვის უმუშევრობის დონე, როგორც მოსალოდნელია, განსხვავებით ამერიკისგან, ამ ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებლები შემცირებული უნდა იყოს წინა მონაცემებთან შედარებით, ვინაიდან „ლოკდაუნის“ შემდეგ ეკონომიკური აქტივობა ნელ-ნელა აღდგა ევროპაში. გერმანიასა და საფრანგეთში მაისის თვის ექსპორტ-იმპორტის მონაცემები გახდება ცნობილი. ასევე მიმდინარე კვირას გავიგებთ იაპონიაში უცხოური სავალუტო რეზერვების ივნისის თვის მონაცემებს, ხოლო რუსეთში მაისის თვის სავაჭრო ბალანსი გამოქვეყნდება.

და ბოლოს ჩინეთი, ივნისის თვეში ამ ქვეყანაში წარმოების პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით აღდგა, ამ კუთხით იმაზე უკეთ განვითარდა მოვლენები, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. ჩინეთში წარმოების მიმართულებით PMI-ს მაჩვენებელი სამთვიან რეკორდულ ნიშნულს 50.9-ს მიუახლოვდა. თუმცა, კვლავ მცირდება ახალი საექსპორტო შეკვეთები, რაც იმის მანიშნებელია რომ უცხოეთიდან მოთხოვნა ჩინურ პროდუქციაზე კვლავ სუსტია. იმის გამო რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები გლობალურად კვლავ მზარდია, ჩინეთი მომდევნო თვეების განმავლობაში ექსპორტის მოცულობის შემცირებას უნდა ელოდოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *