მიქელანჯელოს ნახატს აუქციონზე $33 მილიონად გაიტანენ

მიქელანჯელოს ნახატს აუქციონზე $33 მილიონად გაიტანენ

რენესანსის ეპოქის იტალიელი მხატვრის, მოქანდაკისა და არქიტექტორის, მიქელანჯელოს ნახატს Christie’s-ის აუქციონზე მომავალ თვეში $33 მილიონად გაიტანენ. ხელოვნების ნიმუში მიქელანჯელოს იმ მცირერიცხოვან ნამუშევრებს შორისაა, რომელთაც კერძო პირები ფლობენ.

ნახატი, რომელიც დაახლოებით მე-15 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული, მხატვრის ერთ-ერთ ადრეულ ნამუშევრად მიიჩნევა. ის ასევე იტალიელი ხელოვანის, მაზაჩოს ფრესკის, „ნეოფიტების ნათლობის“ მიხედვითაა შექმნილი. Christie’s-ის სააუქციონო სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მიქელანჯელო წინამორბედი მხატვრების შემოქმედებას გულდასმით სწავლობდა და მათ გამოცდილებას იზიარებდა, ამასთან, საკუთარ ნამუშევრებში რევოლუციური ასპექტები შეჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ მიქელანჯელოს ნახატი საფრანგეთის ეროვნულ საგანძურად იყო მიჩნეული, რაც მისი სხვა ქვეყანაში გადატანის პროცედურას ხელს უშლიდა. ახლახან საფრანგეთის მთვრობამ ნახატს ეს სტატუსი ჩამოაშორა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ კოლექციონერებს საშუალება მისცა, ხელოვნების ნიმუშის შესაძენად შეთავაზებები წარმოადგინონ.

როგორც ცნობილია, ნახატს ჰონგ-კონგსა და ნიუ-იორკში გამოფენენ, ვიდრე ის პარიზში 18 მაისს დაგეგმილ აუქციონზე გაიყიდება.