თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევები და გამოწვევები - ინტერვიუ გიორგი დუღაშვილთან

თანამედროვე სტომატოლოგიის მიღწევები და გამოწვევები - ინტერვიუ გიორგი დუღაშვილთან

სტომატოლოგია მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის, მედიცინის განშტოებაა, რომელიც პირის ღრუს დაავადებების პროფილაქტიკას, მათი გამომწვევი მიზეზების შესწავლას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოიცავს. ბევრი მას მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკებში პრაქტიკულ საქმიანობასთან აკავშირებს, თუმცა ამ სფეროში კვლევების განხორციელება, მათ შორის, ამა თუ იმ პრობლემური საკითხის მულტიდარგობრივ ჭრილში განხილვა და თეორიული ცოდნის დაგროვება  მიმართულების განვითარებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ისევე როგორც მეცნიერების ყველა დარგი, მედიცინა, კონკრეტულად კი  სტომატოლოგია, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა სპეციალისტების მიგნებებისა და ინოვაციების ხარჯზე. ამის მიუხედავად, თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ეს მიმართულება კვლავ დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე. სწორედ ამ გამოწვევების შესახებ, მათთან გამკლავების გზებზე, ასევე სტომატოლოგიაში ბოლო პერიოდის მნიშვნელოვან მიღწევებზე ექიმი-სტომატოლოგი, გიორგი დუღაშვილი გვესაუბრა.

აღსანიშნავია, რომ გარდა პროფესიული საქმიანობისა, გიორგი საგანმანათლებლო სფეროშიც აქტიურადაა ჩაბმული. ის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის (CMS), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის პროფესორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მოწვეული ლექტორია. ამ ყველაფერთან ერთად, 2013 წლიდან, გიორგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიოს უდიდესი სპორტული ორგანიზაცია Special Olympics-ის კლინიკური დირექტორია.

გიორგი, ზოგადი შეკითხვით დავიწყოთ. რა ადგილი უჭირავს სტომატოლოგიას მეცნიერების სფეროში? ყველაზე მჭიდროდ რომელ დარგებთან თანამშრომლობს იგი?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, სტომატოლოგია მხოლოდ კბილების მკურნალობით შემოიფარგლება, თუმცა მისი მოქმედების არეალი გაცილებით ფართოა. მსოფლიოს წამყვან სპორტულ კლუბებში (მოგეხსენებათ, რა კოლოსალური თანხები იხარჯება სპორტსმენებზე) სამედიცინო დათვალიერება იწყება კბილებიდან, მოუწესრიგებელმა პირის ღრუმ შეიძლება მთლიანად დაანგრიოს ჯანმრთელი ორგანიზმი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტომატოლოგიას მედიცინაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი უკავია.

რა გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე მსოფლიოში სტომატოლოგიის დარგი?  მათთან გამკლავების რა გზებს ხედავთ?

ჩემი აზრით, მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკური მხარე. კარგად მესმის, რომ სტომატოლოგიური იმპლანტების ჩასმა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე სხვა სახის მომსახურება – ისეთი, როგორიცაა: ესთეტიკური რესტავრაცია, ენდოდონტიური მკურნალობა, ექსტრაქცია (კბილის ამოღება) და ა.შ., ხშირად ხელმიუწვდომელია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის.

ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალი იქნება სახელმწიფოს მხრიდან მუნიციპალური კლინიკების შექმნა, მით უმეტეს,  რომ ასეთი პრაქტიკა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს.

რომელ მიგნებას ან ინოვაციურ გამოგონებას დაასახელებდით, რომელმაც ბოლო პერიოდში სტომატოლოგიის დარგი მნიშვნელოვნად შეცვალა და განავითარა?

ბევრ მიმართულებაზე შეიძლება საუბარი, თუმცა გამოვყოფდი: ტელესტომატოლოგიას, ვირტუალურ რეალობას (VR), ხელოვნურ ინტელექტს (AI) და 3D ბეჭდვას.

ტელესტომატოლოგია ეხმარება პაციენტს იმის დადგენაში, არის თუ არა   შემთხვევა ნამდვილად გადაუდებელი და საჭიროა თუ არა დაუყოვნებელი ვიზიტი სტომატოლოგთან. წარმოიდგინეთ, თუ როგორ ეხმარება ეს მეთოდი პაციენტებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდული აქვთ გადაადგილება.

ვირტუალური რეალობა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება ყურადღების გაფანტვის მიზნით. მრავალი თვალსაზრისით, ეს არის ფუნქციის გაფართოება, რომელიც ამჟამად შემოიფარგლება სტომატოლოგიურ კაბინეტებში პაციენტის მხედველობის არეში დამონტაჟებული ეკრანით. ვირტუალური რეალობა, სპეციალური სათვალის ან/და ჩაფხუტის გამოყენების მეშვეობით, პაციენტებს აძლევს სხვა რამეზე ფოკუსირების საშუალებას. ბოლო კვლევების თანახმად, ვირტუალურ რეალობას ასევე აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ტკივილის მართვაზე.

რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს, მასში ჩატვირთული ალგორითმი ეხმარება კლინიცისტს სამედიცინო კონდიციის შეფასებაში, მის ანალიზსა და გამოსავლის პოვნაში. ხოლო 3D ბეჭდვის ტექნოლოგიის მეშვეობითა და  კომპიუტერული პროგრამებით ხდება დანაკლისის ან ჩასანაცვლებელი ქსოვილის მოდელირება და უშუალოდ 3D ამობეჭდვა.

გიორგი, კარიერის განმავლობაში არაერთი გრანტი გაქვთ მოპოვებული – რომელ პროექტზე ან პროექტებზე მუშაობას გამოარჩევდით და რატომ? მოგვიყევით მის/მათ  მნიშვნელობასა და შედეგებზე.

შემიძლია გამოვყო პროექტი, რომელიც განხორციელდა ევროკომისიისა და გენტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მას შემდეგ, რაც მოვიპოვე ევროკომისიის გრანტი ამ კვლევის განსახორციელებლად.

მიზანს წარმოადგენდა დადგენა, შეიძლება თუ არა გამოყენებულ  იქნას ტკივილის შეფასების უნივერსალური სკალა, როგორც დამატებითი საზომი სადიაგნოსტიკო ერთეული. კვლევა ჩატარდა საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციური ტკივილის შესახებ მონაცემების შეგროვების მიზნით და სახისა და პირის ღრუს მიდამოში არსებული ტკივილის დონის შესაფასებლად, რომელიც დაკავშირებულია საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციასთან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შეზღუდული სამედიცინო კომუნიკაციის უნარი, როგორც მოზარდებში, ასევე გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებში.

არსებულ პროექტში, ყბის სახსრის შესაძლო ფუნქციური ტკივილის კლინიკური ქულები შეგროვდა მიზნობრივად მომზადებული სტომატოლოგების მიერ ტკივილის უნივერსალური შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა მიუთითონ ტკივილის სიმძიმე ვიზუალურ სკალაზე ყბის სხვადასხვა მოძრაობის დროს (გახსნა, დახურვა და გვერდითი) მოწყვლად, მათ შორის შეზღუდული კომუნიკაციის უნარის მქონე პაციენტებში, იმისათვის, რომ კლინიცისტებს საშუალება მიეცეთ, უფრო ხშირად გაიარონ კონსულტაცია სპეციალიზებულ – ტკივილის მართვის ჯგუფთან. ზემოთ აღნიშნული იძლევა ადრეული ჩარევის და, რაც მთავარია, მდგომარეობის განვითარების პრევენციის საშუალებას.

კვლევის შედეგების თანახმად, ტკივილის შეფასების უნივერსალურმა სკალამ აჩვენა, რომ ის შეიძლება იყოს სასარგებლო, დამატებითი ინსტრუმენტი ყბის სახსრის ფუნქციური ტკივილის არსებობის გამოსავლენად, რომელიც შესაძლოა, ასოცირდებოდეს საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციასთან. ასევე, ის წარმოადგენდეს ეფექტიან ინსტრუმენტს ტკივილის ინტენსივობის შეფასებისთვის მოწყვლად პაციენტებში.

ამჟამად რომელიმე პროექტში/კვლევაში ხომ არ ხართ ჩაბმული? მოგვიყევით მის/მათ შესახებ – რა საკითხს შეისწავლით? რა შედეგებზე გსურთ გასვლა? ასევე, როგორ ფიქრობთ, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ შედეგებს დარგისთვის?

გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და სტომატოლოგიური საქმიანობისა, მე ასევე ვქმნი ელექტრონულ კომპოზიციებს, რომლებიც ქვეყნდება სხვადასხვა უცხოური ჩამწერი სტუდიების მიერ. ჩემი არაერთი ელექტრონული კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესოთა ათეულში. ასევე ვთანამშრომლობ მსოფლიოში ცნობილ ელექტრონული მუსიკის არტისტებთან. მუსიკას მოვუძებნე როლი სტომატოლოგიაშიც და შევეცადე, ის პირდაპირ დამეკავშირებინა მასთან.

ნეიროპეპტიდი, სახელწოდებით ბეტა-ენდორფინი (beta-EP) გადამწყვეტ როლს ასრულებს ტკივილის მართვაში. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, კლასიკური მუსიკის საპირისპიროდ, beta-EP-ის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ტექნომუსიკის მოსმენის შემდეგ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ჩემს ინტერესს წარმოადგენს კლინიკური კვლევის ჩატარება, რომელიც იმის დადგენას ისახავს მიზნად, თუ რა როლი უკავია ტექნოჟანრის ელექტრონულ მუსიკას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციური ტკივილის მართვასთან მიმართებით. ამ კვლევასთან დაკავშირებით უკვე შემუშავებული მაქვს სპეციალური პროტოკოლი, რომელიც თეორიულად გამყარებულია შესაბამისი ლიტერატურით.

გიორგი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიოს უდიდესი სპორტული ორგანიზაცია Special Olympics-ის კლინიკური დირექტორი და წარმომადგენელი ხართ საქართველოში, პროფესიული კუთხით შშმ პირებთან კომუნიკაციის დიდი გამოცდილება გაქვთ – რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული და მსოფლიო მედიცინა, კერძოდ კი სტომატოლოგიის დარგი ამ მიმართულებით?

ექიმებისთვის სირთულეს წარმოადგენს ტკივილის მართებული და სანდო შეფასების მიღება იმ პირებისგან, რომლებსაც არ შეუძლიათ თვითრეპორტირება. შშმ პირებს  შესაძლოა, ახასიათებდეთ უუნარობა, ეფექტიანად მიაწოდონ ტკივილთან დაკავშირებული ინფორმაცია ექიმს. ამ საკომუნიკაციო ბარიერის გამო, რთულდება სწორი დიაგნოზის დასმა, რის შედეგადაც მკურნალობა არასწორად ტარდება ან საერთოდ არ ტარდება. აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს არასახარბიელო პროგნოზი. ქცევისა და სახის გამომეტყველების ცვლილებები, ჩვეულებრივ, ერთადერთი გზაა ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სიტყვიერად გადმოსცენ თავიანთი წუხილი. ამ შემთხვევაში, ტკივილი უნდა შეფასდეს ქცევითი ნიშნების მეშვეობით.

შშმ პირებში, ხშირად, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების არსებობის შემთხვევაში,  ტიპური ინდიკატორები, როგორიცაა ტირილი, გრიმასა, არტერიული წნევის მომატება ან ტაქიკარდია შეიძლება არ იყოს გამოხატული. შედეგად, ძნელია იმის დადგენა, განიცდის თუ არა ადამიანი ტკივილს. გარდა ამისა, ზოგიერთი მიმართავს თვითდაზიანებას, რაც ექიმმა შეიძლება გაიგოს როგორც ტკივილისადმი უგრძნობლობა. სინამდვილეში, ასეთი ქმედება შეიძლება იყოს რეაქცია ტკივილზე. ამ ყოველივედან გამომდინარე, პაციენტების შეზღუდული ექსპრესიული კომუნიკაცია ურთულებს კლინიცისტებს სამედიცინო კონდიციის სწორ იდენტიფიცირებას.

შშმ პირებსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის ასპექტებში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ჩემს ამერიკელ კოლეგასთან ერთად, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მოვახდინეთ შშმ პირებისათვის დროული და სწორი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით ჯანმრთელობის პასპორტის როლსა და მნიშვნელობაზე პასპორტიზაციის თემის ინიცირება. აღნიშნული საკითხის სრულფასოვანი იმპლემენტაცია სრულყოფილს გახდიდა შშმ პირებთან კომუნიკაციას, მათთვის პროფილაქტიკური მომსახურებისა და მკურნალობის ჩატარებას.

როგორ ფიქრობთ, რამდენად არის მორგებული შშმ პაციენტებზე ქართული სტომატოლოგიის სტანდარტები? (ტექნოლოგიური, პრაქტიკულ-თეორიული ცოდნის თვალსაზრისით) ამ მიმართულებით რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ გესახებათ მათთან გამკლავების გზები?

არსებული კლინიკების უმრავლესობა არ არის შესაბამისად სრულად მოწყობილი შშმ პირთა მომსახურებისთვის. ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინება პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვან  ფაქტორს წარმოადგენს და აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც ამუშავებს გეგმარებისა და განაშენიანების პროექტებს.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთებაა საჭირო, რომ მედიცინის და კონკრეტულად სტომატოლოგიის მიმართულებით მსოფლიოს განვითარებას ფეხი ავუწყოთ?

პირველ რიგში, საჭიროა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამისა (კურიკულუმი) და პრაქტიკული სწავლების ბაზის განვითარება, სადაც მომავალი ექიმი იღებს იმ ცოდნას, რომლის საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბდეს როგორც პროფესიონალი. ამ მიმართულებით აღსანიშნავია უნივერსიტეტები, რომლებიც მუდმივად განვითარებისა და განახლების პროცესში არიან. ესენია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (GRUNI), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU), ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი (TSU). თვითონ ვასწავლი ამ დაწესებულებებში როგორც ინგლისურენოვან, ასევე ქართულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვხედავ სასიკეთო ძვრებს.

შესაძლოა, უკვე გსმენიათ გაფართოებული რეალობის შესახებ, მას სოციალური მედიის აპლიკაციები იყენებენ. მაგალითად, ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც Snapchat-ი იყენებს თქვენს სახეზე ფილტრების დასადებად, მაგრამ გაფართოებულმა რეალობამ თავისი ადგილი ასევე პოვა სტომატოლოგიაშიც – როგორც საგანმანათლებლო, ასევე კლინიკური მიზნებისთვის. მაგალითად, დენტსიმის სიმულატორი აწყვილებს გაფართოებულ რეალობას მანეკენთან. მოსწავლეებს შეუძლიათ, პროცედურების შესრულებისას მიიღონ მყისიერი უკუკავშირი, ეს ეხმარება მათ, სწრაფად ამოიცნონ, სად უნდა გააუმჯობესონ და განავითარონ თავიანთი უნარები ამ პროცესში.

რაც შეეხება პროფესიონალად ჩამოყალიბებას, მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც მუდმივად ვითარდება ყველა დარგი და, რა თქმა უნდა, მედიცინაც. შესაბამისად, საჭიროა არა მარტო მულტიდარგობრივი ცოდნა, არამედ ყველა სამეცნიერო სიახლეების საქმის კურსში ყოფნა, რასაც მე მუდმივად ვაკეთებ. ეს არის ჩემი, როგორც ამ დარგის პროფესიონალის, წესი და იმავეს ვურჩევდი ყველა დამწყებ სტომატოლოგს, რომ მათი მომსახურება ყოველთვის მოთხოვნადი იყოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *