მის პატის ნამცხვრები

მის პატის ნამცხვრები

79 წლის პატი ლაბელი არ უსაქმურობს თავისი საავტორო შემოსავლების მიუხედავად. ის თავის მუსიკალურ შემოსავალს PATTI’S GOOD LIFE-ის განვითარებისთვის იყენებს, რომლის ტკბილი კარტოფილის ღვეზელები და Mac n’cheese-ი დღეს Walmart-ის ბესტსელერებია.

თქვენ ალბათ იცნობთ პატი ლაბელს, როგორც Lady Marmalade-ის ხმას. ან შესაძლოა, როგორც ვარსკვლავ სოლოშემსრულებელს, რომელმაც 1990-იან წლებში „გრემის“ ორი ჯილდო მოიპოვა. ალბათ გახსოვთ მისი ხანმოკლე, 1992 წლის სიტკომი Out All Night-იც. მაგრამ რაც თქვენ სავარაუდოდ არ გეცოდინებათ, ისაა, რომ სოულის ნათლიდედა კარტის ოსტატია.

„მე ის გუშინ ღამით გავანადგურე“, – ამბობს იგი Pitty Pat-ის ნაშუადღევის რაუნდის დროს და თავის ბიზნესპარტნიორ ჩარლზ სუიტსზე მიუთითებს. ის ხვეტს მის სამზარეულოს დახლზე მიმოფანტულ ნაღდ ფულს და ამატებს ოც-, ათ- და ხუთდოლარიანი კუპიურებით სავსე ჩანთას.

ლაბელი მხოლოდ კარტის მაგიდას არ ასუფთავებს: ის ასევე წარმატებულია, როგორც მეწარმე. თხუთმეტი წლის წინ მან მშობლიურ ქალაქ ფილადელფიაში ცხარე საწებლების გასაყიდი ხაზი Patti’s Good Life-ი წამოიწყო. მას შემდეგ ის სასუსნავების მთელი არმიით გაფართოვდა: ატმისა და ტკბილი კარტოფილის ღვეზელი, ქათამი და ორცხობილა, Mac n’cheese-ი. ყველა კერძი ლაბელის რომელიმე რეცეპტს ეფუძნება. Voulez-vous manger avec moi? დიახაც რომ: მთლიანმა გაყიდვებმა გასულ წელს თითქმის $200 მილიონს მიაღწია. ესაა საავტორო ანაზღაურების გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაბელი უხდის ქარხანას მისი პროდუქციის გამოსაცხობად, შემდეგ კი ყიდის მას ამერიკის უმსხვილეს სასურსათო მაღაზიებში, მათ შორის Target-სა და Walmart-ში; მხოლოდ ამ უკანასკნელმა $85 მილიონი მოიტანა. საბოლოოდ, Patti’s Good Life-ს შარშან დაახლოებით 10%, ანუ $20 მილიონი შემოსავალი ჰქონდა. ლაბელი და მისი ვაჟი ამჟამად ფლობენ კომპანიის 100%-ს, თუმცა ამბობს, რომ გარე კაპიტალს გაშლილი ხელებით მიესალმება.

COURTESY WALMART

„ხალხი ჩემზე ფიქრობს, როგორც მზარეულზე, ვინც მათ ხარისხიან საკვებს მიაწვდის, – ამბობს ის. – და მე ჩემს სახელს არაფერზე დავაწერ, თუ ის 110%-ით სრულყოფილი არაა“.

ლაბელი ერთ-ერთია 200 ახალ სახეს შორის Forbes-ის მესამე ყოველწლიურ „50 50-ს გადაცილებულებში“, რომელიც 50, 60, 70 ან მეტი წლის ძლევამოსილ ქალებს წარმოგვიდგენს. წლევანდელი რეიტინგი, რომელიც შედგენილია Morning Joe-ს თანაწამყვანთან, მიკა ბჟეზინსკისთან და მის Know Your Value-ინიციატივასთან ერთად, ამ დიდ სიმაღლეებზე მფრინავ ქალებს ოთხ კატეგორიად ყოფს: გავლენა, ინვესტიცია, ინოვაცია და ცხოვრების წესი. ის სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე: forbes. com/50over50.

ლაბელმა კერძების მომზადება 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა თავისი საფირმო პიკანტური კეტჩუპის მოსამზადებლად საოჯახო ავტოფარეხში გადაბარგდა. მას უკან არასდროს დაუხევია. მთელი თავისი საშემსრულებლო კარიერის განმავლობაში ის ამზადებდა ელტონ ჯონის, პრინცისა და„ როლინგ სტოუნზისთვის“, და იქამდეც მიდიოდა, რომ ფოლგის ლანგრებს თავისი სახელით ნიშნავდა, რომ პატი ლაბელის საჭმელი სხვა ქეითერინგში არავის შეშლოდა. მისი პირველი კულინარიული წიგნი 1999 წელს გამოიცა. „ჩემი მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ: ’რატომ არ ხსნი რესტორანს ან არ იწყებ კვების საკუთარ ხაზს?’“ – ამბობს ის.

2003 წელს მან ტანსაცმლის საცდელი გაყიდვა ჩაატარა Home Shopping Network-ზე, მაგრამ უკმაყოფილო დარჩა ტანსაცმლის ხარისხით, და ამ საქმეს უბრალოდ გული ვერ დაუდო. გამოცდილებამ ასწავლა მას, რომ ურჩევნია, მთლიანად ფლობდეს ბიზნესს, ვიდრე მესამე მხარისთვის უბრალოდ სახელისა და პერსონალური ბრენდის ლიცენზია გასცეს.

Patti’s Good Life-ისთვის ის, პირიქით, პრაქტიკულად აკვიატებულად მუშაობს. თავის სამზარეულოში იწვევს საწარმო მზარეულებს, რათა ანახოს, თუ როგორ ამზადებს საჭმელს, შემდეგ კი პროდუქტს ათჯერ ან ოცჯერ ამოწმებს. დეტალებზე ყურადღება ამართლებს: როდესაც მან 2015 წლის შემოდგომაზე Walmart-ში Patti’s Good Life-ის ტკბილი კარტოფილის ღვეზელი გამოუშვა, ის YouTube-ზე ვირუსულად გავრცელდა და მადლიერების დღესასწაულამდე სამდღიან ინტერვალში წამში ერთი ღვეზელი იყიდებოდა.

„დღეს კი ჩვენ ვყიდით ხუთჯერ მეტ ტკბილი კარტოფილის ღვეზელს, ვიდრე ვყიდდით მანამ, სანამ პატის ტკბილ კარტოფილის ღვეზელს გამოვუშვებდით“, – განუცხადა Walmart-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დაგ მაკმილონმა Forbes-ს ელექტრონული ფოსტით. მაკმილონი პროდუქციის პოპულარობას ვარსკვლავის მკაცრ ზედამხედველობას მიაწერს და აღნიშნავს, რომ ის პირადად ეწვია Walmart-ის მაღაზიებს, რათა კითხვები დაესვა მომხმარებლებისა და გამყიდველებისთვის იმის შესახებ, თუ რისი ხილვა სურთ Patti’s Good Life-ისგან. ლაბელს ესმის „ინოვაციისა და მუდმივი გაუმჯობესების საჭიროება“, – ამბობს ის.

ის აგრძელებს გაფართოებას. გეგმავს ღვინის ხაზის გაშვებას ამ წლის ბოლოს: მისი ფავორიტი მაღალი კლასის ბოთლების მიხედვით მოდელირებული როზე, სოვინიონ ბლანი და კაბერნეა – მაგრამ ღირებულების ერთი მეხუთედით. და ის ცდილობს, გაიზარდოს Patti’s Good Life-ის გაყინული საუზმის ხაზით, რომლის დებიუტი გასულ ზაფხულს შედგა ბლინებითა და ვაფლებით და მალე შაქრიანი დიაბეტისთვის განკუთვნილ სიროფს დაიმატებს.

„ჩემი კულინარია ისეთ ადგილებს მიაღწევს, რასაც ჩემი სასიმღერო კარიერა ვერ შესწვდა“, – ამბობს ის.