ეპიკურელი ინდიანა ჯონსის მსგავსად, როდრიკ მარკუსი მაღალი კლასის ჩაის ეძებს, ასევე სხვა ეგზოტიკურ ინგრედიენტებს მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულებისთვის და საუზმედ ტრიუფელის ბურბუშელას მიირთმევს.
როდესაც მისმა ყველგანმავალმა უფრო ღრმად შესვლა გაბედა ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მოშორებულ კუთხეში, რომელიც ცნობილია, როგორც ქათმის კისერი, როდრიკ მარკუსმა შეამჩნია, რომ მისი უსაფრთხოების დაცვა გაძლიერდა. ადგილობრივმა გიდმა განმარტა, რომ ეს იყო უკომპრომისო მესამე მსოფლიო, ისეთი ადგილი, სადაც “ნებისმიერ მომენტში მოვლენები შეიძლება რაღაც არანორმალურში გადაიზარდოს”. უფრო მეტი ყველგანმავალი გამოჩნდა და, როდესაც ბადრაგი საბოლოოდ მამულთან გაჩერდა, ორმოცი შეიარაღებული კაცი ავტომობილებიდან გადმოვიდა. ის შიგნით შეიყვანეს. მისთვის დამახასიათებელი მთლიანად შავი ანსამბლით – კოსტიუმი, პერანგი და გულის ჯიბის ცხვირსახოცი ყოველთვის ერთმანეთთან შეხამებულია – უკან გადაწეული თმით, ერთი დღის მოვლილი წვერითა და Mykita-ს სათვალით, მარკუსი ბირთვული იარაღის დილერივით გამოიყურებოდა სინამდვილეში იგი აქ მხოლოდ ჩაისთვის იყო მოსული. ძალიან ეგზოტიკური ჩაისთვის.
ნაწილობრივ ინდიანა ჯონსი, ნაწილობრივ ვილი ვონკა, 42 წლის მარკუსი ამერიკის საუკეთესო რესტორნებს თავიანთი, (ჯეიმს ბირდის ჯილდოს მქონე) სამზარეულოს რეპუტაციის შენარჩუნებაში ეხმარება იმით, რომ მსოფლიოს უიშვიათესი ინგრედიენტების იმპორტირებას ახდენს. თავისი მაღალი კულინარული ხელოვნებისთვის მთელი ქვეყნის პატივცემული შეფ-მზარეულები, – მათ შორის, ტომას კელერი და ვოლფგანგ პაკი – კრეატიულობის შესანარჩუნებლად მის ეგზოტიკურ საქონელს იყენებენ. ყოველ მენიუში, რომელიც გრანტ-აჩატცს ოდესმე შეუთავაზებია თავის სამი მიშლენის ვარსკვლავის მქონე ჩიკაგოს რესტორან Alinea-ში, გამოყენებული იყო დელიკატესები მარკუსის არსენალიდან. ექვს თვეში ჩიკაგოში Madame Zuzu’s Teahouse-ის (მადამ ზუზუს ჩაიხანა) გახსნის შემდეგ, Smashing Pumpkins-ის წამყვანმა ვოკალისტმა, ბილი კორგანმა, მარკუსი თავის ექსკლუზიურ მიმწოდებლად აქცია.
უსახური ქუჩის კუთხეში, რკინიგზის ლიანდაგთან, ჩიკაგოს ერთ-ერთ უბანში, რეივენსვუდში მდებარე მარკუსის იშვიათი ჩაის სარდაფი მთელი მსოფლიოდან მოზიდული საკვები პროდუქტების უდიდესი საოცრებებით სავსე პატარა საწყობს წარმოადგენს. თითისებური ლაიმები ახალი ზელანდიიდან, ლიმონის ქერქი – სწორედ იმ სახეობის, რომელიც მხოლოდ ეგვიპტის პირამიდებთან იზრდება, საფირონის მარილი ჰიმალაიდან, თაფლის ტრიუფელები უნგრეთიდან, ორთავთავიანი ეფედრა ოკინავიდან, ხის ფისი მაროკოდან, ზურმუხტისფერი ფსტა სიცილიიდან, წიწაკის მარცვლები ტასმანიიდან და ჩაის 450 სახეობა – იმპერატორის კერძო მარაგიდან, ჰიმალაის ოცნების ($8000-ად ერთი კილო) ჩათვლით, რომელიც მხოლოდ სავსე მთვარის შუქზე დაკრეფილი ჩაის საუკეთესო ფოთლებისგანაა დამზადებული.
ეპიკურეული ეროტიზმი, გრძნობების ღრმა აგზნება არის ის, რასაც მარკუსი მომხმარებელს სთავაზობს მას შემდეგ, რაც, 2005 წელს, სარდაფი გახსნა. თავდაპირველად ის ექსპერიმენტებს ჩაის შერევაზე ატარებდა – ფოთლებს ბურბონის კასრებში აძველებდა, ხან ისეთ ძლიერმოქმედ ინგრედიენტებს ურევდა, როგორიცაა კაკაოს გაფცქვნილი მარცვლები ან ციტრუსის ქერქი – მაგრამ მისი ბიზნესი მაშინ ამოქმედდა, როდესაც ადგილობრივმა მზარეულებმა დახვეწილი დანამატების განცალკევებით მოთხოვნა დაიწყეს, რათა თავიანთი საკუთარი კერძების მომზადება შეძლებოდათ. ახლა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მდებარე 1200 რესტორანი და სასტუმრო მისი მაღაზიიდან 1600 ინგრედიენტს ყიდულობს 4000-ზე მეტი პროდუქტის წვდომით,
“ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელთანაც ვმუშაობ, იცის, რომ მე ყოველთვის მინდა ის, რაც ჩამონათვალში არ არის”, – ამბობს მარკუსი თავის ინგრედიენტებზე, რომლებიც ხანდახან შავი ბაზრის საქონელს ჰგავს. “საინტერესოა ჩაის მოძიება მოშორებულ ადგილებში, ბევრ უბანზე, მაგრამ ამავე დროს, თუ ის რაღაც საშინელის ჩრდილშია მოქცეული, მე მისი ხელის ხლება არ მინდა, – თითქმის ისე, როგორც სისხლიანი ალმასების”.
“ის მზარეულებისთვის პოულობს ისეთ მასალებს, როგორსაც სხვა ვერავინ იპოვის”, – ამბობს კერტი დაფი, Grace-ის მზარეული და მესაკუთრე ჩიკაგოში, რომელიც წელს ორი მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოვდა. “არ არსებობს ინგრედიენტი, რომელზეც არ შემიძლია ვუთხრა როდს, ‘შეგიძლია ჩემთვის ეს იშოვო ან სხვას აშოვნინო?’ ორი დღის, ერთი კვირის შემდეგ, მას ის ნაპოვნი აქვს და არა მარტო ნაპოვნი, ინგრედიენტი, სავარაუდოდ, საუკეთესო ხარისხის იქნება მათ შორის, რისი შოვნაც კი შეიძლება”. დაფის მოსწონს ნარჩევი კერძების შეკმაზვა ერთი წვეთი მარკუსის არგანის ზეთით, ძვირად ღირებული და უჩვეულო პროდუქტით: თხები არგანის კაკლებს ჭამენ და ინელებენ, რაც არბილებს ნაჭუჭებს, რომელთა გატეხაც თითქმის შეუძლებელია. შემდეგ თხები მათ გამოყოფენ. დამმუშავებლები ნაკელს გადაარჩევენ და დარბილებულ კაკლებს ზეთად აქცევენ.
მარკუსს საუკეთესო ზაფრანისთვის დუბაის ბაზრების ფსკერი აქვს გამოკვლეული. მან, ორეგონში, მალფუჭებადი ძირნაყოფას მოპოვებისთვის ინდიელების ბელადისგან ნებართვა მიიღო. ერთხელ ის Moto-ში შევარდა, ჩიკაგოს მოწინავე მოლეკულარული გასტრონომიის რესტორანში, Zero Halliburton-ის ფოლადის ჩემოდნით, რომელიც მაჯაზე ხელბორკილით ჰქონდა მიმაგრებული. ის სამზარეულოს მაგიდაზე დადო და ამოიღო 1,75-ფუნტიანი ტრიუფელი ავსტრალიიდან, რომელიც $7000 ღირდა.
მზარეულებმა გიგანტური ტრიუფელი ბურბუშელად დათალეს და იმ საღამოს ოფიციანტს მასიური სოკო ყველა სტუმართან დემონსტრაციულად და შეუზღუდავი რაოდენობით გამოჰქონდა.
გსურთ უფრო მაღალი ხარისხის ჩაი, ვიდრე ინგლისის დედოფალი სვამს? მარკუსი იმპერატორის დაძველებულ კიმუნს გთავაზობთ. გინდათ ფული ამაზე მეტად გაფლანგოთ? იშვიათი ჩაის სარდაფს აქვს 1949 წლის ვინტაჟური პუერის ჩაი, რომლის ერთი დაწნეხილი ნაჭერი $30 000-ად იყიდება. ზოგიერთი რამე, მაგალითად, ამბრის ნაჭერი (ანუ ვეშაპის ექსკრემენტი), რომლის გაყიდვაც სინამდვილეში კანონით ისჯება, მას მხოლოდ საჩვენებლად გამოაქვს. მან კაკლის ზომის გამხმარი გუნდა იყიდა ბიჭისგან, რომელმაც ის ინგლისში, ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე იპოვა. “მე არ მინდა ასეთი რამეების კონტრაბანდა”, – ამბობს მარკუსი.
ჰაილენდ-პარკში, ილინოისში გაზრდილი მარკუსი ყოველთვის გრძნობდა “ამ მართლაც ძლიერ კავშირს საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან”. ვერმონტის უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიაში ხარისხით, დამთავრების შემდეგ ის დახვეწილი საქონლის მიმართ თავის გატაცებას მიეცა და მოკრძალებული ბიზნესი წამოიწყო: ღვინოსა და სიგარებს თავისი მანქანიდან ყიდდა. მან თავისი მომხმარებლებისა და პროდუქტების ქსელი ინტერნეტის მეშვეობით მალე გააფართოვა.
მაგრამ მას წარუმატებლობის წლები დასჭირდა, რომ ცვალებადი ბაზარი აეთვისებინა: “მე თითქმის ათჯერ, თხუთმეტჯერ გავკოტრდი”. მარკუსი ხშირად მოკრძალებულ ხელფასს იღებდა და, როდესაც გაჭირვებული დრო დგებოდა ან ბაზარი ვარდნას განიცდიდა, ის თავისი შემოსავლის 90%-ს ბიზნესში აბრუნებდა. მას უწევს მესამე მსოფლიოს ქვეყნებზე დაყრდნობა, რომლებშიც ვერაფერი მოიფიქრეს იმის გარდა, რომ ძვირად ღირებული მალფუჭებადი საქონელი პოლიეთილენის პარკით ან თხელი მუყაოს ყუთით გამოგზავნონ. მას იმის იმედად ყოფნა უწევს, რომ მზარეულები, რომლებსაც ის უზრუნველყოფს, დამოუკიდებლები იქნებიან და ბიზნესში დარჩებიან. ეს ყველაფერი აზარტული თამაშია. “ჩემი ბიზნესის ზრდის გათვალისწინებითაც კი შესაძლოა, მე უკანასკნელი ადამიანი აღმოვჩნდე, ვისაც ფულს გადაუხდიან. უფრო მნიშვნელოვანია ბიზნესის ზრდა და ნაკადის შენარჩუნება, ვიდრე ფულის ამოღება”.
ახლა, ბოლოს და ბოლოს წარმატებული მარკუსი ცდილობს თავისი, როგორც დახვეწილი გემოვნების მქონე ადამიანის იმიჯი შეინარჩუნოს. თავისუფალ დროს ის იბერიული შებოლილი შაშხის ფეხების გამოჭრაში ვარჯიშობს. ის უპირატესობას ბურგერში ძვლის ტვინთან ერთად გატარებულ ხორცს ანიჭებს, ხოლო ტრიუფელის ბურბუშელის დასამზადებელი ხელსაწყო ყოველთვის თან დააქვს, რადგან მას უყვარს, რომ “ყველაფერს მოაყაროს ისინი”.
მარკუსი თავის სარდაფში საკუთარ პროდუქტებს ერთმანეთში ურევს – მაგალითად, იშვიათი მცენარეებისგან დამზადებულ მწარე სასმელებს. ნეგრონით გატაცებული და შთაგონებული მარკუსი Boyd&Blair-თან თანამშრომლობდა, რათა ამ ზაფხულს, 25 ინგრედიენტისგან დამზადებული თეთრი ბალზამის ვერმუტი გამოეშვა. ის იმედს ამყარებს, რომ ეს ქმნილება ჩიკაგოს კოქტეილების სამყაროს მნიშვნელოვნად შეცვლის. ის ელოდება მთავრობის ნებართვის გაცემას ამ ალკოჰოლურ სასმელზე, რომლის ერთი წვეთი, როგორც ის აცხადებს, ნებისმიერი დაბალი ხარისხის ლიქიორს გემრიელ ექსკლუზიურ კოქტეილად აქცევს. “ეს ნამდვილად ყველაზე დიდი რამ არის, რასაც კი ოდესმე შევხებივარ”, – ამბობს ის.
მაგრამ ინგრედიენტების ბაზარს ის ყოველთვის სწორად ვერ აფასებდა. მისი გამომშრალი საზამთროს ფხვნილი, მაგალითად, “ცარცისებური” იყო და სულაც არ ჰგავდა საზაფხულო აფეთქებას, როგორც ის ვარაუდობდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოყვანილი ძროხის ხორცის (ბასტურმის) ჩაი “საინტერესო” იყო, მან მისი გაყიდვა ვერ შეძლო. “არსებობს ისეთი რამეები, რაც მართლაც ხელმისაწვდომია და არსებობს ისეთი რამეებიც, რომლებიც შეიძლება გარკვეული დახვეწილი გემოვნებისთვის მეტისმეტად აღმაშფოთებელი იყოს, მაგრამ ისინი თქვენ გამოსაღვიძებლად საუკეთესო გზას წარმოადგენენ. მე მათ ვეძახი ‘F.U. ინგრედიენტებს’. ეს ჰგავს ინგრედიენტს, რომელსაც მენიუში ასე აღწერთ: იმის მაგივრად, რომ გამოიყენოთ პეკანი, თქვენ იყენებთ გარეული ჰიკორის კაკლებს, რომლებიც ათჯერ უფრო ძვირია, იმიტომ რომ მათ დამტვრევას ოთხი საათი სჭირდება”.
თუმცა, მეორე მხრივ, როდრიკ მარკუსი რევოლუციური საკვების მიმართ ინტერესისთვის ცხოვრობს. “ეს ერთ-ერთი ისეთი რამეა, რასაც მენიუში წერთ და ხალხი კითხულობს, ‘ნუთუ ეს ნამდვილია?’ ან “ნეტა, როგორ მოიპოვეს ეს?’ მე მიყვარს ასეთი რამეები. თითოეული მენიუ, რომელშიც არის პატარა რამ, რაც მას გამოარჩევს ან უცნაურობას მიანიჭებს – უბრალოდ ჯადოსნურია”
(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)