მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 21,000-ს გადააჭარბა

მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 21,000-ს გადააჭარბა

6 თებერვალს, თურქეთ-სირიის საზღვართან მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 21,000-ს აჭარბებს.

კატასტროფიდან მეხუთე დღეს, ოფიციალური პირებისა და მედიკოსების მიერ გაკეთებული ბოლო განცხადებებით, თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 17,674-ს უტოლდება, სირიაში კი 3,377 ადამიანია გარდაცვლილი.

თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, შვიდ სხვადასხვა პროვინციაში თითქმის 3,000 შენობა ჩამოინგრა, მათ შორის საჯარო საავადმყოფოები. მალათიის პროვინციაში მე-13 საუკუნის ცნობილი მეჩეთი ნაწილობრივ დაზიანდა.

თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება და მეხანძრე-მაშველების ჯგუფი არაერთმა ქვეყანამ გაგზავნა. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი თურქეთს 1.78 მილიარდ დოლარს გამოუყოფს. გარდა ამისა, აშშ დაზარალებულ ორივე ქვეყანას 85 მილიონი დოლარის დახმარებას გაუგზავნის. ასევე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოყოფს დამატებით 3 მილიონ გირვანქა სტერლინგს სირიაში სამძებრო-სამაშველო ოპერაციებისა და გადაუდებელი დახმარების მხარდასაჭერად.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველომ 1 მილიონი ლარი გამოყო. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

შეგახსენებთ, პირველი, 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის გაზიანთეპის პროვინციის არეალში ორშაბათს, თბილისის დროით 05:17 საათზე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი კიდევ ერთი, 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტო AHAD-ის ცნობით, ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თითქმის 650 ბიძგი დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *