ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ

ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა პარიზის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადონ

გასული თვის ბოლოს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დაშვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, მათ საკუთარი დროშის ქვეშ ასპარეზობის უფლება არ მიენიჭებათ. IOC-ის გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანამ გააპროტესტა, კვირის დასაწყისში კი, პარიზის მერმა ან იდალგომ განაცხადა, რომ ის არ არის მომხრე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე დაშვების „ვიდრე არის ომი, რუსული აგრესია უკრაინის მიმართ“.

ამ განცხადებამდე იდალგო აღნიშნავდა, რომ ის სპორტულ ღონისძიებაში ზემოხსენებული სახელმწიფოების სპორტსმენების დამოუკიდებელ ოლიმპიელთა სტატუსით ასპარეზობას მხარს დაუჭერდა. როგორც ჩანს, პარიზის მერზე გავლენა ქვეყანათა ნაწილის წინააღმდეგობამ იქონია.

ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რუსებისთვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მიეცათ, „მორალურად გასაკიცხი“ ნაბიჯი იყო. ამის პარალელურად, თითოეული ქვეყანა ღონისძიების ბოიკოტით დაიმუქრა.

პოლონეთის სპორტის მინისტრმა, კამილ ბორტნიჩუკმა გასულ კვირას Reuters-ს განუცხადა, რომ 30-40 ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი, ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად ემზადება.

როგორც Politico იტყობინებოდა, ადრე აშშ-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოლიმპიადიდან მოკვეთას, თუ „აბსოლუტურად ცხადი“ არ იქნებოდა, რომ ისინი თავიანთ ქვეყნებს არ წარმოადგენენ.

დაახლოებით ერთი წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სპორტული ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა რუს და ბელარუს სპორტსმენებს მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა აუკრძალა. ორგანიზაციების ნაწილი კი დღემდე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ინდივიდუალურად სპორტსმენების ამ სახით დასჯა გაუმართლებელია.

ამის მაგალითს წარმოადგენს აშშ-ის ღია პირველობის (US Open) ხელმძღვანელების მიერ გასულ წელს გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი შეშფოთებულები არიან „ცალკეული სპორტსმენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამო მათი მთავრობების ქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე“.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ ბოლო წლებში რამდენიმე სანქცია დაწესდა. მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ აღმოაჩინა მტკიცებულება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგის პროგრამის შესახებ, რომელშიც 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მონაწილე რუსი სპორტსმენები იყვნენ ჩართულნი. მოგვიანებით დადასტურდა, რომ რუსული ლაბორატორიები დოპინგის ტესტის შედეგებით მანიპულირებდნენ. ამის გამო, 2016 წლიდან რუს სპორტსმენებს აეკრძალათ საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობა ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ სანქციების ვადა 2022 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო განსაზღვრული.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, IOC-მა განაცხადა, რომ ის „მტკიცედ გმობს“ რუსეთის მიერ ე.წ. ოლიმპიური ზავის დარღვევას. ეს არის გაეროს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც კრძალავს ყოველგვარი ომის წამოწყებას შეჯიბრების დროს ან ღონისძიებიდან ერთი კვირის შემდეგ. 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენებისთვის მონაწილეობის აკრძალვა თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა – უკრაინელი ლიდერის თქმით, ღონისძიებაზე მათ „ადგილი არ უნდა ჰქონდეთ“. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მათ ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, 184 უკრაინელი სპორტსმენი დაიღუპა.

ახლახან რუს და ბელარუს სპორტსმენებს აკრძალვა გაუუქმა კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) და მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მისცა. აღსანიშნავია, რომ რუს და ბელარუს მოკრივეებს საკუთარი ქვეყნების დროშის ქვეშ ასპარეზობისა და გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული ჰიმნების აჟღერების საშუალება მიეცემათ. IBA-ის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა უკმაყოფილება – აშშ-ის კრივის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *