მხეცის ბუნება — MrBeast

მხეცის ბუნება — MrBeast

რატომ გაატარებს ვინმე 50 საათს ცოცხლად დამარხული მხოლოდ YouTube-ის ვიდეოს გადასაღებად? ჯიმი დონალდსონს, ანუ MrBeast-ს, გასულ წელს ამის 54 მილიონი მიზეზი ჰქონდა. მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კრეატორი არა კონკურენციით, არამედ თანამშრომლობით გამოირჩევა. ის ფულის გაცემით გამდიდრდა.

ჯიმი დონალდსონი, სასიამოვნო გარეგნობის 24 წლის იუტუბერი, ვილი ვონკას მსგავსად გამოწყობილი, იასამნისფერი ხავერდის ქურთუკით, დიდი ზომის ოქროს ბაფთითა და ნარინჯისფერი ქუდით იწონებს თავს. MrBeast-ის სახელით ცნობილი 6”4 ფუტის სიმაღლის კრეატორს პოპულარობა გასულ ზამთარში მისი ტკბილეულის ბრენდის, Feastables-ის პოპულარიზაციისთვის გამოშვებულმა ვიდეოებმა მოუპოვა. ათი ფანი, რომლებმაც მის MrBeast-ის ბატონებში „ოქროს ბილეთები“ იპოვეს, მან თავის აშენებულ ჩრდილოეთ კაროლინის აღმოსავლეთში მდებარე საწყობში მიიწვია. იქ ისინი აღმოაჩენენ ხელოვნური შოკოლადის ქარხანას, სადაც ლოლიპოპის ტყეში, ხის ტოტებზე უზარმაზარი დათვებია ჩამოკიდებული და, ისევე როგორც ფილმში, ჩანჩქერში ნამდვილი შოკოლადის მდინარე მიედინება. გაფუებული ზეფირებით გაფორმებულ ოთახში კონკურსანტები მბრუნავ პიტნის კანფეტებზე დგანან. პირველი, ვინც დაეცემა, აგებს. გამარჯვებულს კი სახლში მიაქვს $500,000, ახალი მანქანა და დონალდსონის დიდების პატარა ნაჭერი.

ეს სულელური G-რეიტინგული გართობაა, თანაც ძალიან მოგებიანი. ამ ერთმა 17-წუთიანმა ვიდეომ ბოლო ექვს თვეში 121 მილიონი ნახვა მოაგროვა და MrBeast-მა დამატებით ათასები იშოვა. მან შარშან გამოიმუშავა $54 მილიონი, მათ შორის $32 მილიონი რეკლამებიდან მის ათეულზე მეტი არხიდან, ხოლო $9 მილიონი დაფინანსებული კონტენტიდან. მას YouTube-ზე ყველაზე მეტი – 112 მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი შემოსავალი, რომელიც უკვე ყველაზე მაღალია სოციალური მედიის კრეატორებს შორის, 2022 წელს $110 მილიონამდე გაორმაგდება. „ბევრი ადამიანი იუტუბერებს ჯერაც ინფლუენსერების ქვეკლასად აღიქვამს, – ამბობს ის. – მათ ჯერ კიდევ არ ესმით ბევრი კრეატორის გავლენის დონე“.

სოციალური მედიის ჰიპერკონკურენტულ, ზოგჯერ საზიზღარ სამყაროში, MrBeast-ი კოლაბორატორია. ნოემბერში, საუკეთესო იუტუბერად გახდომის აღსანიშნავად, მან მოიწვია თერთმეტი იუტუბერი მეგობარი, მათ შორის LazarBeam-ი (20.2 მილიონი გამომწერი), GeorgeNotFound-ი (10.5 მილიონი) და Callux-ი (4 მილიონი), შეჯიბრზე, რომლის ჯილდო $2.5-მილიონიანი კერძო თვითმფრინავი იყო (ეს გახლდათ შეჯიბრი გამძლეობაში, ფილმის Hands on Hardbody-ს სტილში: იმარჯვებდა ის, ვინც ყველაზე დიდხანს შეეხებოდა თვითმფრინავს). ერთხელ დონალდსონმა თავის მეგობარს, ლუდვიგს, ვიდეოთამაშის სტრიმერს 3.7 მილიონი გამომწერით, ვიდეო, რომლის დამზადებაც მას $1 მილიონი დაუჯდა… უფასოდ აჩუქა. ეს უბრალოდ არ იყო სწორი MrBeast-ისთვის. დონალდსონის ვიდეოები, რომლებიც, როგორც წესი, $1.5-დან $3 მილიონამდე ბიუჯეტითაა გადაღებული, ცნობილია სულელური ტრიუკებითა (MrBeast-ი ითვლის 100,000-მდე; MrBeast-ი 50 საათის განმავლობაში ცოცხლად იმარხება კუბოში) და დიდი თანხების გაცემით ($10,000-დან $1 მილიონამდე) ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა ბრილიანტის მოპარვა ლაზერული სიგნალიზაციით აღჭურვილ საწყობში, ან თავის მინდორში, დახატულ წრეში ყოფნა 100 დღის განმავლობაში. ყველაფერი ეს დიდი ფული ღირს. მაგრამ ბევრად მეტი შემოდის YouTube-ის, Facebook-ისა და TikTok-ის წყალობით.

ფოტოგრაფი: ითან პაინსი Forbes-ისთვის

„ეს საკმაოდ მარტივია. დამიჯერეთ, მე ჩემი პირველი ბრენდული გარიგება $10,000 დოლარად მივიღე და გავაჩუქე. ავიღე, გავედი გარეთ და მივეცი უსახლკარო ადამიანს, – ამბობს დონალდსონი. – არ მინდა ამის ზედმეტად გათამაშება. ეს უბრალოდ კარგი შეგრძნება იყო. ესაა სამყარო, სადაც მე ვიღებ 10 ათასს, ცეცხლს ვუკიდებ და 20-ს ვაკეთებ“.

დონალდსონი თავისი სტუდიის ერთადერთი მფლობელია, მაგრამ მცირე წილის გაყიდვას აპირებს. თუ ამას შეძლებს, მისი 10% შეიძლება $150 მილიონი დაჯდეს. გარიგებაში, რომლის მიხედვითაც მდიდრები სტუდიას $1.5 მილიარდად აფასებენ, რაც დონალდსონს მსოფლიოში პირველ მილიარდერ იუტუბერად აქცევს, მისი 90%-იანი წილი $1.4 მილიარდია. ახლაც, Forbes-ის შეფასებით, დონალდსონი დაახლოებით $500 მილიონს ფლობს. „ალბათობა, გახდეთ მილიარდერი, უფრო მაღალია, თუ ამას თქვენს მიზნად არ დაისახავთ, – ამბობს დონალდსონი. – უბრალოდ, კონცენტრირდით მაგარი კომპანიის შექმნაზე“.

ის სწრაფად მოქმედებს იმისთვის, რომ თავისი ონლაინპოპულარობა ოფლაინბიზნესებს მიამაგროს. 2022 წლის იანვრიდან, გაშვებიდან სამი თვის განმავლობაში, დონალდსონმა გაყიდა Feastables-ის 4 მილიონი ბატონი, რომლის თითოეული ნაირსახეობაც დამზადებულია ორგანული კაკაოსგან, ექვსზე ნაკლები ინგრედიენტით. ხასხასა ფერებში შეფუთული ტკბილეული ახლა უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ და Walmart-ის 4700 მაღაზიაში. დონალდსონი მთავარი წილის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, ვენჩურულ ინვესტორებს 20%-ზე $5 მილიონი შემოაქვთ.

Feastables-ი აგრძელებს დონალდსონის წარმატების გზას MrBeast Burger-ის შემდეგ, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო როგორც მხოლოდ მიწოდების ვირტუალური რესტორანი და სწრაფად იქცა ქვეყანაში ყველაზე სწრაფად მზარდ რესტორნების ბრენდად. Feastables-ი უფრო მოგებიანია, დაახლოებით 40%-იანი მთლიანი ზღვრით, ბურგერის ქსელის დაახლოებით 30%-თან შედარებით. მაგრამ MrBeast Burger-ს უფრო დიდი წვდომა აქვს: 2021 წელს მას ჰქონდა $70 მილიონი წლიური გაყიდვები, და ის წელს, სავარაუდოდ, $100 მილიონსაც მიაღწევს.

„თუ ჩვენ მოვახერხებთ, ვიყოთ მსოფლიოში უდიდესი YouTube-არხი მომდევნო ხუთიდან ათ წლამდე, შესაძლებლობები უსაზღვროა“, – ამბობს დონალდსონი თავისი სტუდიის სახელოსნოდან, გარშემორტყმული Lamborghini-თა და ყალბი დოლარის კუპიურებით სავსე ვედროებით.

არმიაში დასაქმებული მარტოხელა დედის – რომელიც კვირაში ორ ღამის ცვლაში მუშაობდა – მორცხვი უმცროსი ვაჟი, დონალდსონი ბავშვობაში ბევრს მოძრაობდა და ხშირად ღამეებს მარტო ატარებდა. მან YouTube-ზე გამოქვეყნება დაიწყო 2012 წელს, 13 წლისამ, MrBeast6000-ის სახელით. მაშინ ის ვიდეოებს ძმისგან მემკვიდრეობით მიღებული ლეპტოპით ამზადებდა. მას აკლდა მიკროფონი, ამიტომ კლიპებს არ ჰქონდა ხმა. თავდაპირველად, დონალდსონი საიდუმლოდ ინახავდა თავის ონლაინპერსონას, მაგრამ დედამ, სიუმ, შეიტყო ამის შესახებ, როდესაც MrBeast-ის გამომწერების რიცხვმა 10,000 შეადგინა. იგი გაკვირვებული იყო, მაგრამ ამაზე ბევრი არ უფიქრია, სანამ დონალდსონმა 2016 წელს არ მიატოვა სათემო კოლეჯი, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, იმისთვის, რომ გამხდარიყო კრეატორი სრულ განაკვეთზე. არ სურდა რა, რომ მისთვის ამ საქმეში ხელი შეეწყო, დედამ ის სახლიდან გააძევა.

მას შემდეგ, რაც მან გადაიღო, თუ როგორ აძლევდა $10,000-ს უსახლკაროს, დონალდსონმა გააცნობიერა ფულის უბრალოდ გაცემის ვირუსული ძალა. Publishers Clearing House-ის Gen Z-ის ვერსიის მსგავსად, მან დაიწყო საკუთარი თავის გადაღება, რომელიც უცნობებს ფულს აძლევდა. 2020 წლისთვის დონალდსონი წელიწადში $24 მილიონს გამოიმუშავებდა. შემდეგ წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ტრიუკები არ სრულდება. ამ ზამთარს, სამხრეთ ნახევარსფეროს თბილ თვეებში, ის ანტარქტიდაში 100-საათიან გადაღებას გეგმავს. მან მწვანე შუქი აუნთო ვიდეოთამაშს – რაზეა საუბარი, საიდუმლოა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ექნება მისი სათამაშო არხის 30 მილიონი გამომწერისთვის. Feastables-ი გახდება გლობალური და გაფართოვდება პროტეინის ბატონებად, შესაძლოა, გაყინულ საკვებადაც.

MrBeast Burger-ის ქსელი Virtual Dining Conceptsთან შექმნილი ერთობლივი საწარმოა, რომელიც ეკუთვნის Planet Hollywood-ის რობერტ ერლს. დონალდსონი სულ რაღაც 22 წლის იყო, როცა MrBeast Burger-ი გამოვიდა და მას სჭირდებოდა ყველანაირი შესაძლო დახმარების მიღება. თუმცა ახლა მას მეტი კონტროლი სურს: მისმა წილმა 2021 წელს $3 მილიონი გამოიმუშავა, რაც იმ წლის გაყიდვების მხოლოდ 4%-ია.

სწორედ ამიტომ, შრომის დღის უიკენდზე, დონალდსონი ნიუ-ჯერსის American Dream Mall-ში თავისი პირველი ფიზიკური რესტორნის გასახსნელად მივიდა. ადგილზე გამოცხადდა 20 000-მდე გულშემატკივარი. ბევრმა იქ ღამეც გაათენა. დონალდსონმა და მისმა გუნდმა ხალხს 5000 ბურგერი მიართვეს. პროცესშია ფორპოსტი მინესოტის სავაჭრო ცენტრში. მომავალ წელს შესაძლოა, კიდევ ათობით ობიექტი გაიხსნას.

„რასაც ვაკეთებ, ზომბის ქცევას ჰგავს, – ამბობს დონალდსონი. – ვდგები და ვგიჟდები ამაზე. დაძინებამდე ჩაციკლული ვარ ამაზე. ამაზე ვოცნებობ. მე ვიღვიძებ და ისევ ვაკეთებ ამას ავადმყოფურად. ჩემი საქმის მიღმა არაფერი მაინტერესებს“.