მოკალი ხეები, გადაარჩინე პლანეტა

მოკალი ხეები, გადაარჩინე პლანეტა

Undertaker — სახერხი საამქროების არარსებობა ნიშნავს კომერციული მოთხოვნის არარსებობას კალიფორნიის Stanislaus National Forest-ის მორებზე. ეს ამ ხეებს დაკრძალვის მთავარ კანდიდატებად აქცევს, ამბობს Kodama-ს აღმასრულებელი დირექტორი მერიტ ჯენკინსი.

ბილ გეიტსსა და სხვა ინვესტორებს სწამთ, რომ Kodama Systems-ს ნახშირორჟანგის შემცირება ჰაერში ხეების მოჭრით და დამარხვით შეუძლია. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ბიძია სემი საგადასახადო კრედიტებზე თანხმობას იტყვის.

ერთი წლის წინ მერიტ ჯენკინსი ბოსტონიდან ტვეინ-ჰარტში, კალიფორნიაში გადავიდა სიერა-ნევადას მთისწინეთში მდებარე 2500-სულიან დასახლებაში. დილით მგზავრობისას ის Alicia’s Sugar Shack-ში საუზმის სენდვიჩისთვის ჩერდება (ათქვეფილი კვერცხები ჭვავის ავოკადოსთან ერთად), შემდეგ კი მიემართება Stanislaus National Forest-ში არსებულ 10 აკრის ფართობის ტყეში. იქ მისი სტარტაპი, Kodama Systems-ი, გამოცდის და სრულყოფს თავის 25 ფუტის სიგრძის, 17-ტონიან ნახევრად ავტონომიური ხე-ტყის მოსავლის მანქანას.

ხის მჭრელები იყენებენ სკიდერებად ცნობილ ამ მანქანებს, ტონობით მოჭრილი ხეებისა და ნაფოტების ასათვისებლად და მათი ტყიდან გამოსათრევად. Kodama-ს ვერსია შექმნილია სამუშაოს შესასრულებლად ღამის პირობებშიც კი, ნაკლები მუშახელით, სატელიტური კავშირითა და მოწინავე ლიდარის (შუქისა და დიაპაზონის ამოცნობა) კამერების გამოყენებით. იმავე ტიპის კამერები თვითმავალ მანქანებზე, სამუშაოს დისტანციურად მონიტორინგისთვის გამოიყენება. ეს ადვილი არაა. „ხეებს ბევრი ტექსტურა აქვს. ყოველი დასაცურებელი ბილიკის 10 ფუტი ოდნავ განსხვავებულია“, – ამბობს 35 წლის ჯენკინსი.

მაგრამ სიბნელეში შესვლა არაა ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი Kodama-ს გეგმებში, რომელმაც ბილ გეიტსის Breakthrough Energy-სგან და სხვებისგან $6.6 მილიონის საწყისი დაფინანსება მოიზიდა. ხეების მოჭრის შემდეგ, ჯენკინსი გეგმავს მათ დამარხვას, რათა ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების შენელებას და მიიღოს გაყიდვადი ნახშირბადის კომპენსაცია (და შესაძლოა, ოდესმე, საგადასახადო შეღავათებიც). დიახ, როგორც წესი, ჰაერიდან ნახშირორჟანგის შესაწოვად ხეებს რგავენ და შემდეგ კრედიტებს მიჰყიდიან კორპორაციებს, კერძო თვითმფრინავების მფლობელებსა და სხვებს, რომლებსაც სჭირდებათ ან სურთ საკუთარი ემისიების კომპენსირება. მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ხეების დამარხვამ ასევე შეიძლება შეამციროს გლობალური დათბობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ხეები სხვაგვარად იწვებიან ან იხრწნებიან და ჰაერში მათ შენახულ ნახშირბადს გამოაფრქვევენ.

კალიფორნიის 2020 წლის უზარმაზარმა ტყის ხანძრებმა ჰაერს, ქონებასა და სიცოცხლეს ძალზე გამოუხშირავი ტყეებით საფრთხე შეუქმნა. „ნარინჯისფერი ცა სან-ფრანცისკოში გარდამტეხი წერტილი იყო. ახლა ამას გამოხმაურება მოჰყვება“, – ამბობს ჯიმი ვურჰისი, Kodama-ს ბიომასის გამოყენებისა და პოლიტიკის ხელმძღვანელი. განგაშის ზარები წელს კიდევ უფრო ხმამაღლა ჟღერს, რადგან კანადის ხანძარმა ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და ჩიკაგოში ჰაერი სახიფათოდ დააბინძურა.

„თუ ხე ვარდება ტყეში და ეს არავის ესმის, ის ხომ უბრალოდ წევს იქ და ლპება“?
ჩაკ პალანიკი

პრობლემის გადასაჭრელად, აშშ-ის სატყეო სამსახური მიზნად ისახავს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 70 მილიონი აკრის დასავლეთის ტყეების შეთხელებას, ძირითადად კალიფორნიაში, და მოიპოვებს 1 მილიარდ ტონაზე მეტ სრულად გამომშრალ ბიომასას. ჩვეულებრივ, ტყის ასეთი შეთხელების შემდეგ, სარეალიზაციო ზომის მორები სახერხ საამქროებში მიდის, ნარჩენების უმეტესი ნაწილი კი გროვდება და მოგვიანებით კონტროლირებად პირობებში იწვება. ნაცვლად ამისა, Kodama-ს სურს ნარჩენების დამარხვა მიწის სარდაფებში, რომლებიც შექმნილია მშრალ და უჟანგბადო პირობებში ხის ლპობისა და დაწვისგან დასაცავად.

ვენჩურული კაპიტალის სათესლე ფულთან ერთად, Kodama-მ უკვე მიიღო $1.1 მილიონი გრანტი კალიფორნიის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სააგენტოსგან და სხვებისგან, ასევე შესყიდვის ვალდებულებები ნახშირბადის კრედიტებისთვის, რომლებიც მის დამარხულ პირველ 400 ტონა ხეს უკავშირდება. ღია ბაზარზე ეს კრედიტები ტონაზე $200 ეღირება. საბოლოოდ Kodama-ს წელიწადში 5000 ტონაზე მეტი ხის მოჭრა და დამარხვა სურს.

Dartmouth-ის კურსდამთავრებულმა, როგორც ინჟინერიაში, ასევე გარემოსდაცვით მეცნიერებებში, ჯენკინსმა, Carnegie Mellon-ში, რობოტიკაში მაგისტრის ხარისხის მიღების პარალელურად დაიწყო გამოყენებული რობოტული აღჭურვილობის გაყიდვა. შემდეგ მან დააარსა კომპანია, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლებას და ფერმერებს ნიადაგის ანალიზში ეხმარება. მაგრამ 2019 წელს, MIT-ის MBA-ის მიღებისას, მან დაასკვნა, რომ ხალხმრავალ აგროტექსფეროსთან შედარებით, უფრო მეტი შესაძლებლობა სატყეო მეურნეობაში არსებობდა. ის დისტანცირდა ხელოვნური ინტელექტის კომპანიისგან და თვეები გაატარა ხის მჭრელებთან, რათა გაეგო, თუ როგორ იყენებენ ისინი აღჭურვილობას და 2021 წლისთვის სატყეო მეურნეობის რობოტიკაზე გადაერთო. ის დარწმუნებული იყო, რომ მუშახელის ნაკლებობა მოთხოვნას გაზრდიდა. „არაა საკმარისი სამუშაო ძალა, – ამბობს ის. სატყეო სამსახურის გამწმენდი მიზნების მისაღწევად „ახალი უნარები და ახალი ტექნოლოგიები დაგვჭირდება“.

მან ასევე დაინახა ინდუსტრიის კიდევ ერთი „დიდი ხარვეზი“: რა უნდა უქნათ მთელ ამ ბიომასას? Yale’s Carbon Containment Lab-იდან მას სმენოდა ბიომასის სარდაფების შესახებ. შემდეგ საერთო მეგობრებმა მას გააცნეს ვურჰისი, 33 წლის მთამსვლელი, გეოლოგი და დედამიწის შემსწავლელი ინჟინერი (Dartmouth-ის მეცნიერების მაგისტრი), რომელიც შეპყრობილი იყო ბიომასის სამარხებად ძველი მაღაროების გარდაქმნის იდეით. მათ ძალები გააერთიანეს.

ხეების დამარხვის ცნება მარტივად და დაბალტექნოლოგიურად ჟღერს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შევადარებთ „ნახშირბადის დაჭერის“ ტექნოლოგიას, რომელიც დღეს ჰაერიდან CO2 -ის გამოყვანისთვისაა შემუშავებული. 2022 წელს დემოკრატების მიერ მიღებული ინფლაციის შემცირების აქტის წყალობით, კომპანიებს, როგორიცაა Occidental Petroleum-ი და ExxonMobil-ი, შეუძლიათ მიიღონ საგადასახადო შეღავათები $85-ის ოდენობით ერთ ტონა ნახშირორჟანგის სეკვესტრზე, თუ შეძლებენ გაზის პირდაპირ ჰაერიდან შეწოვისა და მილსადენით ტრანსპორტირების სისტემების დახვეწას, მის მიწისქვეშ მუდმივად ინიექციამდე. IRA დამატებით სტიმულს აძლევს ზოგიერთ ამ პროექტს საგადასახადო შეღავათებით, რაც წინასწარ ინვესტირებული კაპიტალის 30%-ს ან მეტს უდრის.

თუ გსურთ ხეების მოჭრა და ნახშირის ადგილზე დასაწვავად მათი დანაწევრება, საგადასახადო შეღავათები ამისთვისაც არსებობს. მაგრამ, დღევანდელი მდგომარეობით – არა დამარხვისთვის.

პოლ ბუნიანი 2.0 — 60 ფუტის სიმაღლის ხეების გამოხშირვის შემდეგ, Kodama მათ ტყის მიღმა უფრო მშრალ მიწაზე მოათავსებს. / ფოტო: ითან პაინსი Forbes-ისთვის

„თუ ნახშირბადის მასშტაბურად მოცილება გჭირდება, სიგიჟეა, არ ისწავლო ბუნებისგან ან არ გამოიყენო ბუნება, – ამბობს ლუკას ჯოპა, Microsoft-ის გარემოს დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც ახლა Haveli Investments-ში მუშაობს. – ჩვენ არასდროს მიგვიღწევია იმ დონისთვის, რომ ატმოსფეროდან ნახშირბადის ამოღებაში ისევე ეფექტიანები ვყოფილიყავით, როგორც ევოლუციაა“.

რამდენად ეფექტიანი? მერილენდის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერების პროფესორი ნინგ ზენგი, რომელიც ბიომასის დამარხვის ნათლიად ითვლება, განმარტავს, რომ საშუალოდ, ტონა ახლად მოჭრილი ტყის წონაში დაახლოებით 50% ნახშირბადია, და თუ მას დასალპობად ან დასაწვავად დატოვებთ, ეს იქნება ერთი ტონა ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაშვების ეკვივალენტი. როგორც წესი, ამბობს ის, „ტონა ბიომასა დედამიწაში არის ჰაერიდან დახსნილი ტონა CO2 “.

ზენგს აქვს საკუთარი სტარტაპი, Carbon Lockdown-ი, რომელსაც აქვს კონტრაქტი ქალაქ ბალტიმორთან, 5000 ტონა ბიომასის ასაღებად და მდიდარი, ფოთლოვანი პოტომაკის მახლობლად, მერილენდში დასამარხად. ის ამ დამარხვის შედეგად გამომუშავებულ ნახშირბადის კრედიტებს Puro.earth-ზე (პლატფორმა, რომელიც ფინეთის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და 2021 წელს Nasdaq-ის უმრავლესობის მფლობელი გახდა) თითო სეკვესტრულ ტონას $181-ად ყიდის. შვედურმა საინვესტიციო კომპანია Kinnevik-მა ცოტა ხნის წინ 1000 ტონა იყიდა. „ბუნებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები უკვე არსებობს და ისინი მასშტაბურია, – ამბობს მიკაელა კრამერი, რომელიც ზედამხედველობს ნახშირბადის კრედიტის შესყიდვებს Kinnevik-ისთვის. – არაა საჭირო კიდევ 10 წელი ლოდინი“.

მიუხედავად ამისა, ბიომასის დამარხვაში ფართომასშტაბიანი კერძო ან სამთავრობო ინვესტიციების მიღება რთულია, რადგან ის არც ანაცვლებს კლიმატის დამღუპველ ინდუსტრიულ საქმიანობას და, გარდა თავად კრედიტებისა, არც ხალხისთვის გამოსადეგ პროდუქტს ქმნის. ეს ასევე შეიძლება მიწასაც აზიანებდეს.

ტეხასში 43 წლის ადვოკატმა კრის კნოპმა უკვე დამარხა 4000 ტონაზე მეტი ბიომასა 45 აკრის მიწაზე, რომელსაც მისი კომპანია, Carbon Sequestration-ი ლუიზიანის საზღვართან ახლოს ფლობს. მისი თქმით, თიხის სქელი ფენის გამო, მიწა იქ იდეალურია ანოქსიური სამარხისთვის, რომელიც საჭიროა ბიომასის დაშლის თავიდან ასაცილებლად. მან ცოტა ხნის წინ 15,000 ტონა ნარჩენები შეიძინა ბომონტის ჩრდილოეთით მდებარე ნაკვეთის მესაკუთრეებისგან, რომლებიც ფიჭვნარს უძრავი ქონების განვითარებისთვის ასუფთავებენ და სხვა შემთხვევაში დაწვავდნენ მას. ეს მას საშუალებას აძლევდა, გაეყიდა ნახშირბადის კრედიტი Puro-ზე, ტონაში $145-ად.

კნოპი ფიქრობს, რომ მას შეუძლია, გაანულოს დანახარჯები და ფედერალური საგადასახადო კრედიტების იმედი აქვს. მაგრამ კონგრესმა კონკრეტულად ბიომასის დამარხვა თავის საგადასახადო კრედიტში არ შეიტანა. კნოპი და ბიომასის ლობისტები ახლა იმედოვნებენ, რომ როდესაც ხაზინა გაწერს საბოლოო წესებს ნახშირბადის სეკვესტრირების კრედიტებისთვის, მასში ბიომასასაც შეიტანენ. „მე უბრალოდ ველი რაიმე სახის აღიარებას“, – ამბობს ის.

კნოპს ასევე აქვს ხედვა, რომ ამერიკის ტყეები გადააქციოს ნახშირბადის ღრუბლებად ფიჭვის ხეების მოჭრით, მათი დამარხვითა და შემდეგ უფრო ნახშირბადის მომთხოვნი ისეთი სახეობების დარგვით, როგორიცაა ბამბუკი, კანაფი ან ვერხვი. აშშ- -ში ასობით მილიონი აკრი ეთმობა პირუტყვის საძოვრებს ან ხე-ტყის წარმოებას, ამბობს ის. „რატომ არ შეიძლება, გადავიდეთ ნახშირბადის მეურნეობაზე?“

რაც შეეხება Kodama-ს, ჯენკინსი ორიენტირებულია იმ ხეების დამარხვაზე, რომლებიც მაინც უნდა მოიჭრას ტყის ჯანმრთელობისთვის, ხოლო ვურჰისი ახალი მიწის გათხრის ნაცვლად, მიზნად ისახავს გაუქმებული მაღაროებისა და კარიერების ადაპტაციას ბიომასის შესანახად. „ჩვენ გავზომავთ გაზს, გამონაჟონს და მთლიანად იზოლირებას გავუკეთებთ ნახშირბადის ნაკადებს, – გვპირდება ვურჰისი. – თუ ძველი ინერტული კლდის კარიერის მფლობელს შეხვდებით, შემატყობინეთ“.

ხის წარმოება

აშშ-ის სატყეო სამსახურის „ხეების აღწერის“ მიხედვით, ამერიკას უამრავი ხე აქვს – თითქმის 300 მილიარდი. ეს კარგია, რადგან ხე გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტში, მათ შორის სიგარეტის ფილტრებსა და პარმეზანის ყველში. აი, რამდენის გამოწურვა შეგიძლიათ ერთი 30 ფუტის სიმაღლის, 1.5 ფუტის სიგანის ხისგან.

  • 7 მილიონი კბილის ჩხირი — არყის ხე
  • 4000 ღვინის საცობი — კორპის მუხა
  • 1.2 ბოულინგის ბილიკი — ფიჭვი
  • 2000 კვადრატული ფუტის სახლის 1/20-იანი კარკასი — დუგლასის ნაძვი
  • 65-ფუტიანი ვიკინგების გემის 1/40-იანები — მუხა
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *