ფოტო: Getty Images
მოლდოვის ხელისუფლებამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დროებით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დრონის საფრთხის გამო საჰაერო სივრცე დაიკეტა. ამის შესახებ მოლდოვის მთავრობის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.
მოლდოვის მთავრობის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მას შემდეგ მიეცა, რაც დადგინდა, რომ რუსული დრონი მოლდოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. საჰაერო სივრცის დროებით დახურვის გამო სამი გაფრენა და ოთხი ჩამოსვლა გადაიდო.
მოლდოვის ხელისუფლების ინფორმაციით, სამშაბათს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი რუსული დრონი შევიდა. ერთი მათგანი დედაქალაქის ჩრდილოეთით, მინდორში ჩამოვარდა და ხანძარი გამოიწვია, მეორე კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში გადავიდა.
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დრონების ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრას „ადამიანების სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე“ უწოდა. მან ასევე დაგმო რუსეთის დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო პუნქტზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ზელენსკი ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტიორემ ოთხშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელ NRK-ს განუცხადა, რომ ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან აფრენისას დრონი თითქმის დაეჯახა.
„მის თვითმფრინავს თითქმის დაეჯახა დრონი, როდესაც ის მოლდოვიდან აფრენას აპირებდა. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ის დგას“, – განაცხადა სტიორემ. პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რა იყო ინფორმაციის წყარო ან რამდენად ახლოს იყო დრონი თვითმფრინავთან.
ზელენსკი ოთხშაბათს ოსლოში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვას სხვა სახელმწიფოთა ლიდერებთან ერთად დაესწრო. დაკრძალვის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგია მალევე დატოვა.












