მოლოდინები, რომლითაც თიბისი 2021 წელს ხვდება | ინტერვიუ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან

მოლოდინები, რომლითაც თიბისი 2021 წელს ხვდება | ინტერვიუ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან

მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც 2020 წელი ფინანსური სექტორისთვის დიდ გამოწვევად იქცა. კომერციულ ბანკებს მცირე დროში არაერთი რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ, რათა ახალ რეალობასთან ადაპტაცია მოეხდინათ.  საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ბანკმა, თიბისიმ სწრაფად შეძლო ბიზნეს მოდელის შეცვლა, რათა პანდემიის წესებს მორგებოდა. მეტიც  კრიზისის პერიოდში თიბისიმ მომხმარებელს არაერთი სიახლე და გაუმჯობესებული ციფრული სერვისები შესთავაზა. 2020 წელი Forbes Georgia-სთან თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ შეაჯამა. მან 2021 წელს მოსალოდნელ ტენდენციებზეც ისაუბრა.  

ბატონო ვახტანგ, დავიწყოთ ამ რთული წლის შეჯამებით.. ვიცით, რა ცვლილებების განხორციელებაც და რა ნაბიჯების გადადგმაც მოუწია კომერციულ ბანკებს. იყო გამოწვევები და შესაძლებლობებიც. რა შედეგი აქვს თიბისის 2020-სგან?

თავდაპირველად, პანდემიის დაწყებისთანავე მნიშვნელოვანი იყო გადავსულიყავით ახალ რელსებზე და სხვაგვარად შეგვეხედა საკუთარი თავისთვის,  ეს უნდა გაგვეკეთებინა ძალიან სწრაფად და ასეც მოხდა. ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით ბიზნეს მოდელის შეცვლა. ერთი მხრივ, ბევრად მეტი სერვისი და მომსახურება შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებელს ციფრულად და მეორე მხრივ, ჩვენი თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო გარემო შევქმენით, რომელიც შეამცირებდა ინფიცირების რისკს და მათ სახლიდან მუშაობის საშუალებას მისცემდა.

ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს კრიზისი შესაძლებლობად გვექცია. წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ თიბისიში მომსახურების 95-97% ციფრულია, ანუ ფიზიკურად სულ უფრო ნაკლები მომხმარებელი მოდის ფილიალებში. გაციფრულების ტენდენცია მანამდეც იყო, მაგრამ არა ისე აჩქარებული, როგორც ბოლო ცხრა თვეში. ასე რომ, პანდემიამ ეს პროცესი დაგვაჩქარებინა.

დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება, რაც თიბისის ამ წელმა მოუტანა..

პირველი წარმატება ისაა, რომ ჩვენ ორ კვირაში შევძელით თანამშრომლების და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამისათვის თანამშრომელთა ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციურ მუშაობაზე, პროდუქტების და სერვისების ნაწილი გავაციფრულეთ და ფილიალებშიც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გავზარდეთ.

მეორე წარმატებაა ის, რომ მიუხედავად ეკონომიკური გამოწვევებისა, მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა თიბისელი შეინარჩუნებდა თავის სამუშაო ადგილს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რათა თითოეული თიბისელისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენთვის  არსებითი და მნიშვნელოვანი იყო, მათ სტაბილურად და მშვიდად გაეგრძელებინათ თავიანთი საქმის კეთება.

და მესამე, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ უზბეკეთის პროექტი და დღეს ბედნიერი ვარ, რომ  „თიბისი უზბეკეთი“ 15 ფილიალით და სერვის ცენტრით  ოპერირებს უზბეკეთის ბაზარზე; „თიბისი უზბეკეთის“ აპლიკაციას 10 000-მდე ჩამოტვირთვა აქვს, ხოლო ყოველდღიურად რამდენიმე ასეული მომხმარებელი გვემატება ამ ბაზარზე.

რა ტენდენციებია მოსალოდნელი საქართველოს საბანკო სექტორში მომავალ წელს?

კოვიდის გამოწვევა 2021 წელს გადაილახება, მაგრამ ალბათ ფინანსური სექტორი, განსაკუთრებით საბანკო სექტორი, აღარ დაუბრუნდება პრე-კოვიდურ მდგომარეობას. ანუ ცვლილებების დადებითი ეფექტი, როგორიც არის მაგალითად, გაციფრულება, სახლიდან მუშაობა, კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება 2021 წელს, ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული წელი გველოდება.  ეროვნულ ბანკს და მთავრობას მოზომილი და სწორი ნაბიჯები ექნებათ გადასადგმელი. მოგეხსენებათ, პირველ და ალბათ მეორე კვარტალშიც, კოვიდი კვლავ გამოწვევად დარჩება, ეს ვაქცინაციასთან და სხვა ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ამიტომ  მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, პირველი –  უნდა გაგრძელდეს ის სოციალური პროექტები, რომლებიც დაიწო 2020 წელს; მეორე  – აუცილებელი იქნება კაპიტალური ინვესტიციების და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაგრძელება, რომ ეკონომიკამ შეძლოს აღდგენა;  მესამე –  მნიშვნელოვანი იქნება ინფლაცია იყოს  მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს და  მეოთხე – კვლავ გამოწვევად რჩება  ვალუტის კურსი, რომელიც ბიზნესზე და ეკონომიკაზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას. აქედან გამომდინარე, ძალიან მოზომილი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ რთული 2021 წლის პირველი ნახევარი  სწორად გავიაროთ.

მოლოდინი გვაქვს, რომ 2021 წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა დაიწყება და შესაბამისად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ბევრ ინდუსტრიასთან ერთად ფინანსურ სექტორიც ზრდას დაიწყებს.  

პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ თქვენ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თიბისის შიდა მოლოდინით, 2022 წელს საქართველო უნდა დაუბრუნდეს ეკონომიკური ზდის 2019 წლის მაჩვენებელს, რაშიც კომერციული ბანკების როლიც დიდი იქნება. დღეს როგორ ფიქრობთ?

დიახ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ 2022 წელს ქართული ეკონომიკა მინიმუმ 7.5%-ით გაიზარდება, მაგრამ ამ ზრდაში ბანკებმა უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი. ძირითადად ვგულისხმობ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი  სხვადასხვა ინდუსტრიის დაფინანსებას.  

ჩვენ ვაგრძელებთ დიდი საინვესტიციო და ინფრასტრუქტული პროექტების დაფინანსებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. მაგალითად, ისეთი პროექტები, როგორიცაა მცირე, საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც გრძელვადიანი ინვესტიციაა, ჩვენ არ გაგვიჩერებია. პირიქით, რამდენიმე ასეთი პროექტის დაფინანსება ახლაც დავიწყეთ, ვინაიდან ასეთი პროექტების გარეშე გრძელვადიანად ეკონომიკის ზრდა შეუძლებელი იქნება.

ამას გარდა, დავიწყეთ ახალი მიმართულებების დაფინანსება სოფლის მეურნეობაში.  ხოლო ყველაზე მოწყვლად სექტორს, სასტუმროების ბიზნესს, ჩვენ შევეცდებით, 2021 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე  გადავალახინოთ ის სირთულეები, რაც აქვთ. შედეგად, მოლოდინი გვაქვს, რომ 2021 წლის მესამე კვარტლიდან, ტურიზმის შემოსავლები ზრდას დაიწყებს, შემდეგ კი უკვე, რა თქმა უნდა, მათთან ერთად დავგეგმავთ მორიგ ზრდას.

2020 წლის 11 თვეში ქართული ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 107 მილიონი ლარით შემცირდა და 1.85 მილიარდი ლარი შეადგინა. რა მოლოდინები გაქვთ 2021 წლისგან ამ კუთხით?

ჩვენი პროგნოზით, 2021 წელს საბანკო სექტორის სასესხო აქტიურობა დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, მაგრამ პირველ ნახევარში, სანამ კოვიდ-ეფექტები იქნება, უფრო ნაკლები ზრდაა მოსალოდნელი.

ჯამურად, ჩვენ ფიზიკური პირების ბაზარზე ზრდას ვპროგნოზირებთ. მაგრამ ძირითადი ზრდა მოხდება 2021 წლის მეორე ნახევარში.  

ეკონომიკურად დასუსტებული მოსახლეობის მიერ ვადაგადაცილებებმა იმატა. უფრო მეტიც, ეროვნული ბანკის პროგნოზით, ვადაგადაცილებების მოცულობა მომდევნო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზრდება. როგორია თქვენი პროგნოზი?

ეს ლოგიკურია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მოწყვლად სექტორებში, რომლებსაც დეკემბერ-იანვარში ყველაზე მეტად შეეხო „ლოქდაუნი“, შემცირდა დასაქმება. ვფიქრობ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება პირველი კვარტლის ბოლომდე. ჩვენი მოლოდინით, ეკონომიკის ზრდა დაიწყება წლის მეორე ნახევრიდან. აქედან გამომდინარე პორტფელის ხარისხის გაუარესების ტრენდი გაგრძელდება დაახლოებით მომავალი 4-5 თვის განმავლობაში და გაუმჯობესება დაიწყება წლის მეორე ნახევარში.

და ბოლოს, გეგმებზეც რომ მოგვიყვეთ, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი თიბისისგან 2021-ში?

ჩვენი, 7 000 თიბისელის და მათ შორის, პირადად ჩემი ამოცანა  არის, რომ ჩვენს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება ბიზნესიც,  კორპორატიული და MSME  ბიზნესის მიმართულებით ბევრი იდეა გვაქვს, რაც გვინდა, 2021-ში განვახორციელოთ. თითოეული ჩვენი ქმედება მიმართული იქნება იქითკენ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურად, სწრაფად და ნაკლებ დროში მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს.