უკრაინის თავდაცვის მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, NATO-ს ახალი ინიციატივის ფარგლებში უკრაინას მომდევნო წელს $12-დან $20 მილიარდამდე ღირებულების სამხედრო დახმარება დასჭირდება. აღნიშნული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში თავდაცვის სამიტზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ NATO-ს ახალი ინიციატივა რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა და ის უკრაინის პარტნიორი ევროპული ქვეყნების მიერ ამერიკული იარაღის შეძენას და უკრაინისათვის გადაცემას ითვალისწინებს. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პირობა უკრაინისათვის იარაღის უსასყიდლოდ გადაცემის აკრძალვა იყო. სწორედ ამიტომ აშშ-მა პარტნიორი სახელმწიფოებისათვის ზემოაღნიშნული ინიციატივა წარმოადგინა.
დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინას 2026 წელს მოკავშირეებისაგან საკმარისი ფინანსური დახმარების მიღების შემთხვევაში 10 მილიონი დრონის წარმოების შესაძლებლობა აქვს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უკრაინას დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებიც ესაჭიროება.
ამჟამად აშშ-ში უკრაინისათვის Tomahawk-ის ტიპის საკრუიზო რაკეტების გადაცემის საკითხიც განიხილება, რომლის მოქმედების მანძილიც 2,500 კილომეტრამდეა. აღნიშნული ტიპის შეიარაღება უკრაინის მიერ რუსულ ენერგოობიექტებზე თავდასხმისათვის მნიშვნელოვან სამხედრო აქტივს წარმოადგენს. დონალდ ტრამპი Tomahawk-ის გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
გარდა ამისა, ბოლო კვირების განმავლობაში ევროკომისიის ინიციატივით, აქტიურად განიხილება უკრაინისათვის ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გადაცემის საკითხიც.