მომავლის მილიარდერები

მომავლის მილიარდერები

წესი 72 მარჯვე გზაა იმ დროის დასაჩქარებლად, რომელიც ინვესტიციის გასაორმაგებლადაა საჭირო. აიღეთ 72 და გაყავით საერთო საპროცენტო სარგებელზე. 8%-ს თუ მოიპოვებთ, ყოველ ცხრა წელიწადში თანხას გააორმაგებთ. ყოველ შემთხვევაში, ამასთან საკმაოდ ახლო იქნებით.

1944 წელს, 72 წლის წინ, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი $225 მილიარდი იყო (დოლარის დღევანდელი კურსით), დღეს, დაახლოებით, $18 ტრილიონია. ეს 2.9%-იან საერთო ზრდის ტემპს ნიშნავს. აშშ-ის ეკონომიკური ზრდა წელიწადში თუნდაც ერთი პროცენტული ნიშნულით მეტი რომ ყოფილიყო, წესი 72-ის თანახმად, მისი ზომა დღევანდელზე ორჯერ დიდი იქნებოდა (პრინციპში, რეალურ ციფრებს თუ შევხედავთ, ცოტათი უფრო მეტიც: $37.1 ტრილიონი).

შეკითხვა: რამდენად მეტი მილიარდერი ეყოლებოდა აშშ-ს ორჯერ დიდი ეკონომიკის პირობებში? რამდენად მეტი საინვესტიციო კაპიტალი? რამდენად მეტი შესაძლებლობა ანტრეპრენიორებისათვის? 320 მილიონ ადამიანზე განაწილებულ $37-ტრილიონიან ეკონომიკაში, სახელმწიფო ვალის საჭიროება არ იდგებოდა, არც სოციალური უზრუნველყოფის ავბედითი კრიზისი მოხდებოდა, სახელმწიფო და ქალაქის პენსიები სრულად დაფინანსდებოდა, ხოლო ქვეყნის ინფრასტრუქტურა შთამბეჭდავი იქნებოდა.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა, ამ 72 წელიწადში, პოლიტიკურ კლასს სულ ცოტათი უფრო მეტი ყურადღება რომ დაეთმო ეკონომიკური ზრდისთვის. წყეულიმც იყვნენ ამის გამო.

რიგითი მილიარდერის ეპოქა

მაგრამ ეს ცოტა მოგვიანებით. მოდი, მსოფლიო ეკონომიკას შევხედოთ. დღეს მისი ზომა დაახლოებით $80 ტრილიონია. გასული წელი ზრდის თვალსაზრისით ბევრით არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ მმპ (მთლიანი მსოფლიო პროდუქტი) მაინც 3.4%-ით გაიზარდა. ზრდის ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის $258-ტრილიონიანი გლობალური ეკონომიკის პროგნოზს იძლევა. დაფიქრდით: ესაა დღევანდელზე სამჯერ უფრო დიდი ეკონომიკა. მოდი, დავუშვათ, ზრდის მაჩვენებელი უფრო დაბალია – ვთქვათ, 3%. ეს მაინც $145 ტრილიონს ნიშნავს დამატებითი ყოველწლიური პროდუქციის სახით, რაც მრავალ ათას მილიარდერს შექმნის. 2050 წელს FORBES-ის მილიარდერთა ნომერი დიდი ქალაქის ტელეფონების წიგნივით სქელი იქნება.

სად უნდა ეძიონ ქონება ხვალინდელი დღის მილიარდერებმა? რადგანაც ტენდენციები ჩვენი მეგზურები არიან, მივადევნოთ თვალი შემდეგ ორ მეგატენდენციას.

  • გლობალური მოსახლეობა. სულ უფრო იზრდება, სულ უფრო მდიდრდება, სულ უფრო ურბანული და ხნიერი ხდება. გლობალური მოსახლეობა დღეს 7.3 მილიარდია. გაეროს პროგნოზით, 2050-ისთვის, მისი რიცხვი 9.7 მილიარდს მიაღწევს. მაგრამ მეგატენდენციების ჭრილში ქვეტენდენციებსაც მიაქციეთ ყურადღება. აიღეთ გლობალური საშუალო ფენის ზრდა. დღეს ასეთი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 2 მილიარდია. 2050 წლისთვის ეს რიცხვი შეიძლება, მეტ-ნაკლებად, გაორმაგდეს. როცა ხალხი სიღარიბიდან საშუალო ფენაში ინაცვლებს, მათ რაღაცები უნდებათ და შესაბამისად, ამ რაღაცების ყიდულობენ კიდეც. და რა უნდათ მათ? სანიტარული პირობების გაუმჯობესება. კონდიცირება. თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. მაღალპროტეინიანი კვების რაციონი, მოგზაურობის შესაძლებლობა. ამ მოთხოვნილებათა მომსახურებით ტრილიონობით დოლარი გაკეთდება.

2050 წლისთვის ურბანული მოსახლეობა 4 მილიარდიდან 6.3 მილიარდამდე გაიზრდება. ტრილიონობით დოლარი გაკეთდება სახლებისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიებში.

მსოფლიოს ასაკოვანი მოსახლეობა (65-ს გადაცილებული ხალხი) დღევანდელი 600 მილიონიდან დაახლოებით 1.5 მილიარდამდე გაიზრდება 2050 წლისთვის. ტრილიონობით დოლარი გაკეთდება ასაკოვანი ხალხის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად გამიზნულ სხვადასხვა ახალ წამალში, სამედიცინო პროცედურასა და ჯანმრთელობის სერვისში.

  • ტექნოლოგიის აქსელერაცია. ტექნოლოგიურ წრეებში ცხარე დებატი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, შენელებულია თუ არა მურის კანონი, რომელიც მიკროჩიპის ევოლუციის ტემპს აფასებს. ვიწრო გაგებით, შენელებულია. ჩიპზე არსებულ მიკროსქემებს შორის მანძილი უკვე რამდენიმე ატომის ზომამდეა შემცირებული. მიკროსქემების ბევრად უფრო მჭიდროდ მიბჯენაა საკმარისი და ელექტრონები მიკროჩიპებს დაერევიან და არაპოგნოზირებად ქცევას დაიწყებენ. მაგრამ ტექნოლოგიის მზარდი პროგრესი ამით შეჩერდება?

ფუტურისტ რეი კურცვაილის აზრით – არა. ის ხაზს უსვამს, რომ მურის კანონის პროგრესის ტემპი (სადაც ციფრული ტექნოლოგიის შესაძლებლობები ყოველ 18-24 თვეში ორმაგდებდა) წინ უსწრებს სილიკონის ერას, რომელიც 1958 წელს, Fairchild Semiconductor-ის მიკროსქემით დაიწყო. კურცვაილის მტკიცებით, ექსპონენციური ერის სათავე 1890-იანებია. ის ამბობს, რომ ეს ერა, კვანტური გამოთვლებისა და სხვა უკვე დამტკიცებული კონცეფციების წყალობით, გაგრძელდება მაშინაც, როცა სილიკონის ნახევარგამტარები თავს ბუნებრივად ამოწურავენ (2020-იანების დასაწყისში).

კურცვაილი, შესაძლოა, ცდებოდეს, მაგრამ სანაძლეოს ამაზე არ დავდებდი. ტექნოლოგიური ცვლილებების ტემპის საწინააღმდეგოდ დადებული ფსონი ჭკვიანური არასდროს ყოფილა. ეს იგივეა, კაცობრიობის გამომგონებლურობის წინააღმდეგ რომ დადო ფსონი. ხვალინდელი დღის მილიარდერები ისინი იქნებიან, ვინც გამომგონებლურობასა და სწრაფად აღმოცენებად ტექნოლოგიას ტრადიციული ინდუსტრიების – სოფლის მეურნეობის, ენერგიის, წარმოების, ტრანსპორტის, მშენებლობის, ფინანსების, ჯანდაცვის – ტრანსფორმაციისთვის გამოიყენებენ, რათა დედამიწის მზარდ მოსახლეობას ემსახურონ.

იფიქრეთ უფრო ფართოდ, უფრო მდიდრულად, უფრო ურბანულად და უფრო ხნიერად. და სწორი ტექნოლოგიით აღჭურვილნი, პირველები მიდით იქ, სადაც საჭიროა. შესაძლოა, FORBES-ის მილიარდერთა მომავალ ნომერშიც მოხვდეთ.