დემოკრატიული სასმელების ელჩი საქართველოში

დემოკრატიული სასმელების ელჩი საქართველოში

გოჩა დარჩიაშვილმა ბიზნესი, მშობლების სახლის უზრუნველყოფით, ბანკისგან $30,000-ის სესხებითა და საქართველოში ჰოლანდიური ლუდის შემოტანით დაიწყო. გარკვეული დროის განმავლობაში ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ერთადერთი მიმწოდებელი იყო, დღეს კი როგორც ალკოჰოლის, ისე საკვები პროდუქტების ყველაზე მსხვილი დისტრიბუტორია. GD Alco ყველაზე მცირეა მის GD Group-ში შემავალი კომპანიებიდან, თუმცა ფავორიტად რჩება. ანტრეპრენიორს GD Group-ის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსება სურს, რისთვისაც $500,000,000-იანი ბრუნვა ესაჭიროება.

როცა გოჩა დარჩიაშვილი ბიზნესს იწყებდა, საქართველოში ხალხს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, რა იყო ვისკი და რა განასხვავებდა მას, მაგალითად, ვერმუტისაგან ან ლიქიორისაგან. ხშირად სასმელს უბრალოდ “ბოთლის ფორმის მიხედვით ყიდულობდნენ”. მართალია, ბაზარზე ხარისხიან სასმელზე მოთხოვნა ნელ-ნელა ჩნდებოდა, თუმცა თავადაც არანაკლები შრომა მოუწია იმისთვის, რომ მომხმარებლისათვის “სწორად სმა” ესწავლებინა.

ამასობაში, $30 ათასით დაწყებული კომპანიაც ნელ- ნელა მსხვილდებოდა. თავიდან თავად იყო დისტრიბუტორიც, ხელმძღვანელიც, მძღოლიც და მტვირთავი მუშაც. ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ რამდენიმე მსხვილი უცხოური ალკოჰოლური სასმელის ბრენდმენეჯერმა შესთავაზა დახმარება, ქაოსური ბიზნესისთვის უფრო ცივილიზებული სახე მიეცა.

“98 წლიდან დაიწყო, რასაც ჰქვია, ბიზნესის კეთება, მანამდე 6-7 წელი ძირითადად მოთელვის პერიოდი იყო, ანუ ვსწავლობდი, რადგან თეორიული განათლება მაშინ არავის ჰქონდა ბიზნესში”, – იხსენებს გოჩა დარჩიაშვილი.

დღეს GD Alco ისეთი პრემიალური ბრენდებით, როგორიცაა Glenfiddich, Finlandia, Jack Daniel’s, Hennessy, Jameson, Chivas Regal, Absolut, Johnnie Walker, Baileys, Bacardi, Martini, Grey Goose, Remy Martin, Cointreau, Cinzano, Beluga, Corona, Guinness და სხვა, 2600 სავაჭრო ობიექტს ამარაგებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის ყველაზე მსხვილი კი “კარფურის”, “სმარტის” და “ნიკორას” ქსელებია.

“პასუხისმგებლობა და კომფორტული მომსახურების სერვისი კომპანიის პროფესიონალიზმზე განსაკუთრებით მეტყველებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია”, – ასე შეაფასა GD Alco-სთან თანამშრომლობა “ნიკორა ტრეიდის” მარკეტინგის მენეჯერმა, გვანცა ცოგოშვილმა.

შედარებისთვის, 2013 წელს GD Alco-ს პარტნიორი სავაჭრო ობიექტების რაოდენობა 1800-ს ითვლიდა. ბოლო ორ წელიწადში საკუთარ დახლებზე პრემიალური სასმელების განთავსების მსურველი სავაჭრო ობიექტების რიცხვის ზრდა იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სულ უფრო მეტად უჩნდება მოთხოვნა ხარისხიან სასმელზე.

წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალი მოხმარებით ალკოჰოლური სასმელების ჯგუფში არაყი გამოირჩეოდა, თუმცა GD Alco-ს მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის თანახმად, ტენდენცია იცვლება. მაგალითად, 2014 წელს ვისკის მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შარშან განსაკუთრებულად ინტენსიური ზრდა დაფიქსირდა ერთალაოიანი ვისკის ბაზარზე.

ამ ტენდენციას წარმოაჩენს EuroMonitor-ის მონაცემებიც, რომელთა თანახმად, მყარად დამკვიდრებულ ღვინის ბაზარს 2014 წელს ზრდა უფრო ნაკლები ჰქონდა, ვიდრე სპირტიანი სასმელებისას და ამ კატეგორიაშიც ქართველმა მომხმარებელმა აქცენტი უფრო ხარისხზე გადაიტანა. შედეგად, სპირტიან სასმელებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა ვისკიზე დაფიქსირდა, ანუ მომხმარებელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა პრიორიტეტი არყიდან ვისკიზე გადაიტანა.

The Keepers of Quaich – არსებობს ასეთი ორდენი შოტლანდიაში და ის წევრებად აღიარებს მხოლოდ მათ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს შოტლანდიური ვისკის ინდუსტრიის განვითარებაში. ორდენი შოტლანდიური ვისკის წამყვანმა მწარმოებლებმა დააარსეს და მისი თითოეული წევრი გამოთქვამს მზადყოფნას, ეს სასმელი უფრო პატივსაცემი გახადოს. გოჩა დარჩიაშვილი, მისი მეგობრის შუამდგომლობით, Keeper of Quaich-ი ცოტა ხნის წინ გახდა და ამდენად მისმა მისიამ, ვისკი უფრო პოპულარული გახადოს საქართველოში, ახალი დატვირთვა შეიძინა, თუმცა მცდელობას არც აქამდე აკლებდა.

ბიზნესმენის აზრით, GD Alco-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში ვისკისა და სხვა ხარისხიანი სასმელების პოპულარიზაციაში. ამ მიზნით, კომპანიას ყოველწლიურად ჩამოჰყავს ბრენდ-ამბასადორები, რომლებიც ტრენინგებს ატარებენ როგორც ბარმენებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის; საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას მირთმეული ესა თუ ის სასმელი სწორად, რასთან ერთად არის მათი მირთმევა განსაკუთრებულად გემრიელი, რა საგემოვნო თვისებებით გამოირჩევიან ისინი, როგორია მათი შექმნის ისტორია და დამზადების ტექნოლოგია. “სწორედ ამ სახის აქტივობებმა განაპირობა ბაზრის განვითარება და ხარისხიან სასმელზე მოთხოვნის ზრდა”, – მიაჩნია გოჩა დარჩიაშვილს.

ეს ყველაფერი არ არის. GD Alco მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს ალკოჰოლის მომსახურების დონის ამაღლებაში, რაც, უპირველეს ყოვლისა, ალკოჰოლური სასმელების მაღაზიების ქსელის შექმნაში გამოიხატება. კომპანია საქართველოში ათ “ვისკის სახლსა” და “ალკორიუმს” ფლობს, რაც პრემიალური ალკოჰოლური სასმელების მსხვილ ქსელს ქმნის და ჰყავს ლოიალურ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზა. მათ ურჩევნიათ, სასურველი უნიკალური სასმელი კომპეტენტური კონსულტანტების რჩევების საფუძველზე შეარჩიონ.

თავად “დემოკრატიულ სასმელებს” ანიჭებს უპირატესობას: “Jack Daniel’s, Jameson – მგონია, რომ ეს ბრენდები უფრო დემოკრატიულია. კლუბურ სიტუაციას შეესაბამება”, – განმარტავს ბიზნესმენი, თუმცა იქვე ამატებს, რომ ყველაზე მეტად იტალიური წარმოების წითელი ღვინო უყვარს.

“ქართული ღვინის პოტენციალი, ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებულია, – მიზიარებს იგი, – ქვეყანაში იმდენი რამეა მისახედი, რომ არ მიმაჩნია აუცილებლად, სახელმწიფომ ფული ღვინის პოპულარიზაციაზე დახარჯოს. თანაც ჩვენ არ გვაქვს იმდენი მოსავალი, რომ ამით ბიუჯეტმა შემოსავალი მიიღოს”. მისი აზრით, განათლების სფერო გაცილებით პრიორიტეტულია: “არანაირი ხელშესახები ეკონომიკური ცვლილება არ მოხდება, თუ ფული განათლებაში არ ჩაიდო”.

თავად ამ პრობლემას მაშინ გადააწყდა, როცა კომპანიაში მენეჯმენტის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა დაიწყო და კარგი მენეჯერების პოვნა გაუჭირდა. საბოლოოდ კი დიდ უცხოურ კორპორაციებში მუშაობის გამოცდილების მქონე პროფესიონალები მოიწვია. ცხადია, სათანადო ანაზღაურების შეთავაზების სანაცვლოდ.

“მე რომ დღეს მენეჯერის პოვნა მიჭირს, იმის მაჩვენებელია, რომ მთლიანობაში ადამიანებს აკლიათ განათლება. ტოპ-მენეჯმენტის პრობლემაა – ადამიანების, რომლებსაც არა მარტო მათემატიკური უნარები ან ანალიტიკური აზროვნება ექნებათ, არამედ – ბიზნესის ფართო ხედვაც”, – ამბობს გოჩა დარჩიაშვილი. თავად ორი დიპლომი აქვს – მშენებლისა და ფინანსისტის – თუმცა საკუთარ განათლებას ამ სფეროებში სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, ორივე პროფესიას 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში დაეუფლა– “მხოლოდ მშობლების გასახარებლად”.

რა შეიძლება ეხმარებოდეს კარგი განათლების არმქონე ადამიანს, წარმატებას მიაღწიოს ბიზნესში? გოჩა დარჩიაშვილის რეცეპტით – არანორმალური შრომა. დასვენების დღეებს ვერ იტანს, დასვენება არ შეუძლია. თუკი თავიდან ეს უბრალოდ გამოუვალი სიტუაციით იყო განპირობებული და სხვა გზა არ ჰქონდა, დროთა განმავლობაში ჩვევად ჩამოუყალიბდა.

“ვერ ვისვენებ, ერთ ადგილას ვერ ვჩერდები, ბუნებითაც ასეთი ვარ – რომ გავჩერდე, უფრო დავიღლები”, – მიხსნის ბიზნესმენი.

ციურიხში ცხოვრობს, თუმცა ხშირად მოგზაურობს. წელიწადში 8 თვეს პრაქტიკულად სასტუმროში ატარებს. ოჯახიც შვეიცარიაში ჰყავს იმ მიზეზით, რომ შვილებმა – 15 წლის ვაჟმა და 12 წლის ქალიშვილმა – კარგი განათლება მიიღონ, “რათა თავიანთი ცხოვრება თვითონ წარმართონ და საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინონ”.

არ მიაჩნია, რომ საქართველოდან “წასულია”, მისთვის “საქართველო მენტალურადაც უფრო ახლოა”. მინიმუმ თვეში ორჯერ ჩამოდის ჯგუფის საბჭოს სხდომაზე და თანაც არაერთი ახალი გეგმა აქვს განსახორციელებელი, ანუ როგორც უკვე თქვა – ვერ ისვენებს.

“დღეს საკმაოდ საინტერესო დროა ბიზნესის საკეთებლად. მართალია, ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ მაინც შეშინებული. ბიზნესმენი თუ ვიღაცას იცნობს, რომლის ბიძაშვილი მეგობრობს რომელიმე ჩინოვნიკთან, რაღაც თვითკმაყოფილებას განიცდის, თავი უფრო დაცული ჰგონია. არადა, ბიზნესი არ არის პოლიტიკის ნაწილი და ქვეყანაში დღეს ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია”, – ასე განმარტავს “შეშინებულობას” და ამბობს, რომ თავად ხელისუფალთა უმრავლესობას არც იცნობდა, მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილს, ან ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რატომღაც გრაფ მონტე-კრისტოს აგონებს: “წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდებოდა მის ბიზნესში, მაგრამ ჩემთვის გრაფი მონტე- კრისტო დადებითი პერსონაჟია”.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც სხვები, “მისი კომპანიაც იხდიდა”, წინა ხელისუფლების დამსახურებად მიაჩნია ქვეყნის სწრაფი ნაბიჯებით წინსვლა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მმართველობის ბოლო წლებში ბიზნესი წნეხისაგან უნდა გაეთავისუფლებინა. მისი აზრით, ამგვარად დღეს ქვეყანაში უკეთესი სიტუაცია იქნებოდა.

ყოფილებს არ იცნობდა, მაგრამ იცნობს მოქმედ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც “ბიზნესორიენტირებულ და პიროვნულად საკმაოდ კარგ, ჩამოყალიბებულ ადამიანად” მიიჩნევს, თუმცა მოქმედ მთავრობასთან რჩევები მაინც აქვს – ნელ-ნელა საშუალო რგოლის მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. “არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც ტალღას მოჰყვებიან ხოლმე და ესენი უნდა გაიფილტრონ. ასეთი ტიპის მენეჯერები, მინისტრის მოადგილე იქნება, მინისტრი თუ დეპარტამენტის თავმჯდომარე – თუ კარგად მომზადებული კადრი არ არის, მხოლოდ ეკონომიკის მუხრუჭია. ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას, არ ჰყოფნის შესაბამისი კვალიფიკაცია და ინიციატივასაც ადგილზე კლავს, რადგან ქვევიდან წამოსულ ჭკვიანურ ინიციატივას ზევით არ უშვებს საკუთარი ადგილის დაკარგვის შიშით. ამ პროცესს ეკონომიკა სტაგნაციისაკენ მიჰყავს”, – განმარტავს გოჩა დარჩიაშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ლიდერია როგორც ალკოჰოლის, ისე საკვები პროდუქტების დისტრიბუციის ბაზარზე, მის ბიზნესს ახლა აქტიური დივერსიფიკაციის პერიოდი უდგას. ივნისში გოჩა დარჩიაშვილი თამარ მეფის გამზირზე თავისი პირველი სასტუმროს მშენებლობას ასრულებს, რომელიც “არქიტექტურულადაც და დიზაინითაც განსხვავებული იქნება”, თუმცა ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მისი მართვა საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას მიანდოს, თუ თვითონ შექმნას ქართული ბრენდი, რომელსაც თავადვე მართავს.

“მეორე სასტუმროსაც ვგეგმავთ რუსთაველზე. ვნახოთ, თუ პირველის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ეს ჩვენი საქმე არ არის, მეორესაც რომ დავასრულებთ, ერთობლიობაში გადავცემთ რომელიმე საერთაშორისო ბრენდს მართვისთვის”, – მიზიარებს სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ გეგმებს, რომლებიც მას მერე ჩამოაყალიბა, რაც შეამჩნია, რომ ქვეყანაში ტურისტმა იმატა, ხოლო არსებული საწოლები არ იყო შესაბამისი არც რაოდენობით და არც ხარისხით.

გეგმები აქვს ჰიდროენერგეტიკაშიც. უცხოელ პარტნიორებთან ერთად იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ სფეროში ინვესტირება განსაკუთრებით მოგებიანია, მით უმეტეს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ასე თუ ისე, მაინც იზრდება.

“იმედია, ეკონომიკა უფრო მეტად გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოხმარებაც გაიზრდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ბიზნესს საკმაოდ სერიოზული მომავალი აქვს. ვმუშაობთ უცხოურ ფონდებთან და კომპანიებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ დიდი პროექტების განხორციელებაში”, – განმარტავს გოჩა დარჩიაშვილი.

პირველი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე ხობისწყალზე იგეგმება, თუმცა დამატებით დეტალებს ამ ეტაპზე არ ამხელს. ურჩევნია, ჯერ გააკეთოს, მერე ილაპარაკოს. ადასტურებს, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად GD Group-ის ქოლგის ქვეშ, რომელიც ჯამურად 2000 ადამიანს ასაქმებს, უკვე შექმნილია ცალკე კომპანია, თუმცა მისი სახელი, მისდა გასაკვირადვე, არ ახსოვს.

ახალი ბაზრების ათვისების პარალელურად, კომპანია აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს სიგარეტების უმსხვილეს მწარმოებელ Philip Morris-თან საქართველოში პარტნიორობასთან დაკავშირებით.

“ამ დროის განმავლობაში უმსხვილესი და ერთ- ერთი ყველაზე მზარდი სადისტრიბუციო ქსელის შექმნა შევძელით. ვფიქრობ, ჩვენი ბაზა და უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს მაშინ, როდესაც ისეთი მსხვილი საერთაშორისო ბრენდი, როგორც “ფილიპ მორისია”, ახალი პარტნიორის მოძიებას ცდილობს”, – მიაჩნია ბიზნესმენს.

სჯერა, რომ “ფულმა არ გააფუჭა” და მთავარ მიღწევად მიაჩნია, რომ “შეინარჩუნა ადამიანობა”. ნულების რაოდენობას არ ასახელებს, თუმცა “საკმარისი ფული აქვს, რომ კარგად იცხოვროს”. მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს ახალი მანქანის ყიდვის უფლება პირველად ათი წლის წინ მისცა: “მანამდე სულ ნახმარ მანქანას ვყიდულობდი ხოლმე. არ ვაძლევდი ჩემს თავს ასეთი ფუფუნების უფლებას და ფულს სულ ბიზნესში ვატრიალებდი. ჩემი ბიზნესის წარმატება ჩემი პირადი წარმატება იყო და არ მაინტერესებდა, ჭავჭავაძეზე რა მანქანით გავისეირნებდი, ან რას იტყოდნენ ჩემზე”.

მუდმივად ცდილობს, განვითარდეს პიროვნულადაც და ბიზნესშიც. მისთვის ახლის აღმოჩენის, ცდის, შეცნობისაკენ სწრაფვა ისეთივე მძაფრია, როგორიც 25 წლის წინ იყო, როცა ჯერ მხოლოდ იწყებდა. დღესაც “არა აქვს პრობლემა თქვას, რომ რაღაც კარგად არ ესმის და განმარტება მოითხოვოს”.

ამ ფონზე სულაც არ არის გასაკვირი მისი გეგმები ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებით. არც იმას უშვებს, რომ ინვესტორების მხრიდან ინტერესი ისეთი ცხოველი არ იქნება, როგორიც სხვა ქართული კომპანიების მიმართაა, რომლებიც ძირითადად ფინანსური სექტორიდან არიან. მთავარია, მზად იყოს, მზადყოფნისთვის კი კარგად ემზადება.

“გეგმაზე ვმუშაობთ, შესაბამისი პიარიც გაკეთდება. რა თქმა უნდა, რეგიონიდან გამომდინარე, გარკვეული რისკები არსებობს, მაგრამ მაქვს შეხება კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფებთან ევროპაში და დაახლოებით ვიცი მათი განწყობები”, – ახალი გამოწვევების მოლოდინში გოჩა დარჩიაშვილი იმედიანად არის განწყობილი. წარმოუდგენელიც კია, ადამიანი, რომელიც ერთ ადგილზე უბრალოდ ვერ ჩერდება, ოპტიმისტი არ იყოს.

ერთ-ერთი განმარტებით, ანტრეპრენიორი გამოუსწორებელი ოპტიმისტია, რომლისთვისაც მთავარი მოტივაცია ბიზნესში მოგება კი არა, მიღწეულის გაზომვის სტანდარტია. გოჩა დარჩიაშვილისთვის ეს სტანდარტი წარმატებული მენეჯმენტია, რომელიც GD Group-ს უკვე ჰყავს და, აქამდე მიღწეულის გათვალისწინებით, კომპანიას წინ კიდევ არაერთი მიღწევა ელის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.