MONTBLANC-მა 2015 წლის კოლექცია ენდი უორჰოლს მიუძღვნა

MONTBLANC-მა 2015 წლის კოლექცია ენდი უორჰოლს მიუძღვნა

ენდი უორჰოლმა – რომელმაც თავისი კარიერა 1950-იან წლებში ჟურნალ Glamour-ის სარეკლამო ილუსტრატორად მუშაობით დაიწყო – უამრავი წარწერა გააკეთა მოკრძალებული კალმით, ვიდრე თავის ცნობილ ტრაფარეტებს შექმნიდა. რა გასაკვირია, რომ თავისი პრემიუმ-ხარისხის საწერი ინსტრუმენტებით ცნობილმა კომპანია Montblanc-მა 2015 წლის შეზღუდული რაოდენობის კოლექცია სახელწოდებით Great Characters-ი სწორედ ენდი უორჰოლის შემოქმედებას მიუძღვნა.

ეს ხაზი მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილი კულტურის მოღვაწეების პატივსაცემად შეიქმნა. შეზღუდული რაოდენობის კალმების განსაცვიფრებელ დიზაინზე მუშაობა 3-4 წლით ადრე იწყება და მოიცავს ასევე ვრცელ ისტორიულ კვლევას. Montblanc-ის საპატიო მოღვაწეთა სიაში წარსულში იყვნენ ჯონ კენედი, ლეონარდო და ვინჩი და მაჰათმა განდი.

“ჩვენი კოლექციით – Great Characters – ვცდილობთ პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი მოღვაწეობით დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვეობაზე და წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში”, – ამბობს Montblanc-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟერომ ლამბერი. იგი აღნიშნავს, რომ კოლექციის თითოეული საწერი ინსტრუმენტი საგანგებოდ არის დამზადებული მათი კომპანიის ჰამბურგში მდებარე ხელოსანთა ატელიეში, რომელიც მხოლოდ მაღალი ღირებულების ექსკლუზიურ გამოცემებზე სპეციალიზდება. “ჩვენი ატელიე საერთო წარმოებისაგან განცალკევებით ფუნქციონირებს. სახელოსნოს აქვს საკუთარი ინსტრუმენტები, დანადგარები, დიზაინი და ცალკე გუნდი, რომელიც ექსკლუზიური გამოცემების წარმოებაზე მუშაობს, – აგვიხსნა ჟერომ ლამბერმა. სახელოსნოს დიზაინერების სამუშაო მოიცავს ესკიზებსა და ცვილის 3D-მოდელებს, ხოლო საბოლოო პროდუქტს ამზადებენ ექსპერტი იუველირები, რომლებიც ხელით აპრიალებენ, გრავირებას აკეთებენ და თითოეულ დეტალს აწყობენ.

ენდი უორჰოლის საკულტო ნამუშევრის – კემპბელის სუპის ქილების პატივსაცემად Montblanc-ის მიერ დამზადებული უჟანგავი ფოლადის კალმის სახურავზე ამოტვიფრულია პომიდვრის სუპის ოთხი ქილა. ნახატთა კონფიგურაცია არის ორი-ორზე, რაც ეხმიანება უორჰოლისთვის დამახასიათებელ სერიულ მიდგომას. კემპბელის სუპის ქილების გამოსახულებას ავსებს კობალტისფერი ცილინდრი და ვიწრო ნარინჯისფერი რგოლები, რაც ამ სერიის პროვოკაციულ ფერთა ვარიაციისათვის არის სიმბოლური. ენდი უორჰოლის სახვითი ტრაფარეტული ბეჭდვისადმი დიდი სიყვარული კი კალმისტრის პლატინით დაფარულ სამაგრზეა ასახული.

Montblanc-ი კალმისტრის სამ ვარიანტს გვთავაზობს: ბურთულიანი ავტოკალამი გრეხილი მექანიზმით ($750); კალამი-როლერი ($805); და დგუშის კალამი, რომლის წვერზეც ამოტვიფრულია ენდი უორჰოლის დოლარის სიმბოლო მისი ცნობილი ნახატთა სერიიდან. კალამი გაწყობილია 14-კარატიანი ოქროთი და როდიუმით ($940).

კალმისტრის სახურავზე ამოტვიფრულია ენდი უორჰოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ციტატა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის ავანგარდულ მიდგომას ხელოვნებისადმი: “Art is what you can get away with” – ხელოვნებას არა აქვს ზღვარი და კანონები. 1987 წელს დაარსებული ენდი უორჰოლის ვიზუალური ხელოვნების ფონდის პატივსაცემად სახურავის რგოლზე უორჰოლის წარწერასთან ერთად არის შემდეგი წარწერები: “©/®/TM AWF”. ენდი უორჰოლის ფონდი შეიქმნა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ხელშეწყობის, შენარჩუნებისა და საზოგადოებისათვის წარდგენის მიზნით.

ენდი უორჰოლისადმი მიძღვნილი შეზღუდული გამოშვება გახლავთ 1928 – ეს ციფრი მის დაბადების წელს აღნიშნავს. კალმისტრის სახურავზე უორჰოლის “ყვავილების” სერიაა წარმოდგენილი – ოთხი ყვავილის მოტივი კაშკაშა ტონალობებში. კალმის წვერზე ამოტვიფრულია შტრიხკოდი, რომელიც გამოხატავს ენდი უორჰოლის შემოქმედების დამოკიდებულებას კომერციალიზაციისადმი.

კალმის მოოქრულ წვერზე ამოტვიფრული დოლარის სიმბოლო საზოგადოების ფულისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებას გამოხატავს, ხოლო რუხი ლაქით შეღებილი კალმის ბუდესა და პლატინის მოპირკეთებებზე ამოტვიფრულია The Factory (ქარხანა) – უორჰოლის ნიუ-იორკში მდებარე ლეგენდარული ხელოვნების სტუდიის სახელი. კალმის სახურავზე ენდი უორჰოლის ცხოვრებისეული ფილოსოფიაა აღბეჭდილი: “შეეცადეთ, რომ უცაბედად სიამოვნება მიიღოთ ცხოვრებისეული პატარა დეტალებისაგან, რომლებიც ჩვეულებრივ მოსაწყენად გეჩვენებათ”.

1975 წელს გამოცემული “ენდი უორჰოლის ფილოსოფიის” შემოკლებულ ვერსიაში, რომელიც საჩუქრად მოჰყვება ასევე შეზღუდული რაოდენობით დამზადებულ საათებს, თქვენ ნახავთ უორჰოლის მრავალფეროვანი იდეოლოგიის გამომხატველ კიდევ სხვა მრავალ გამონათქვამს.

“კულტურას უაღრესად დიდი ადგილი უკავია Montblanc-ის საქმიანობაში. გარდა იმისა, რომ ენდი უორჰოლი ძალიან ძლიერი და საოცარი მხატვარი იყო, უორჰოლის პიროვნება და ის, რასაც იგი გამოხატავდა, დღესაც ძალზე აქტუალურია კულტურის სამყაროში”, – თქვა ლამბერმა და დასძინა, რომ საკუთარი თანამედროვე ნამუშევართა შექმნით Maison-ი მფარველობდა თანამედროვე ხელოვნებას და დიდი წვლილი შეჰქონდა მის განვითარებაში.

“თითქმის 30 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ თანამედროვე ხელოვნების სამყარო და პოპკულტურა კვლავ გამსჭვალულია ენდი უორჰოლის შემოქმედების გავლენით, – აცხადებს კომპანია თავის ერთ-ერთ პრესრელიზში. – ნატიფი ოსტატობისა და დახვეწილი დიზაინის მეშვეობით, ენდი უორჰოლის პატივსაცემად შექმნილი სერია Great Characters-ი უკვდავყოფს პოპხელოვნების მამის სულს, გენიასა და პიონერულ სულისკვეთებას”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *