Moody’s: რუსეთის მდგომარეობა უკვე შესაძლებელია განხილული იქნეს დეფოლტად

Moody’s: რუსეთის მდგომარეობა უკვე შესაძლებელია განხილული იქნეს დეფოლტად

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Moody’s-ის განცხადებით, რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა უკვე შესაძლებელია განხილული იქნეს დეფოლტად, რადგან ქვეყანამ ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ობლიგაციების მომსახურებისას საბირჟო კონტრაქტები დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, 4 აპრილს რუსეთი დოლარში დენომინირებულ ორ ობლიგაციას ეროვნულ ვალუტაში მოემსახურა. Moody’s-ის შეფასებით, ვალის რუბლში დაფარვით რუსეთმა უხეშად დაარღვია საბირჟო კონტრაქტი, რომელშიც მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ ობლიგაციის მომსახურება მხოლოდ აშშ დოლარში იყო დასაშვები.

სარეიტინგო კომპანიის განმარტებით, გადახდის პერიოდის ამოწურვამდე ინვესტორებმა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ვერ მიიღეს, რაც ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ დეფოლტს გულისხმობს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობა ყველანაირ ცდილობს ვალდებულებების დროულ მომსახურებას და ის არ დაუშვებს, რომ ქვეყანამ დეფოლტი ოფიციალურად გამოაცხადოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მთავრობა გეგმავს, რომ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციები რუბლში დაფაროს.

საგულისხმოა, რომ გავლენიანმა სარეიტინგო კომპანიებმა, Fitch-მა, S&P Global-მა და Moody’s-მა რუსეთის სუვერენული და სავალუტო რეიტინგები უკვე შეამცირეს გარდაუვალი დეფოლტის დონემდე. Morgan Stanley კი რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადებას მიმდინარე თვეს პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *