FBI: ჩრდილო-კორეელმა ჰაკერებმა $600 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს

FBI: ჩრდილო-კორეელმა ჰაკერებმა $600 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან დაკავშირებული ჰაკერების ჯგუფი 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვაში დაადანაშაულა. FBI-ის განცხადებით, აღნიშნული თანხა ჰაკერებმა ერთი კიბერთავდასხმით ვიდეოთამაშების კომპანიისაგან მოიპარეს.

„გამოძიებით დავადგინეთ, რომ 29 მარტს 620 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეთერიუმის მოპარვაზე პასუხისმგებელნი კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებული კიბერდაჯგუფებები, Lazarus-ი და APT38-ი არიან“ – ნათქვამია FBI-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს, ცნობილი კრიპტო ვიდეოთამაშის, Axie Infinity-ს დამფუძნებელმა კომპანია Sky Mavis-მა კიბერთავდასხმის შესახებ განაცხადა. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა Ronin-ის ქსელზე თავდასხმით 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეთერიუმი მოიპარეს. Sky Mavis-ის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმა 23 მარტს მოხდა.

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ჰაკერული დაჯგუფება Lazarus-ი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, სახაზინო დეპარტამენტმა ის კრიპტოსაფულეც დაასანქცირა, რომელიც Axie Infinity-ზე თავდასხმის შემდეგ ჰაკერებმა კრიპტოვალუტის ტრანზაქციისათვის გამოიყენეს.

Chainalysis-ის მონაცემების თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში Lazarus-მა 1.75 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტები მოიპარა. ზოგადად, ჰაკერული თავდასხმები უკვე წლებია, რაც ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემოსავალს წარმოადგენს. კრიპტოინდუსტრია კი მათ მიერ მართული ჰაკერების ახალი და საკმაოდ მსუყე სამიზნე გახლავთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *