NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 16%-ს საზღვარგარეთ ოჯახის ერთი წევრი მაინც ჰყავს, რომელიც მუშაობს და საქართველოში ფინანსურ დახმარებას აგზავნის. აღნიშნული მაჩვენებელი NDI-ის 2019 წლის ივლისთან შედარებით ოთხი ერთეულითაა გაზრდილი. კითხვაზე, თუ რამდენად სავარაუდოდ მიიჩნევენ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ ემიგრაციაში წასვლას, გამოკითხულთა 16% დადებითად პასუხობს. მაჩვენებელი ერთი ერთეულითაა გაზრდილი 2023 წლის მარტთან შედარებით, თუმცა 4 ერთეულითაა შემცირებული 2022 წლის დეკემბერთან მიმართებით.
საინტერესოა, რომ NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% პირადად იცნობს ერთ ადამიანს მაინც, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა. ემიგრაციაში სამუშაოდ წამსვლელთა მთავარ მიზეზებს შორის გამოკითხულები ადგილობრივ ბაზარზე არსებულ დაბალ ხელფასებს, სამუშაო ადგილების ნაკლებობასა და ცხოვრების მაღალ ხარჯებს ასახელებენ. სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლის მიზეზებს შორისაა საცხოვრებლად დაბალი სტანდარტები, უფრო მეტი ფულის გამომუშავების სურვილი, დასაქმებულთა უფლებების ნაკლებობა საქართველოში და სხვა.
რესპოდენტთა 80% მიიჩნევს, რომ ქართველების საზღვარგარეთ ემიგრაციას ქვეყნისთვის ნეგატიური გავლენა აქვს, 15%-ს კი პირიქით მიაჩნია.