მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ ქვეყანას მხოლოდ პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს - NDI

მოსახლეობის 37% ფიქრობს, რომ ქვეყანას მხოლოდ პროდასავლური კურსი უნდა ჰქონდეს - NDI

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის 37% მიიჩნევს, რომ ქვეყანას მხოლოდ პროდასავლური საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს. გამოკითხულთა 36% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა რუსეთთან საქართველომ კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

რესპონდენტთა 8% მიიჩნევს, რომ ქვეყნის კურსი პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირსა და ნატოსთან კარგი ურთიერთობაც უნდა შევინარჩუნოთ. 2% კი ფიქრობს, რომ კურსი მხოლოდ პრორუსული უნდა იყოს. მხოლოდ პროდასავლური კურსის მხარდამჭერთა მაჩვენებელი 10%-ით შემცირებული NDI-ს 2022 წლის ივლისის გამოკითხვის შემდეგ.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის მთავარ საფრთხედ რუსეთის აგრესიასა და რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს. საინტერესოა ისიც, რომ იმ ადამიანების წილი, რომლებიც საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას მიიჩნევს, 2019 წელთან შედარებით 4%-ით არის შემცირებული.

აღნიშნულ პრობლემებთან გასამკლავებლად და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო საშუალება გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაა. რესპონდენტთა 9% კი მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყანამ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები უნდა გაზარდოს. იმავე მიზნის მიღწევის გზად პრორუსული ორიენტაციის არჩევას გამოკითხულთა 3% ემხრობა.