1709 წელს პოლტავასთან (უკრაინა) გადაწყდა ბევრი რამ, ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ ევროპისათვის, როდესაც პეტრე I-მა გადამწყვეტი ბრძოლა მოუგო კარლოს XII-ს.
გაგახსენებთ პეტრე I-ის დოქტრინას: რუსეთს ორი ფანჯარა აქვს ევროპაში – ბალტიისა და შავი ზღვები. სამი საუკუნეა, ეს დოქტრინა განსაზღვრავს რუსეთის სტრატეგიას დასავლეთის მიმართულებით. ბალტიის სამი სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებამ, კალინინგრადის ოლქის არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად დაავიწროვა ეს ფანჯარა.
უკრაინის ევროპული არჩევანის გამარჯვება რუსეთისათვის ნიშნავს „შავი ზღვის ფანჯრის“ დავიწროებას და საქართველოსაც შანსს უქმნის, რომ მშვიდობიან, სტაბილურ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ევროპულ სახლში დავიდოთ ბინა.
ასე რომ, სამი საუკუნის შემდეგ ისევ პოლტავასთან წყდება აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, მათ შორის, ჩვენიც.
არჩევანის პირისპირ
კრემლის ყოველი აგრესიული ნაბიჯის შემდეგ ქართული (და არა მარტო) საზოგადოება დასავლეთის – შეერთებული შტატებისა და ევროპის – მკვეთრი რეაქციის მოლოდინშია. „მკვეთრ რეაქციაში“ პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრების, კანცლერების განცხადებები, თუნდაც მკვეთრი, თუნდაც ერთობლივი, არ იგულისხმება. ადამიანები უფრო იმას ელიან, რომ პუტინის სამხედრო ნაბიჯებს დასავლეთის მხრიდან ასევე სამხედრო ნაბიჯები დაუპირისპირდება.
შესაბამისად, დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებში გამოხატული შეშფოთება ანდა დასავლური ინსტიტუტების მიერ მიღებულ რეზოლუციებში კრემლის ქმედებების დაგმობა ბევრი ადამიანის ფრუსტრაციას იწვევს. დიპლომატიური ენის მიღმა რუსეთის სამეზობლოში მცხოვრებ ხალხებს კონკრეტული ქმედების დანახვა უნდათ, რადგან მათ კარგად უწყიან: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა.
კრემლის აგრესიულმა, რევიზიონისტულმა პოლიტიკამ, რაც საბჭოთა კავშირის შემდგომ შექმნილი უსაფრთხოების სისტემის დანგრევის მცდელობაში გამოიხატება, ყველა ის ზღუდე მოარღვია, რაც თავად რუსეთს დაიცავდა დასავლეთის მართლაცდა მკვეთრი რეაქციისაგან. ამ წერილში შევეცდები, აღვწერო, რა გზა გაიარა ამ თვალსაზრისით რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან მოყოლებული და როგორ აიძულა მან თავადვე დასავლეთი, „ცივი ომის” პოლიტიკას დაჰბრუნებოდა.
1991-2000: რუსეთი საფრთხეს აღარ წარმოადგენს
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ დასავლეთში გაბატონებული იყო თვალსაზრისი, რომ რუსეთის დემოკრატიული გარდაქმნა შესაძლებელია; რომ მისი აგრესიული ქმედებები საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობაა, რომელსაც რუსეთი თანდათან მოიშორებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც გაგრძელებულმა ეკონომიკურმა ვარდნამ, ნავთობის რეკორდულად დაბალმა ფასმა და ელცინის მმართველობის დროინდელმა ანარქიამ რუსეთი საოცრად დაასუსტა. მან პოზიციები დაკარგა ყველა მიმართულებით, რომელთაგან გამოვყოფ ორს:
– დაირღვა სტრატეგიული ბირთვული ბალანსი. ბირთვული ქობინების სიუხვის მიუხედავად, რუსეთი ვეღარ აწარმოებდა საკმარისი რაოდენობის რაკეტებს (ელცინის მმართველობის ბოლო წლებში უახლესი ტიპის „ტოპოლ-მ“ წელიწადში სულ 1 ან 2 იწარმოებოდა). თავდაცვითი სარაკეტო სისტემების განვითარებით კი შეერთებულმა შტატებმა იმდენად გაასწრო რუსეთს, რომ უკვე პუტინის პერიოდში ვაშინგტონ-მოსკოვის მოლაპარაკებათა ძირითადმა თემამ ბირთვული მუხტის შემცირებიდან სწორედ თავდაცვით სისტემებში პარიტეტის აღდგენაზე გადაინაცვლა.
– მართალია, უაღრესად დესტრუქციულ როლს თამაშობდა ბალკანეთზე, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ყოფილი ვარშავის პაქტის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებას, თავად შექმნა კონფლიქტის კერები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე, თავისი ქმედებები ჩეჩნეთში გაუტოლა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების კატეგორიას და ცდილობდა, ხელი შეეშალა მისი ტერიტორიის გვერდის ავლით აზიიდან ევროპისაკენ მიმავალი გაზ- და ნავთობსადენების აშენებისათვის, რუსეთი იმ პერიოდში მაინც საბჭოთა კავშირის აჩრდილიღა იყო.
იგი სრულად გამოეთიშა აზიის უდიდეს ნაწილში, აფრიკასა და ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს. ყველაფერი კი ეუთოს 1999 წლის სტამბულის მინისტერიალით დასრულდა, როცა შეზარხოშებული ელცინი პრეზიდენტმა კლინტონმა აიძულა, საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანის ვალდებულება აეღო.
მეორე მხრივ, დასავლეთი გრძობდა, რომ ელცინის მმართველობის დროს არსებული ქაოსი და ეკონომიკური სიდუხჭირე ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა ხელისუფლებაში კომუნისტების დასაბრუნებლად (გავიხსენოთ 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნები). ამიტომ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის მომენტში დასავლეთი სულაც არ იყო წინააღმდეგი, რუსეთში წესრიგი აღდგენილიყო (თუნდაც ავტორიტარიზმისადმი მიდრეკილი ტენდენციებით) იმ პირობით, რომ ახალი მმართველი გააგრძელებდა დასავლეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო მშვიდობის მიღწევის საქმეში, აგრეთვე, მოახდენდა რუსული ეკონომიკის ჩართვას საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში.
2000-2008: რუსეთი ჯერ კიდევ არაა საფრთხე
ჩეჩნეთის მეორე ომმა (რომელმაც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი სისასტიკით ელცინის პერიოდში, 1994-96 წლებში წარმოებულ პირველ ომს გადააჭარბა), მედიაზე დამყარებულმა ტოტალურმა კონტროლმა, ნავთობისა და გაზის სექტორებში სახელმწიფო მონოპოლიის აღდგენამ და კრემლის ძალაუფლების ვერტიკალზე მთლიანად ჩამოკიდებამ, „კურსკისა“, „ნორდ-ოსტისა“ თუ სხვა ტრაგიკულ მოვლენებში ხელისუფლების ქცევამ სერიოზულად დააეჭვა ის ადამიანები დასავლეთში, რომლებიც რუსეთის სწრაფ დემოკრატიზაციაზე ოცნებობდნენ.
ნარატივი შეიცვალა: რუსეთის დემოკრატიული გარდაქმნა შესაძლებელია, – ამბობდნენ პუტინის ავტორიტარიზმით იმედგაცრუებულნი, – მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, შესაბამისად, მოსკოვთან თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ.
თანამშრომლობის საჭიროება რეალურად არსებობდა: 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულმა აქტმა შეერთებული შტატების მიწაზე, შუაგულ ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ცივილიზებული სამყარო ტერორიზმთან მასშტაბური ბრძოლის აუცილებლობის წინაშე დააყენა. ავღანეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციის მომარაგების 60% რუსეთის გავლით ხდებოდა, რაც კრემლთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობას ქმნიდა.
გრძნობდა რა, რომ შეერთებული შტატებისათვის რუსეთის არაკონფრონტაციული პოზიცია არსებითი იყო ავღანეთისა და ერაყის სამხედრო კამპანიების პირობებში (ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო კონტროლის საკითხში რუსეთის როლს ამჯერად არ ვეხები – ზ.ჭ.), პუტინმა სრულიად „უმტკივნეულოდ“, საერთაშორისო არენაზე ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე დაამყარა ავტორიტარიზმი ქვეყნის შიგნით და დაიწყო კლანჭების გამოჩენა ქვეყნის გარეთ (ქვეყნის შიგნით ავტორიტარიზმის დამყარებაზე დასავლეთის სუსტი კრიტიკის პასუხად, კრემლმა „სუვერენული დემოკრატიის” იდეა წამოაყენა: რუსეთს (და მის მეზობლებს) საკუთარი ისტორია და მმართველობის ტრადიცია აქვთ. ამიტომ დემოკრატია, რომელიც რუსეთშია, ვერ იქნება დასავლურის ზუსტი ანალოგი და ის შეზავებული იქნება ადგილობრივი ელემენტებით).
შესაბამისად, დასავლეთში ძლიერდება ნარატივი: რუსებსაც უნდა გავუგოთ. საბჭოთა კავშირის დაშლითა და ელცინის პერიოდის ანარქიით 90-იან წლებში მათ ეროვნულ თავმოყვარეობაზე დიდი დარტყმა მიიღეს. არც ჩვენ (დასავლეთი) ვიქცეოდით მთლად ღირსეულად – ვცდილობდით, კრემლის სისუსტით გვესარგებლა და მისი ყოფილი სატელიტები NATO-ში მივიღეთ. შესაბამისად, პუტინის ავტორიტარიზმი ქვეყნის შიგნით რეაქციაა ელცინისდროინდელ ანარქიაზე (ხალხს უნდა წესრიგი), ხოლო „ახლო საზღვარგარეთის) კონცეფცია (რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის სატელიტებად უნდა დარჩნენ) – ჩვენსავე (ანუ დასავლეთის – ზ.ჭ.) ქცევაზე 90-იან წლებში.
სწორედ ამგვარი ნარატივის პირობებში ეთქვა უარი NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე, MAP-ზე, უარი საქართველოს 2008 წლის აპრილში, რაც პუტინმა „მწვანე შუქად“ აღიქვა: მან ჩათვალა, რომ კიდევ უფრო აგრესიულად უნდა ემოქმედა და იმოქმედა კიდეც. 2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, 1992-93 წლებიდან დე ფაქტო ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – დე იურე ოკუპაცია მოახდინა და ეს რეგიონები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.
დასავლეთში არსებული იმედი, რომ საბჭოთა კავშირი ისტორიას ჩაჰბარდა, მოკვდა, მაგრამ ოცნება – რომ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ქცევა წითელ ხაზებს არ გადაკვეთდა – კვლავ მძლავრ ტენდენციად რჩებოდა.
2008-2013: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ მოვლადი
2008 წლის აგვისტოს ომზე შეერთებული შტატების რეაქციაზე მეტყველებს საზოგადოების მიერ ყველაზე ნაკლებად დამახსოვრებული ერთი ფაქტი: საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიით გაყოყოჩებულმა პუტინმა ვენესუელის მიმართულებით სამხედრო ხომალდი დაძრა. „ჯერ ჩააღწიოს“, – ასეთი იყო თეთრი სახლის პრესსპიკერის პასუხი, როდესაც მას ბრიფინგზე ამ ფაქტის კომენტირება სთხოვეს.
პუტინის ფაფხურზე (ჩვენთვის იყო ეს ტრაგედია, თორემ ნამდვილად „ფაფხური“ იყო გლობალური მასშტაბით) ამგვარი ირონიული დამოკიდებულების მიუხედავად, 2008 წლის ომმა სერიოზული უხერხულობა შეუქმნა მათ, ვინც ცოტა ხნით ადრე იმედოვნებდა, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე დამოკიდებულების გაზრდა, ნავთობისა და გაზის გასაღების ევროპულ ბაზარზე პოზიციების შენარჩუნების სურვილი კრემლს უფრო მოზომილი საგარეო პოლიტიკის წარმოებას აიძულებდა.
საქართველოში რუსეთის ინტერვენციას უკრაინაში პრორუსული ხელისუფლების სათავეში მოსვლა, პროდასავლური ოპოზიციის განადგურების მცდელობა და ყირიმში, სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ფლოტის ყოფნის 2042 წლამდე დაკანონება (კიდევ 5 წლით გაგრძელების უფლებით) მოჰყვა.
მაგრამ დასავლეთს რუსეთისათვის არ ეცალა. 2008-2013 წლებში მომხდარმა რამდენიმე დაგეგმილმა და დაუგეგმავმა მოვლენამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა იმაზე, რომ რუსეთის აგრესიული, რევიზიონისტული (საბჭოთა კავშირის შემდგომ შექმნილი საერთაშორისო წესრიგის გადასინჯვაზე ორიენტირებული) და რევანშისტული პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან, პრაქტიკულად, უპასუხო დარჩა და პუტინმა კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოავლინა. ამ მოვლენებიდან აღსანიშნავია შემდეგი:
– ხელისუფლების „ცვლილება“ რუსეთში. პრემიერ მედვედევის გაპრეზიდენტებამ გააცოცხლა ამ პერიოდისათვის უკვე მინავლებული იმედი, რომ რუსეთის დემოკრატიული გარდაქმნა შესაძლებელია. დასავლეთში „ორ რუსეთსა“ (პუტინისა და მედვედევის) და ბიზნესზე ორიენტირებული „მედვედევის რუსეთის“ მხარდაჭერის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ;
– ხელისუფლების ცვლილება შეერთებულ შტატებში. დასავლეთში (განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპაში) არსებობდა მოსაზრება, რომ რუსეთის აგრესიული ქცევა პრეზიდენტ ბუშის აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე პასუხი იყო (ამ მოსაზრების უსაფუძვლობასა და იმ მოტივაციაზე, რატომ იზიარებდა ამ აზრს დასავლეთევროპული პოლიტიკური ელიტა, აქ არ ვისაუბრებ – ზ.ჭ.). შესაბამისად, პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან „გადატვირთვის პოლიტიკის“ გამოცხადებით არა მხოლოდ რუსეთის ტკბილი სიტყვით შემობრუნება სცადა, არამედ თავის ევროპელ მეკავშირეებსაც „გაუგორა კოჭი“;
– მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. 2008 წლის უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსმა შეერთებულ შტატებში მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს მისცა ბიძგი, რამაც დასავლეთის მთავრობები რთული საფინანსო-საბიუჯეტო პრობლემების წინაშე დააყენა. იმ მომენტში რუსეთთან დაპირისპირება „ახალი ფრონტის“ გახსნას ჰგავდა, რაც, ბუნებრივია, არავის აძლევდა ხელს, მით უმეტეს – პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკუთარ ქვეყნებში არჩევნები ჰქონდათ მოსაგები ისედაც გაზრდილი უმუშევრობის ფონზე;
– არაბული გაზაფხული. ერთი ტუნისელი გარემოვაჭრის მიერ პოლიციელის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად თავის დაწვამ ბიძგი იმგვარ მოვლენებს მისცა, რამაც მსოფლიო ყურადღების ცენტრად არაბული სამყარო აქცია. „ახლო საზღვარგარეთში“ რუსეთის აგრესიული პოლიტიკითა და ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული „გადატვირთვის პოლიტიკით“ ისედაც შეშფოთებული აღმოსავლეთ- (პოლონეთი, რუმინეთი) და ჩრდილოევროპელები (შვედეთი, ბალტიის ქვეყნები) დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ თავიანთი დასავლეთევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ევროპის აღმოსავლეთი სამეზობლო (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) არანაკლებ პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო, ვიდრე ევროპის სამხრეთით მაღრიბული სამეზობლო.
ამ პერიოდში ნელ-ნელა ნათელი გახდა რუსეთის რევანშისტული და რევიზიონისტული ქცევა, რასაც ხელი შეუწყო კრემლის მიერ ევრაზიული კავშირის იდეის წამოყენებამ და საბჭოთა კავშირის ამ სახეცვლილი ფორმით აღდგენისაკენ გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.
2008 წელს, აგვისტოს ომის ფონზე, ვენესუელაში სამხედრო გემის გაგზავნა იმის სიმბოლური გამოხატულება იყო, რომ, თუკი „ახლო საზღვარგარეთში“ პოზიციებს გაიმყარებდა, კრემლი იმ რეგიონებსაც მისწვდებოდა, სადაც შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, კონკურენტის გარეშე დარჩა.
2013 წელს სირიის კრიზისის „მოგვარებაში“ მოსკოვის როლის გაძლიერება ამ ამბიციის მკაფიო გამოვლინება იყო, რასაც ხელი ვაშინგტონის „გადატვირთვის პოლიტიკით“ მიღებულმა არცთუ დადებითმა საერთაშორისო კონტექსტმა შეუწყო ხელი.
2008 წლიდან და უფრო ადრე რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, 2012 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გავრცელებული ერთი კვლევის მონაცემების თანახმად, ამერიკული პოლიტიკური ელიტის 48% შეერთებული შტატების მთავარ კონკურენტად მსოფლიო არენაზე ჩინეთს ასახელებდა, რუსეთს კი მხოლოდ 15%. ეს განწყობა კი ზუსტად ასახავს თეთრი სახლის პრესსპიკერის ირონიულ კომენტარში – „ჯერ ჩააღწიოს“ – გამოხატულ დამოკიდებულებას.
შესაბამისად, ამ პერიოდში ასეთი ნარატივი მძლავრობდა: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ საფრთხეა ლოკალურად (მისსავე სამეზობლოში) და უსაფრთხოების ევროპული სისტემა (ეუთო) ადეკვატურია მის დასაბალანსებლად.
2014-დან: რუსეთი რეალური საფრთხეა ევროპისთვის (და არა მარტო)
ქართველებმა 2008 წელსვე ვიცოდით, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს არ დასჯერდებოდა, მაგრამ ზემოჩამოთვლილი სხვა პრობლემებით დატვირთულ დასავლეთს მაშინ ერჩივნა, პუტინის აგრესიულობა ბუშის მცდარი პოლიტიკისა და ამ მცდარი პოლიტიკით წახალისებული ადგილობრივი ლიდერების (მაგალითად, პრეზიდენტი სააკაშვილი) „შეცდომებისათვის“ მიეწერა.
პირველი გამოფხიზლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის სათქმელად სომხეთისა და უკრაინის ხელისუფლებებზე კრემლის მხრიდან განხორციელებულ ღია და დაუფარავ მცდელობას მოჰყვა. დასავლური პოლიტიკური ელიტის რუსეთისადმი ლოიალური მიდგომების მომხრე ნაწილი გარკვეულწილად ლეგიტიმურად მიიჩნევდა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე რუსეთის მძაფრ რეაქციას, მაგრამ ამ ნაწილისთვისაც კი მიუღებელი აღმოჩნდა კრემლის მიერ ევროკავშირსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ხელის შეშლა. არადა არაფერი მოულოდნელი ამაში არ ყოფილა. რუსეთს არ უნდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დასავლეთთან დაახლოება არა მხოლოდ სამხედრო თანამშრომლობის, არამედ ეკონომიკურ სფეროშიც. პუტინმა კარგად იცის, რომ ევროკავშირთან ეკონომიკურად დაახლოებული და წელგამართული სახელმწიფოები კრემლის ჭკუაზე ნამდვილად არ ივლიან.
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ 1975 წლიდან ნალოლიავები და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ გამყარებული უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა საერთოდ თავდაყირა დააყენა. თუმცა აქაც მოიძებნა „გამართლება“: რუსეთი შავი ზღვის დაკარგვას რომ არ დაუშვებდა, ხომ ვიცოდით.
ყირიმს დონეცკი და ლუგანსკი მოჰყვა. დონეცკსა და ლუგანსკს – მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოდგება. ბოლო ექვსი თვის მოვლენათა ჯაჭვი 70-80-იანი წლების „ცივი ომის“ პერიოდს უფრო შეესაბამება, ვიდრე 21-ე საუკუნის დასაწყისს.
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესებამ (წერილის დაწერის მომენტისათვის ვაშინგტონი მე-3 დონის სანქციებზე გადავიდა), „დიდი რვიანიდან“ რუსეთის გარიცხვამ, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან რუსეთთან თანამშრომლობის გაწყვეტამ, პრაქტიკულად, მსოფლიო უკვე დააბრუნა „ცივი ომის“ დროს არსებული დაპირისპირების მდგომარეობაში.
შესაძლოა, ბევრ ადამიანს ეს ნაბიჯები არაადეკვატურად ეჩვენება (ამით დავიწყეთ ეს წერილიც) და რუსეთის იძულება, რომ მან ხელი აიღოს რევიზიონისტულ საგარეო პოლიტიკაზე, გაცილებით უფრო სწრაფად უნდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ:
– ცივილიზებული სამყაროსგან რუსეთის იზოლირებას დრო სჭირდება (ვიდრე, მაგალითად, ევროპა კიდევ უფრო შეამცირებს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ანდა იპოვის ალტერნატიულ საექსპორტო ბაზარს საკუთარი პროდუქციისთვის), ხოლო
– ამ იზოლირებით გამოწვეული რუსეთისათვის ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის მიღებას – ასევე რამდენიმე წელი. თუმცა ეკონომიკური სანქციების 2 დონით რუსეთისათვის მიყენებული ზიანი უკვე საგრძნობია.
ფაქტია, რომ რუსეთმა თავად აიძულა დასავლეთი, ასეთი ნაბიჯები გადაედგა. პუტინმა იმდენად გადაღუნა ჯოხი, რომ გადატეხა. მაგრამ მას სხვა არჩევანი არც ჰქონდა: რაც უფრო ავტორიტარული გახდა ქვეყნის შიგნით, მით უფრო აგრესიული და რევიზიონისტული ქცევა სჭირდებოდა ქვეყნის გარეთ; და, პირიქით, რაც უფრო აგრესიული და რევიზიონისტული იყო იგი ქვეყნის გარეთ, მით უფრო ძლიერი ავტორიტარიზმი სჭირდებოდა ქვეყნის შიგნით (საერთაშორისო სანქციებით გამოწვეული უკმაყოფილების დასათრგუნად).
ნათელია, რომ სწორედ ეს ჩაკეტილი წრე მოუღებს ბოლოს პუტინს, „სუვერენული დემოკრატიისა“ და „ახლო საზღვარგარეთის“ მისეულ კონცეფციებს და საბჭოთა კავშირის აღდგენის უიმედო მცდელობას.