სახლი, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თბილისის ძველი უბნების გადაკვეთაზე მდებარეობდა. ეს ერთგვარი სამყაროების გადაკვეთა იყო, სადაც ყველაზე უკეთ ჩანდა ჩვენი ქალაქის კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნება.
ჩვენი ეზო იყო მეზობლების თავშეყრის, სხვადასხვა თემის განხილვის ეპიცენტრი, სადაც თითქმის ყოველდღე იმართებოდა ფეხბურთის მატჩები, ეწყობოდა სუფრები, მიდიოდა მიკითხვ -მოკითხვა, საუბრები, მოთამაშეების გულშემატკივრობა, განხილვა – ვინ უფრო მაგარი თამადა იყო თუ ვინ უკეთ “მატაობდა”, ვინ უფრო ყოჩი იყო და ვინ უფრო ბელადი.
სკოლაშიც იქვე დავდიოდი. 30-ე სკოლის მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც ერთ დღეს საკლასო ოთახში ერთი კაცი შემოვიდა. ვილი ვარამაშვილად გაგვეცნო და, ბიჭებო, ხელბურთს ითამაშებთო? – გვკითხა.
სპორტის ეს სახეობა აქამდე არც გვსმენოდა, პატარები ვიყავით და რაც თამაშს უკავშირდებოდა, ყველაფერი მოგვწონდა, მაგრამ ხელბურთი თამაშზე მეტი რამ, მოკლედ, იმაზე მეტი რამ აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა.
ჩვენი “ფეოლა” ნამდვილი პროფესიონალი გამოდგა. მან ჩვენი კლასის პატარა ბიჭებისგან არა მხოლოდ ხელბურთის კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, არამედ ეს ბიჭები ჯერ ქალაქის და მერე უკვე საქართველოს ჩემპიონებად გვაქცია. თუმცა ვიდრე სპორტულ გამარჯვებებამდე მივიდოდით, მთავარი რამ გვასწავლა – ერთ გუნდად შეკვრა.
ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მე, რო მელიც ჯგუფში ყველაზე სუსტი აღნაგობის ვჩანდი, რატომღაც გუნდის კაპიტნად დამნიშნა. და პასუხისმგებლობა, რომელიც მაშინ ვიგრძენი და გავიაზრე, უმთავრესი იყო. თამაშში მიღებულმა გამოცდილებამ ჩემი ცხოვრების ერთგვარი ხერხემალიც შეადგინა. მასწავლა, რას ნიშნავს ერთობა, ერთი მიზნისთვის და საერთო გამარჯვებისთვის ბრძოლა. ხელბურთმა, უფრო სწორად კი ამ გუნდურობამ გადაგვარჩინა იმ რთულ წლებშიც, გადაგვარჩინა ქუჩას, ნარკომანიას, მხედრიონს… ასე ერთად მყოფებს ყოველთვის გვერიდებოდნენ და ჩვენც ყოველთვის შეგვეძლო, ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი ერთმანეთის იმედი გვქონოდა.
კიდევ ერთი ადამიანი მახსენდება ჩემი წარსულიდან. ეს კაციც მისი წინამორბედივით შემოვიდა “გეპეის” მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პირველ კურსზე და სტუდენტებს გვთხოვა, ერთი ფრაზა წაგვეღიღინა: “მორბის არაგვიიი”.
თურმე ეს ცნობილი მუსიკალური ფრაზა იყო ხალხური სიმღერიდან. ეს მას შემდეგ გავიგე, როდესაც კაცმა რამდენიმე ბიჭი შეგვარჩია, “გეპეის” ვაჟთა კაპელაში ჩაგვრიცხა და ამ სიმღერის დიდ გუნდთან ერთად შესრულება დავიწყეთ. ეს უკვე სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო. ჩვენ უნდა შეგვექმნა ჰარმონია, მე კი უამრავი სხვა ადამიანისთვის ისე უნდა ამეწყო ხმა, რომ საკუთარი არ დამეკარგა, უნდა ჩავრთულიყავი საერთო პოლიფონიაში ისე, რომ ინდივიდუალიზმი შემენარჩუნებინა.
შემდეგ, როდესაც ჰარვარდში წავედი სასწავლებლად, მფრინავი ხარების თეორიის შესახებაც შევიტყვე. “მფრინავი ხარები” – ეს არის იდეალური გუნდი ძლიერი, მებრძოლი ხარებისა, რომლებიც გადამფრენი იხვების პრინციპით მოძრაობენ. და როგორ დაფრინავენ იხვები? როდესაც ლიდერი იხვი იღლება, უკან გადადის და მას სხვა იხვი ანაცვლებს. მას კიდევ სხვა და ასე შემდეგ. შესაბამისად, იკვრება ერთიანი წრე, იხვებში არ არსებობს არც წინამძღოლი და არც აუტსაიდერი. ეს ერთი ორგანიზებული გუნდია, რომლის მიზანიც არის A წერტილიდან B წერტილამდე მისვლა. ქარსა თუ ყინვაში, შტორმსა თუ გრიგალში ისინი წარმოუდგენლად გრძელ და რთულ მარშრუტს ფარავენ. რაც არ გამოსდით ხარებს, მათ ჰყავთ ერთი წინამძღოლი და თუ წინამძღოლი კვდება, ეს უზარმაზარი ენერგიის, ძალისა და შემართების მქონე ჯოგი სრულიად დეზორიენტირებულ და დაბნეულ მასად იქცევა, ყველაფერი ირევა, იქმნება ქაოსი, მანამდე, ვიდრე ერთმანეთს შორის სისხლისმღვრელ ბრძოლას არ გამართავენ და ახალ ბელადს არ აირჩევენ.
ისე მოხდა, რომ ამ პრინციპების გააზრებითა და დანერგვით ბიზნესში, სხვადასხვა კომპანიაში პროფესიონალების არაერთი ძლიერი გუნდი შევკარი. გუნდის შექმნისას ყოველთვის ვფიქრობდი – რა როლი მაქვს მე, როგორც ლიდერს? ვინ არის ლიდერი? ის, ვინც ვარსკვლავია? ის, ვინც ბრწყინავს? ვინც სხვებზე უკეთ “მატაობს”? თუ ის, ვინც ქმნის არა მიმდევრებს, არამედ ახალ ლიდერებს, ვინც ეძებს საუკეთესო მოთამაშეებს, ვინც იცის გუნდში მოთამაშეთა ძლიერი და სუსტი მხარეები და ასე ანაწილებს ფლანგზე მებრძოლებს. ის, ვინც შედეგზეა ორიენტირებული, ვინც გუნდის გამარჯვებაზე ფიქრობს და ზრუნავს.
დიახ, ლიდერობა მოქმედებაა და არა სტატუსი. ლიდერობა – ეს არის არაგვიანი არაგვის დინება, ეს არის თერგის მოძრაობა და არა მყინვარის მედიდურობა, ეს წინ დაუღალავი სვლაა წარუმატებლობის, წაქცევის, უამრავი ბარიერისა და დაბრკოლების მიუხედავად, ეს არის წამოდგომა და გზის გაგრძელება, ეს არის დაუღალავი შრომა, შეუპოვარი ბრძოლა, და, რაღა თქმა უნდა, გარღვევა, გამარჯვება, შეცვლა და გარდაქმნა. ეს არის ლელოს დადება გუნდთან ერთად. ლელოს დადება და მერე გარდასახვა. ამ ცუდი, პესიმისტური, უიმედო ყოფიდან უკეთეს, ბედნიერ საქართველოდ, ძლიერ სახელმწიფოდ გარდასახვა.
დღეს მე ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ: უნდა შევქმნა გუნდი ქართულ პოლიტიკაში. სფეროში, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა ერთსულოვნებით, ჰარმონიით, მონოლითურობით. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ თუ ამ გამოწვევას დავძლევთ, ყველაფერს შევძლებთ.
ჩემი გუნდი ქართულ პოლიტიკაში ქართველი ხალხია, ვისთან ერთადაც უნდა ვიბრძოლო უკეთესი ქვეყნისთვის, საერთო მიზნისთვის. მათთვის და, რაც მთავარია, მათთან ერთად გავიმარჯვო. რადგან თუ ერთ ბრძენკაცს დავესესხები, “ლიდერი საუკეთესო მაშინ არის, როცა ხალხი მის არსებობას ვერ გრძნობს, როცა მისი საქმე შესრულებულია, მიზანი კი მიღწეული და მისი ხალხი ამბობს:
“ეს ყველაფერი ჩვენ საერთო ძალით გავაკეთეთ”.