„ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ პირველი საოჯახო მარანია, რომელმაც საქართველოში ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვა დაიწყო. ეს 2002 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც ზურაბ კვირიაშვილი აშშ-დან საქართველოში დაბრუნდა. მარანი დღეს 7,500 ბოთლ ბიოღვინოს აწარმოებს და ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს მასპინძლობს. ზურაბ კვირიაშვილი ახლა სასტუმროს მოწყობას ასრულებს, გერმის ამოქმედებასა და ღვინის წარმოების გასამმაგებას გეგმავს. თუმცა ღვინო და ტურიზმი მისი ინტერესის ერთადერთი სფერო არ არის – ის საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასაც უძღვება.
ბატონო ზურაბ, როდის დაინტერესდით ღვინის წარმოებით და როდის გადადგით პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით?
მამაჩემი, პაპაჩემი და ჩემი სხვა წინაპრები ყურძენს ოდითგანვე წურავდნენ და ღვინოს აყენებდნენ, მაგრამ ეს ღვინო მხოლოდ ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. ამ საქმეში მეც ბავშვობიდან ვარ ჩართული.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მშენებლობის ინჟინერიის ფაკულტეტზე. ტექნიკურ უნივერსიტეტში დავასრულე ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასპირანტურა და დოქტორანტურა. მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ჩავაბარე მენეჯერთა უმაღლეს სკოლაში, რომელიც ფინანსდებოდა TACIS-ის პროგრამით. სწავლის დასრულებისას მოვამზადე ბიზნესგეგმა: „ვაზის უვირუსო ნამყენი ნერგის წარმოება”, შესაბამისად, ვაზთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია.
1990-იანი წლების ბოლოს საქართველოში მშნებლობისთვის არავის ეცალა, ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. მაშინ დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ ამერიკულ ორგანიზაციაში – ACDI/VOCA-ში, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ფუნქციონირებდა, ვიყავი საჩვენებელი ნაკვეთების სპეციალისტი. 2000 წელს ამ ორგანიზაციის პროექტი საქართველოში მთავრდებოდა, ამიტომ მონაწილეობა მივიღე მეღვინეობის გაცვლით პროგრამაში და გავემგზავრე აშშ-ში, კალიფორნიის შტატში. ამ კურსის მეშვეობით ჯერ გავიარე მეღვინეობის თეორიული კურსი კალიფორნიის ქალაქ სანტა-როზაში, შემდეგ გადამიყვანეს პრაქტიკულ კურსზე ქალაქ სან-ხოსეში, მირასუს ღვინის ქარხანაში.
გარდა ამისა, აშშ-ში ყოფნის დროს ვისწავლე ბუღალტერია და ჩავაბარე შესაბამისი გამოცდები სპეც-, ბიზნეს- და კომპიუტერულ ბუღალტერიაში, რადგან ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება გამოცდილება ბუღალტერიაში.
ასევე 2001 წელს აშშ-ში გავიარე მაშველის და პირველადი დახმარების კურსი და დავიწყე მაშველად მუშაობა YMCA-ში. 2001 წლის ბოლოს და 2002 წლის დასაწყისში გადავარჩინე სამი ბავშვი და 2002 წლის თებერვალში მომანიჭეს საუკეთესო მაშველის წოდება.
ასევე, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში გავიარე მშენებლობის მენეჯმენტის კურსი და პროექტების რისკის მართვა კალიფორნიის ირვაინის უნივერსიტეტში. შემდეგ ჩამოვედი საქართველოში და აშშ-ში მიღებული გამოცდილება დავნერგე ჩემს ღვინის მარანში.
როდის გახსენით მარანი საქართველოში?
„ზურაბ კვირიაშვილის ვენახები” პიონერია მცირე საოჯახო მარნის შექმნაში. კალიფორნიაში სწავლამ მომცა შესაძლებლობა, გავცნობოდი როგორც ქარხნების, ასევე მცირე საოჯახო მარნების მუშაობის სპეციფიკას. იქ გამიჩნდა სურვილი და ინტერესი, საქართველოშიც გამეკეთებინა მსგავსი რამ. ჩვენი ღვინო ბოთლში პირველად 2002 წელს ჩამოვასხით – საფერავი და რქაწითელი. 2003 წელს ღვინის მარკეტინგის გაცვლითი კურსით მომიწია დევისის უნივერსიტეტში სწავლა, სადაც წარვადგინე ჩემი 2002 წლის ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან განსხვავდებოდა სხვა ღვინოებისგან. 2011 წელს ჩემი დიზაინით შეიქმნა პირველი ქვევრის ფორმის ეტიკეტი, რომელიც განთავსებულია ჩვენს პროდუქციაზე. 2018 წლიდან კომპანია „ზურაბ კვირიაშვილის ვენახები“ გახლავთ ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრი. შპს „ზურაბ კვირიაშვილის ვენახების” ღვინოებს მიღებული აქვს მონაწილეობა და ჯილდოები საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და გამოფენებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ: 2018 – წელს შვეიცარიის გამოფენა EXPOVINA-ზე; 2019 წელს – ექსპო ჯორჯიაზე; 2019 წელს – ნატურალური ღვინის ფესტივალ RAW WINE FESTIVAL-ზე აშშ; 2021 USA WINE RATINGS-ზე აშშ; 2022 წელს ნატურალური ღვინის ფესტივალ RAW WINE FESTIVAL-ზე აშშ; 2022 წელს – Riga Food 2023 Sommelier Choice Award-ზე.
სად არის გაშენებული თქვენი ვენახები და რა ჯიშის ვაზი გაქვთ?
გვქონდა და გვაქვს რქაწითელი წინანდლის ზონაში, კურდღელაურის ვენახში, გულგულის მახლობლად. ასევე, 1999 წელს შევიძინე მიწა შალაურის ტერიტორიაზე, სადაც შემდგომში გავაშენე ქისი, ხიხვი, მწვანე და საფერავი. ორივე ვენახი ალაზნის მარჯვენა სანაპიროზეა. შემდგომში შევიძინე ვენახი სოფელ ართანაში, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, კავკასიონის ქედის ძირში, სადაც მაქვს რქაწითლისა და საფერავის ვენახები.
რამდენ ბოთლ ღვინოს აწარმოებთ და სად გაგაქვთ ექსპორტზე?
ჩვენ ვაწარმოებთ 6000-7500 ბოთლს წელიწადში. ძირითადად იყიდება საზღვარგარეთ: შვეიცარიაში, მალტაზე, ავსტრიასა და აშშ-ში. საქართველოში მაღაზიებშიც იყიდება, თუმცა – მცირე რაოდენობით.
ასევე, ჩვენი ღვინის დეგუსტაცია ჩვენს მარანში არის შესაძლებელი.
კიდევ რას სთავაზობთ ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს?
ღვინის მარანთან ერთად ავაშენეთ სატუმრო, სადაც ახლა რემონტი მიმდინარეობს. 2024 წლისთვის მინდა, დავასრულო სასტუმროს მოწყობა და განვახორციელო გეგმა, რომელიც თავიდანვე მქონდა დასახული – ჩვენი ღვინოების დეგუსტაცია მოხდეს სასტუმროშივე, სადაც იქნება 12 ოთახი, საკონფერენციო დარბაზი, ტერასა, ცალკე განთავსებული არყის სახდელი და ქართული პურის საცხობი სივრცეები. იქნება მეორე მცირე მარანი, სადაც განთავსებული იქნება 1895 წელს და 1909 წელს წარმოებული ქვევრები.
მარანში ახლა გვაქვს 12 ქვევრი და უჟანგავი ავზები. დაემატება კიდევ ოთხი ქვევრი. ასევე, იქნება საცხობი, სადაც გამოცხვება ქართული პური. გარდა ამისა, თელავთან ახლოს მაქვს ფერმა, რომელიც ახლა გაჩერებულია, მაგრამ ის კვლავ ამუშავდება, რათა სასტუმრო მომარაგდეს ნატურალური პროდუქტით – როგორც ხორცით, ასევე რძის პროდუქტებით და კვერცხით.
თქვენ, მარანთან ერთად, საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასაც ხელმძღვანელობთ – მოგვიყევით ამის შესახებ.
ღვინის მარნის დაფუძნების პარალელურად, საინჟინრო საქმიანობა არ შემიწყვეტია. მე გახლავართ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ასევე ვარ საკონსულტაციო კომპანია Engineering Solutions-ის თანადამფუძნებელი, რომელიც მშენებლობის პროექტირებას და ზედამხედველობას უზრუნველყოფს. ეს ცოდნა და გამოცდილებაც დამეხმარა ღვინის მარნისა და სასტუმროს პროექტირებასა და მშენებლობაში. ასევე კონსულტაციებს ვუწევ სხვადასხვა კომპანიას მარნისა და სათბურების პროექტირებაში, ტექნოლოგიური აღჭურვილობების სწორ გაანგარიშებაში, საწარმოო აგრეგატების შერჩევასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში.
ჩვენი საკონსულტაციო კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და ვახორციელებთ მსოფლიო ბანკის, აზიის ბანკის, ევროპის განვითარების ბანკის, KFW, IFAD-ის პროექტებს. ვმუშაობთ ყველა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იქნება ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, საირიგაციო სისტემების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების, გზის მშენებლობის, ხარისხის კონტროლისა და ზედამხედველობის სამუშაოები.
რა სერვისს სთავაზობთ კლიენტებს?
ჩვენ ვაფასებთ მშენებლების სამუშაოს – ასრულებს თუ არა მშენებელი სამუშაოებს მოთხოვნილი პირობების შესაბამისად და ექვემდებარება თუ არა გადახდას. გვევალება ხარისხის კონტროლი, დამკვეთსა და მშენებელს შორის უთანხმოების მოგვარება ასეთის არსებობის შემთხვევაში, საბოლოო მიღება-ჩაბარებების გაფორმება, დეფექტის აღმოფხვრის პერიოდში მშენებლის მიერ მისი სრულად აღმოფხვრა და ა.შ.
კონკრეტულად რა პროექტები შეგისრულებიათ Engineering Solutions-თან ერთად და რაზე მუშაობთ ახლა?
2008 წლიდან 2010 წლის ჩათვლის გახლდით სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი, რომელიც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით და წარმატებით დავასრულეთ 235 კმ გზა. შემდგომში გახლდით ესპანური საკონსულტაციო კომპანიის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი საქართველოში, სადაც განვახორციელეთ რუისი-აგარის შემოვლითი გზის, აგარის შემოვლითი გზის, გომის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები, წყალტუბოს რეაბილიტაციის სამუშაოები, მესტიისა და ანაკლიის წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოები. 2014 წლიდან შევუერთდი კომპანია Engineering Solution-ს და იტალიურ კომპანიებთან ერთად განვახორციელეთ სოფელ დართლოს, მეფე ერეკლეს სასახლის, დავითგარეჯის, ნინოწმინდის რესტავრაციის და ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტის ზედამხედველობის სამუშაოები, ასევე ფრანგულ და გერმანულ კომპანიებთან ერთად განვახორციელეთ და ვახორციელებთ ზუგდიდი-ჯვარი-ფოთი-გუდაურის წყალმომარაგება-წყალარინების მშენებლობის ზედამხედველობას, სამტრედია-ვანი-ბაღდათის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების წინასწარ შესწავლას.
ასევე, განვახორციელეთ ძევერა-შერთულის საირიგაციო სისტემების მშენებლობის ზედამხედველობა, ტირიფონის სარწყავი არხის მშენებლობის ზედამხედველობა საოკუპაციო ხაზთან – ეს არის პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული სოფლების მომარაგებას სარწყავი წყლით.
ვთანამშრომლობთ სხვა საკონსულტაციო კომპანიასთან, სადაც ვმუშაობთ მშენებლობაში კლიმატური ცვლილების სტრატეგიასთან დაკავშირებით. ესპანურ კომპანიასთან ერთად კოორდინირებას ვუწევ თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების შეფასებას და საინვესტიციო პაკეტის მომზადებას. იტალიურ კომპანიასთან ერთად კოორდინირებას ვუწევ თრუსოს ხეობაში ზაკაგორის კომპლექსის სარესტავრაციო პროექტისა და მისასვლელი გზის პროექტის განხორციელებას.
რა არის თქვენი სამომავლო გეგმები როგორც საინჟინრო მიმართულებით, ისე ღვინისა და მევენახეობის ნაწილში?
თბილისში იგეგმება დიღმის ჭალების მოწყობის პროექტი, სადაც ჩართული ვიქნები როგორც ჯგუფის ხელმძღვანელი. განვახორციელებთ პროექტის შეფასების სამუშაოებს და შემდგომში მშენებლობას გავუწევთ ზედამხედველობას.
რაც შეეხება ღვინოს და მარანს – 2023 წელი მეღვინეებისთვის ცუდი წელი გამოდგა. მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და ვიმედოვნებ, რომ შემდგომი წელი იქნება წარმატებული. არსებული ვენახის მსხმოიარობის გათვალისწინებით სრულად ავითვისებთ მარანში არსებულ ქვევრებს და თითქმის ორჯერ გავზრდით ჩამოსხმული ღვინის რაოდენობას. ასევე, იგეგმება სასტუმროს მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს მარანში მეტი ტურისტის სტუმრობას.