რა შემოსავალი მიიღო Alphabet-მა 2023 წლის მესამე კვარტალში?

რა შემოსავალი მიიღო Alphabet-მა 2023 წლის მესამე კვარტალში?

Google-ის მშობელმა კომპანია Alphabet-მა ორშაბათს მესამე კვარტალის შემოსავლების შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსთა პროგნოზებსაც გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ერთი შეხედვით „ვარსკვლავური“ შედეგებით, როგორც ჩანს, Wall Street-ი მაინც უკმაყოფილო დარჩა.

30 სექტემბერს დასრულებულ სამთვიან პერიოდში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა გაყიდვებიდან $76.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე კი  $1.55 შეადგინა. ანალიტიკოსები შემოსავლებისა და თითო აქციაზე მოგებისთვის, შესაბამისად, $76 მილიარდისა და $1.46-ის მიღებას ვარაუდობდნენ. მესამე კვარტალის შემოსავლებში დაახლოებით $59.6 მილიარდი რეკლამირებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის, აქედან Google-ის საძიებო ბიზნესის რეკლამებიდან შემოსავალი – $44 მილიარდს, ხოლო YouTube-დან $8 მილიარდს შეადგენს.

ანალიტიკოსებმა რეკლამების გაყიდვებიდან მთლიან შემოსავლად $59.2 მილიარდის მიღება იწინასწარმეტყველეს, აქედან საძიებო ქსელიდან – $47.5 მილიარდის, YouTube-დან – $7.8 მილიარდის. საერთო ჯამში, სარეკლამო შემოსავლების წლიური ზრდა, მაკროეკონომიკური წინააღმდეგობებისდა მიუხედავად, 9%-ს გაუტოლდა.

თუმცა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესმა „ღრუბლოვანმა“ სეგმენტმა მოლოდინი არასაკმარისად გაამართლა. ხელოვნური ინტელექტის ზემოქმედების ქვეშ არსებული ერთეულის კვარტალურმა გაყიდვებმა – $8.4 მილიარდს, ხოლო მოგებამ $266 მილიონს მიაღწია. წარმოდგენილი მონაცემები კი ჩამორჩებოდა ანალიტიკოსების $8.6-მილიარდიან და $324-მილიონიან მოლოდინს. შედეგად, მისი კონკურენტი Microsoft-ისგან განსხვავებით, რომელმაც ანალიტიკოსთა შეფასებებს გადააჭარბა, Alphabet-ის აქციების ფასი 5%-ით, $130-მდე დაეცა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს Alphabet-ის აქციების ფასი 50%-ით გაიზარდა – ძირითადად ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებული ოპტიმიზმიდან გამომდინარე. თუმცა წელსვე, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, ხარჯების შემცირების მიზნით, გლობალური მუშახელის 4% დაითხოვა.