მშენებლობა გზად და ხიდად ანუ ინფრასტრუქტურა - ფოკუსში

მშენებლობა გზად და ხიდად ანუ ინფრასტრუქტურა - ფოკუსში

ავუწყოთ ფეხი გლობალურ ტენდენციებს და ვაშენოთ თანამედროვე ადამიანზე მორგებული ინფრასტრუქტურა – რომელი ქვეყნის ან კომპანიის მმართველობისათვის არ იქნება ეს მომხიბვლელი? ანდა ვაშენოთ სწრაფად, ვაშენოთ ხარისხიანად და ვაშენოთ დაბალ ფასად.

დამეთანხმებით, რომ შესანიშნავად ჟღერს, ისევე როგორც: ვაშენოთ და შევქმნათ მრავალი სამუშაო ადგილი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში და ვიქცეთ მის ერთ-ერთ მთავარ გამწევ ძალად.

ავად თუ კარგად, ეს წრე ქართულ ინფრასტრუქტურულ სამშენებლო სფეროში იკვრება და გარკვეულ ლოგიკას მიჰყვება, თუმცა ამ წრეს მრავლად აქვს სუსტი რგოლები, რაც მის სიმყიფეს განაპირობებს და, საბოლოოდ, მცირე და დიდ დარტყმებს ერთნაირად ვერ უძლებს და რღვევის პირას დგება.

ამ ციკლს მყარად ნაგები ბაზისი სჭირდება, რადგან, რაგინდ მყარად და ხარისხიანად აშენონ მშენებელმა კომპანიებმა, სახელმწიფომ მათ დაცვის მექანიზმები თუ არ შესთავაზა, ყველაზე მყარად ნაშენები ბიზნესებიც ჩამოიქცევა და თან ჩაიყოლებს ქვეყნის ეკონომიკას.

იმისათვის, რომ დავინახოთ, თუ რა როლს თამაშობს სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მოვიყვანოთ რამდენიმე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემი:

  • 2021 წლის მონაცემით, სამშენებლო სექტორის ბრუნვა 8.4 მლრდ ლარს შეადგენს.
  • 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, სამშენებლო სექტორის წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში წარმოადგენს 11.7 %-ს.
  • 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) სექტორების მიხედვით მშენებლობაში მხოლოდ 2.4%-ს შეადგენს.
  • 2020 წლის მონაცემებით, სექტორს დასაქმებული ჰყავს 85 200 ადამიანი.

ზემოთ მოყვანილი რიცხვები ცალსახად მეტყველებს სამშენებლო ინდუსტრიის როლზე და მისი განვითარების პრიორიტეტულობაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დგება მსჯელობა საკითხზე, თუ რა არის ის, რაც აკლია ინფრასტრუქტურის დარგს განვითარებისათვის და აქამდე უკვე ნახსენები სიმყიფის დასაძლევად?

რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც დღეს სამშენებლო სექტორს აწუხებს, ყველა დეტალი, მაინც, ერთგვარად, „ავადობის სიმპტომად” რჩება, რომლის „მკურნალობაც” გამომწვევი მიზეზებით უნდა დავიწყოთ.

თუ კარგად ჩავეძიებით, ასეთად ამ სექტორისა და ინდუსტრიის განვითარების ხედვის არარსებობაა. არ არსებობს სტრატეგია, რომელიც დაგვანახებს კონკრეტულ მექანიზმებს, რა გზით და საით მიდის ეს დარგი და როგორ უნდა აუწყოს ფეხი გლობალურ ინდუსტრიულ მოვლენებს იმისათვის, რომ მყარი ეკონომიკური ბაზისი შექმნას.

მრავალწლიანი სტრატეგია ხშირად ესმით, როგორც კონკრეტული დაგეგმილი ქმედებები, ამ შემთხვევაში, მშენებლობები, მათი ოდენობა და ა.შ. ალბათ შეგვხვედრია კრიტიკაც, თუ როგორ შეიძლება ამან ადამიანებს მოაგონოს საბჭოთა „ხუთწლედები”. თუმცა, რეალურად, სტრატეგია გულისხმობს, პირველ რიგში, საერთო ხედვას, მიზნისაკენ სწრაფვას, ამ მიზნამდე განსახორციელებელ ნაბიჯებს, წინააღმდეგობებისა და გამოწვევების დაძლევის მექანიზმებს. შეუძლებელია, დღეს დაისახო გეგმა და ამ სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრო.

სამშენებლო ინდუსტრიას თუ მანამდე, ერთგვარად, გეგმა და ამ გეგმის არქონიდან გამომდინარე, სწრაფი და ჯანსაღი გზით განვითარების საკითხის გადაწყვეტა ესახებოდა პრიორიტეტად, მთავარ გამოწვევად ახლა უკვე, ჯერ – პანდემია, ხოლო შემდეგ უკრაინაში მიმდინარე ომი ექცა.

ინდექსაცია – ჩიხიდან გამოსვლის გზა

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა არ შეფერხებულა და თითზე ჩამოსათვლელთაგან, ის იყო ერთ-ერთი სექტორი, რომელიც ამ დროსაც აგრძელებდა მუშაობას და, შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს იმედი ჰქონდათ, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, ფინანსური წნეხი შედარებით მცირე იქნებოდა, საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდის, ხოლო მეორე მხრივ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად, სახელმწიფო კონტრაქტორი კომპანიები, რომელთაც უკვე გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულებები მიმდინარე პროექტებზე, მეტად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კომპანიებმა, პრაქტიკულად, საკუთარი დანაზოგებიდან და დამატებით მოძიებული საკრედიტო რესურსის გამოყენებით, თანადაფინანსებით უზრუნველყვეს დაწყებული სამუშაოების შეუფერხებლად გაგრძელება. ამასთან, სახელმწიფოსგან მიიღეს პირობა, რომ ხელშეკრულებები გადაიხედებოდა და მათი გახარჯული თანხები ანაზღაურდებოდა, რაც გამოცემული 619-ე დადგენილებით გამყარდა. საბოლოო ჯამში საქართველოში მომუშავე სამშენებლო კომპანიებმა ამ პირობით, პრაქტიკულად, ვერ ისარგებლეს.

რა უნდა ქნან კომპანიებმა, რომელთაც ჯერ პანდემიის კრიზისიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს, რომ უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამო სამშენებლო მასალებზე ფასების კიდევ უფრო, ყოველგვარ ლოგიკურ გათვლებს მიღმა გაზრდის წინაშე აღმოჩდნენ?

შესყიდვების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სამშენებლო სამუშაოები, ეკონომიის კუთხით, ტოპ პირველ კატეგორიას წარმოადგენს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, 2020 წელს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიზოგა 323 220 806 ლარი, რაც შესაძლებელია, ქვემოთ მოყვანილი Price Adjustment (ფასთა კორექტირება) სქემის დაფინანსების წყაროდ იქცეს.

რას გულისხმობს PRICE ADJUSTMENT?

ინდექსაცია ეფუძნება სამშენებლო კონტრაქტების მენეჯმენტში აღიარებული FIDIC-ის ხელშეკრულებების მიდგომას, რომელიც იყენებს საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების, სამომხმარებლო ფასებისა და მშენებლობის ღირებულების ინდექსებს და სრულად გამომდინარეობს სამართლიანობისა და ეფექტიანობის პრინციპებიდან. ვინაიდან მასალებზე ფასების ცვლილება არ წარმოადგენს დროებით წინაღობას, რომლის განმეორების პროგნოზირებაც შეუძლებელია, აღნიშნული მიდგომის დანერგვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ დროებითი ღონისძიების გასატარებლად მიღებული გადაწყვეტის სახით (როგორც ამის მცდელობა 619-ე დადგენილებაში იყო), არამედ როგორც პრაქტიკა, რომელიც ფასების გონივრულ რისკს მიღმა ზრდის დაზღვევის მექანიზმად იმოქმედებს ყველა გრძელვადიან ინფრასტრუქტურულ პროექტთან მიმართებით.

შესყიდვების კანონმდებლობა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახლავთ ინფრასტრუქტურული სექტორისათვის, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ყველაზე მნიშვნელოვანი წილის – 56%-ის სამუშაოებს ასრულებს, ეს არის შესყიდვების კანონმდებლობა.

სამშენებლო პროექტები არა მხოლოდ ყველაზე მოცულობითია, ასევე სწორედ ამ ტიპის ტენდერებზე ფიქსირდება ყველაზე მაღალი კონკურენცია (შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიშების მიხედვით). აქედან გამომდინარე, საჯარო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს შესყიდვების სისტემაში გამჭვირვალობისა და ჯანსაღი კონკურენციის ზრდას, აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია. ეს ცვლილებები, ერთი მხრივ, უნდა ითვალისწინებდეს ბიზნესისთვის დღეს არსებულ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვდენილი უნდა იყოს ევროკავშირის დირექტივებთან და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან.

კანონპროექტი მომზადებულია, თუმცა საჯარო განხილვები ჯერ არ დაწყებულა, არადა, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს გვაქვს არსებითი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც უკავშირდება როგორც შესყიდვების ახალ პროცედურებსა და ინსტრუმენტებს, ასევე უფლებრივად დაუბალანსებელ ხელშეკრულებებს, შავ სიაში შეყვანის წესს, დისკვალიფიკაციის საფუძვლებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

ევროპული სტანდარტები

„ევროპული მეხი დაგეცა თავზე” – ერთი ასეთი გამოხმაურება ჰქონდა სოციალურ ქსელში ვიდეოს, სადაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ვსაუბრობდი მოძველებული საბჭოთა სნიპების დასავლური ევროპული სტანდარტებით ჩანაცვლების აუცილებლობასა და მისი დანერგვის დაჩქარების პროცესზე.

მაშინ როცა მოქალაქეებისაგან ხშირად გვსმენია მშენებლებისადმი საყვედური და მშენებლობის ხარისხის მიმართ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები, საზოგადოება ნაკლებად არის და ვერც იქნება ინფორმირებული იმის შესახებ, რომ თანამედროვე, ინფრასტრუქტურული გარემოს მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესება ვერ იქნება მხოლოდ ცალკეული კომპანიის ამოცანა და ეს გზა მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა გავიაროთ.

„მე და თქვენ გადავადგილდებით გზებზე და მატარებლით, ეკონომისტები კი – ინფრასტრუქტურით“
მარგარეტ ტეთჩერი, 1985

რეალურად, პრობლემას წარმოადგენს სამშენებლო სფეროში დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ბაზა და შესაბამისი პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება, ერთი მხრივ, გასული საუკუნის 80-იანი წლების ე.წ. „სნიპებს“, ხოლო მეორე მხრივ, არასრულად და ქაოსურად ინტეგრირებულ ევროპულ თუ მსოფლიო ანალოგებს – მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, პროექტების შემსრულებლებს აქვთ მინიჭებული თავისუფლება, გამოიყენონ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებიდან სასურველი, საბჭოთა დროს დანერგილი პრაქტიკა არ შეცვლილა და აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო პროექტებისა (ბიუჯეტის სახსრებით), ხორციელდება „სნიპების” გამოყენებით.

არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არ არის რთული მოსაძიებელი, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს სწორედ ევროკოდების ინტეგრაცია, არსებობს ამის სახელმწიფოს ნება და, ამავე დროს, ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში.

ევროპული სტანდარტები, იგივე ევროკოდები წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს).

მისი მიზანია, დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობისა და უსაფრთხოების წესები; ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად; ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.

აღნიშნული სტანდარტი, ერთი მხრივ, ეყრდნობა 26 ქვეყნის მიერ საერთო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებულ წესებს და, ამავე დროს, არის მოქნილი, რადგან ის ითვალისწინებს დამატებითი ნორმის სახით, ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაციონალური დანართის შემუშავებას და მის სტანდარტზე დართვას.

ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრომ გარკვეული სამუშაოები უკვე გასწია, სტანდარტები სრულად ითარგმნა და ევროკოდების გარკვეული ნაწილი უკვე წარდგენილია ეროვნულ სტანდარტად რეგისტრაციისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, პროცესი უკვე დაძრულია, უბრალოდ, უდავოდ საჭიროებს დაჩქარებას, განსაკუთრებით სწავლების, ცნობიერების ამაღლებისა და დანერგვის სხვა მიმართულებებით.

ასე რომ, შეჯამების სახით, ევროპული მეხი თუ ევროპულ სამშენებლო სტანდარტებს გულისხმობს, რატომაც არა – მივიღებთ და რაც უფრო სწრაფად – უკეთესიც იქნება. სექტორიც უფრო გაჯანსაღდება და ერიც და ბერიც კმაყოფილი დარჩება.

ამ მიმოხილვაში ცოტა გვიან აღმოვაჩინე, რომ სულ პრობლემებზე საუბარმა მომიწია, თუმცა, როგორც თავში აღვნიშნე, ავადობის სიმპტომებზე უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ სწორი დიაგნოზი დავსვათ და მკურნალობაც სწორად დაიგეგმოს. ამ გაჯანსაღების პროცესში კი ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ – ბიზნესმაც, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმაც და საზოგადოებამაც.