სლოვაკეთი თურქული დრონების შეძენას გეგმავს

სლოვაკეთი თურქული დრონების შეძენას გეგმავს

ბრძოლებში გამოცდილი Bayraktar TB-ით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება. თურქულ საბრძოლო დრონს სლოვაკეთის სახით კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. მისი შეძენის შემთხვევაში კი ის ევროკავშირის მეორე სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში Bayratkar-ის ტიპის დრონი ექნება.

სურვილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჯარო ნადმა გაავრცელა. მისი განცხადებით, მოლაპარაკებები ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატის შეძენასთან დაკავშირებით წინ მიდის. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, თურქული დრონების მწარმოებელი კომპანიის, Baykar-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰალუკ ბაირაქთართან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მოგეხსენებათ, Bayraktar TB2-მა საკუთარი შესაძლებლობები უკვე არაერთ საერთაშორისო კონფლიქტში გამოავლინა. იგი სხვადასხვა დროს აქტიურად გამოიყენებოდა ლიბიაში, სირიაში, ყარაბაღში და ახლა უკვე უკრაინაშიც. დრონის წარმატებული მოქმედების ამსახველი ვიდეომასალები ინტერნეტში მრავლად მოიძებნება.

ცნობისათვის, Bayraktar TB2 შეიარაღებაში თურქეთისა და უკრაინის გარდა კატარს, აზერბაიჯანსა და პოლონეთსაც აქვთ. პოლონეთი შარშან ევროკავშირისა და ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც თურქული საბრძოლო დრონები შეისყიდა. უპილოტო საფრენის შეძენის სურვილი კიდევ არაერთმა სახელმწიფომ გამოთქვა.

Baykar-ს საექსპორტო შეთანხმება უკვე 19-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს დადებული. გარდა ამისა, სამხედრო კონტრაქტორს შეთანხმება უკრაინასთანაც აქვს ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით. გასულ კვირას, დრონების შეძენის მზაობა სერბეთმაც გამოთქვა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *