მსოფლიო ბანკი: სურსათსა და ენერგიაზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

მსოფლიო ბანკი: სურსათსა და ენერგიაზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, სურსათსა და ენერგიაზე მაღალი ფასები, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკით, მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებით, საწარმოო პროცესების დროებით შეჩერებითა და მსოფლიო მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდითაა განპირობებული.

ანალიტიკოსების შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე, 1973 წლის კრიზისის შემდეგ, ენერგორესურსების ფასების ზრდის ყველაზე მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება. მნიშვნელოვნად იზრდება საკვები პროდუქტების ფასებიც, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთი და უკრაინა მისი უმსხვილესი მიმწოდებლები არიან. გარდა ამისა, ბუნებრივი აირის გაძვირება სასუქის ფასების ზრდას იწვევს, რაც, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზეც აისახება.

„მიმდინარე მოვლენები სტაგფლაციის რისკებს ზრდის. პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა გაზარდონ ადგილობრივი ეკონომიკა და თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელთაც გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლია“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების საკითხებში, ინდერმიტ გილმა.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლომდე მოსალოდნელია ენერგორესურსების ფასების 50%-იანი ზრდა, თუმცა 2023 წლიდან ნავარაუდევია ზრდის ტემპის შენელება.

2022 წელს მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების 20%-იანი ზრდა და ხორბლის 40%-ით გაძვირება. თუმცა მომდევნო წლებში მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება.

მიუხედავად შედარებით პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინებისა, მსოფლიო ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო წლებში ფასები 5-წლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღლა იქნება, რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელება და მიწოდების ჯაჭვის დამატებით შეზღუდვა საქონლისა და ენერგოპროდუქტების გაძვირების რისკებს კიდევ უფრო გაზრდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *