Fraser Institute-მა მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველომ აღნიშნულ რეიტინგში წინ წაიწია და პირველ ათეულში მე-5 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მე-8 ადგილზე იმყოფებოდა.
ანგარიში, რომლის მიზანი სახელმწიფოთა ეკონომიკური თავისუფლების გაზომვა გახლავთ, პირველად 1996 წელს გამოიცა. სხვაგვარად შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგი ზომავს ინდივიდთა შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მიიღონ ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ამისათვის კი ინსტიტუტი 165 სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასა თუ საფინანსო ინსტიტუტებს აანალიზებს.
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გასაზომად რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს იყენებენ. ინდიკატორთა შორისაა: რეგულაციები, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, მთავრობის ზომა, საკუთრების უფლება, სამთავრობო ხარჯები და გადასახადები.
საინტერესოა ისიც, რომ კანადა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნების რეიტინგში აღარაა – მან მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. პირველ ადგილს კი კვლავინდებურად ჰონგ-კონგი იკავებს. მას სიაში სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატები, ირლანდია, ლიეტუვა, ავსტრალია და დანია მოჰყვებიან.
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ჰონგ-კონგზე ჩინეთის პოლიტიკის გავლენაზეც, რამაც შეიძლება რეიტინგში მისი პოზიცია შეასუსტოს.
ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ მაღალი ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მქონე სახელმწიფოებში მცხოვრები მოსახლეობა უფრო დიდი სიმდიდრით გამოირჩევა, აქვს მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო პრივილეგიები და ცოცხლობს უფრო მეტ ხანს.