მსოფლიო შესაძლოა, გლობალური შიმშილის კატასტროფის წინაშე დადგეს

მსოფლიო შესაძლოა, გლობალური შიმშილის კატასტროფის წინაშე დადგეს

მიმდინარე წელს ათობით მილიონი ადამიანი, ევროპიდან აზიამდე და აფრიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე შესაძლოა, გლობალური შიმშილის კატასტროფის წინაშე დადგეს, რასაც, ომის გარდა, მსოფლიოში მიმდინარე რამდენიმე ძირითადი მოვლენა განაპირობებს.

რუსეთ-უკრაინის ომი ორ ქვეყანას მოიცავს, რომლებიც ჯამში მსოფლიო ხორბლის თითქმის მესამედს აწარმოებენ. შედეგად, 3 მარტამდე, მხოლოდ ათი დღის განმავლობაში, მარცვლეულის გლობალური ფასი 21%-ით გაიზარდა. ამას კი ემატება ექსტრემალური ამინდი, როგორიცაა ჩრდილოეთ ამერიკაში გახშირებული გვალვები, ასევე საწვავისა და სასუქის მაღალი ფასები და დევნილთა მზარდი რაოდენობა როგორც ომის, ასევე კლიმატური ცვლილების მიზეზით. საბოლოოდ ეს ყველაფერი, 2022 წელს, მსოფლიოსთვის გლობალური შიმშილის კატასტროფის საშიშროებას უფრო რეალურს ხდის.

მოკლევადიანი ეფექტიანი გამოსავლის პოვნა რთულია. მაგალითად, ამერიკელი ფერმერები მხოლოდ დეფიციტის ანაზღაურებაზე დამოკიდებულნი ვერ იქნებიან. Nutrien-მა, მსოფლიოში სასუქის უმსხვილესმა მწარმოებელმა, წარმოების 20%-ით გაზრდა გადაწყვიტა, თუმცა ფასების სიძვირიდან გამომდინარე, ბევრისთვის მათი პროდუქტი კვლავ მიუწვდომლად დარჩა. მსოფლიო ქრონიკული შიმშილის თავიდან ასაცილებლად, შედარებით მუდმივი გამოსავალი საკვების მოსაყვანად უფრო მეტი ტერიტორიის გამოყოფაა.

შემდგომი პრობლემა იმ ადამიანთათვის საკვების მიწოდებაა, რომლებიც შიმშილის პირას იმყოფებიან. უკრაინის ომამდე, 26 მილიონი ლტოლვილი (ისტორიაში უდიდესი რაოდენობა) საკვებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დახმარებების ქსელის იმედზე იყო. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ დამატებით 10 მილიონი ადამიანი ლტოლვილად ან იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. სურსათის მსოფლიო პროგრამა (გაეროს სასურსათო დახმარების ფილიალი), მხოლოდ კონფლიქტის გამო, ხარჯების $71-მილიონიან თვიურ ზრდას ვარაუდობს. ორგანიზაციის განცხადებით, უკვე მოუწიათ რაციონის შემცირება იემენში, სადაც 16 მილიონზე მეტი ადამიანი თითქმის შიმშილის პირასაა.

სურსათის მსოფლიო პროგრამის მონაცემებით, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდ. აფრიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა სურსათის მაღალი ფასების მიმართ. ლიბანში ხორბლის დაახლოებით ნახევარი უკრაინიდან შედის, ტუნისში – 42%, ხოლო იემენში – 22%. სურსათის ფასები თითქმის ყველა დროის მაქსიმუმზეა. რუსეთმა უკვე შეზღუდა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი, უკრაინამ კი შეაჩერა ხორცის, პირუტყვის, მარილის, შაქრის, შვრიის, წიწიბურას და ჭვავის ექსპორტი.

წარსულ გამოცდილებას რომ გადავხედოთ, 2010 წელს პურის ფასის მკვეთრმა ზრდამ “არაბული გაზაფხულის” პოლიტიკური გამოსვლები გამოიწვია, პროტესტმა მოიცვა სამი ათეული ქვეყანა და ეგვიპტესა და ლიბიაში რეჟიმის შეცვლითაც კი დასრულდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე გლობალური სურსათის მიწოდება 2010 წლის მსგავს დაბალ ნიშნულზე არაა, მარცვლეულის მსოფლიო მარაგის მხრივ კრიტიკული მდგომარეობაა.

სიტუაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული კლიმატური მდგომარეობაც ართულებს. ოცდათხუთმეტ შტატს, ანუ ქვედა 48 შტატის მთლიანი ფართობის 61%-ს გასულ კვირაში თავს გვალვა დაატყდა. ამინდის გარდა კიდევ ერთი საკითხი მიწების ხელმისაწვდომობაა, რომლებსაც ფერმერები ბრაზილიასა და აშშ-ში მიწათმოქმედებისთვის შეძლებისდაგვარად უკვე იყენებენ. სოფლის მეურნეობას დარგვის სეზონის წინ გრძელვადიანი დაგეგმარება სჭირდება, რისთვისაც კომპანიები და ორგანიზაციები საკვებს თვეებით ან წლებით ადრე ყიდულობენ. პირდაპირი კონტრაქტები მიმწოდებლებთან კი მევენახეებს სასურველი კულტურის მოყვანისას არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.

სასუქის მაღალი ფასებით სოფლის მეურნეობა უკვე დაზარალდა. 2020 წლიდან აზოტის სასუქის ფასი – ოთხჯერ, ხოლო ფოსფატისა და კალიუმის სამჯერ გაიზარდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესებით გამოწვეული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, Nutrien-ი სამხრეთ კანადაში აუცილებელი კალიუმის წყაროს მოპოვებას აფართოებს. ინდუსტრიული აგრიკულტურის მომხრეები მოსავლიანობის გაზრდისა და მოსახლეობის გამოკვებისთვის ხსნას ქიმიურ სასუქებში ხედავენ. თუმცა მათი გადაჭარბებული გამოყენება წყლის დაბინძურებისა და მკვდარი ზონების შექმნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

სასუქების ფასის ზრდასთან ერთად, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა $250-მილიონიანი ფონდის შექმნა დააანონსა, აშშ-ში წარმოებულ სასუქებსა და ალტერნატივებში ინვესტირებისთვის. ბრაზილიის მთავრობაც ალტერნატივებში ინვესტირების გზას მისდევს, ხოლო მაკრონმა, უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, საკვების ინფრასტრუქტურაში დაფინანსების გაზრდა გადაწყვიტა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *