Apple-ი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქტების გამოწერის სერვისს დანერგავს

Apple-ი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქტების გამოწერის სერვისს დანერგავს

როგორც ჩანს, 2022 წლის ბოლოდან ან 2023 წლის დასაწყისიდან, Apple-ი iPhone-ებისა და კომპანიის სხვა პროდუქტების გამოწერის სერვისს დანერგავს, – ამის შესახებ Bloomberg-ის წამყვანი ტექნოლოგიური მიმომხილველი, მარკ გარმენი წერს. როგორც საკითხთან დაახლოებული ადამიანები აღნიშნავენ, გამოწერის სერვისის გააქტიურების შემდეგ, Apple-ის მომხმარებლები ტექნიკის საფასურს ისევე გადაიხდიან, როგორც აპლიკაციის საფასურს იხდიან, ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკის გამოწერის სერვისის დანერგვის შემთხვევაში, Apple-ის ბიზნესმოდელი რადიკალურად შეიცვლება, რადგან ამ დრომდე, iPhone-ებისა და სხვა მოწყობილობების შეძენა ერთჯერადი სრული გადახდით ან ტელესაკომუნიკაციო კომპანიებთან წინასწარ შეთანხმებული პირობებით იყო შესაძლებელი.

ისე კი, სავარაუდოა, რომ ნაწილობრივი ყოველთვიური გადახდით Apple-ი დამატებით ბაზრებზე შეძლებს გასვლას და ადამიანებს კიდევ უფრო მეტი ძვირად ღირებული მოწყობილობების შეძენის საშუალებას მისცემს. ცნობისთვის, ასე ფიქრობენ ინვესტორებიც, რომლებიც ამ სიახლეს ენთუზიაზმით შეხვდნენ: საფონდო ბირჟებზე Apple-ის აქციათა ფასი 2.3%-ით გაიზარდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, გამოწერის სერვისის დანერგვა არ ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობის ღირებულება 12 ან 24 თვეზე გადანაწილდება, როგორც ეს განვადების შემთხვევაში ხდება – მომხმარებლებს წინასწარ შეთანხმებული კონკრეტული თანხის გადახდა მოუწევთ, რომელიც დამოკიდებული იქნება, როგორც გამოსაწერ პროდუქტზე, ასევე დამატებით სერვისებზე, როგორც ეს iCloud-ის სივრცის ან Apple Music-ის გამოწერის შემთხვევაში ხდება.

როგორც ჩანს, გამოწერის მოდელის დანერგვაზე Apple-ი უკვე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს, მაგრამ ბოლო დროს, ეს პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა, რადგან კომპანიას სურს, რომ „იყიდე ახლა – გადაიხადე მერე“ მოდელი, რაც შეიძლება მალე დანერგოს. საინტერესოა ისიც, რომ გადახდის ამ მოდელის დანერგვა კომპანიას Apple Pay-ის ყველა ტრანზაქციასთან დაკავშირებით სურს.

აღსანიშნავია, რომ გამოწერის სერვისის სხვა ტექნოლოგიური კომპანიებსაც აქვთ დანერგილი: საკუთარ მოწყობილობებს ასე Peloton-ი და Google-ი ყიდიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *