ფოტო: rics.org
მსოფლიოში ცათამბჯენების სიმაღლეზე შეჯიბრი ბოლო ათწლეულებში ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო არქიტექტურულ ტენდენციად იქცა. ქალაქების ჰორიზონტები მუდმივად იცვლება, თუმცა ერთი შენობა კვლავ აშკარა ლიდერობას ინარჩუნებს. ეს არის დუბაის „ბურჯ ხალიფა“, რომლის სიმაღლე დაახლოებით 828 მეტრს უტოლდება.
„ბურჯ ხალიფა“ მეორეადგილოსანს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მდებარე „მერდეკა 118“-ს სიმაღლით თითქმის 150 მეტრით უსწრებს. ამ უკანასკნელის სიმაღლე 680 მეტრამდეა.

ვერტიკალური ურბანიზმის საბჭოს 2026 წლის 1-ელი აპრილის მონაცემებით, გთავაზობთ მსოფლიოში 20 ყველაზე მაღალი შენობის სიას. მონაცემები აჩვენებს, რომ ცათამბჯენების უმეტესობა დღეს აზიაში მდებარეობს, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი კი ჩინეთშია, სადაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების ოცეულიდან თითქმის ნახევარია თავმოყრილი.
აზია ათწლეულების განმავლობაში ლიდერობდა ცათამბჯენების სიმაღლესთან დაკავშირებულ რბოლაში. მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი კი 1998 წელს მოხდა, როდესაც კუალა-ლუმპურის „პეტრონასის ტყუპი კოშკები“ (452 მეტრი) დასრულდა. ტყუპმა ცათამბჯენებმა ჩიკაგოს „სირს თაუერს“ გაუსწრეს და მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აზიას მოაპოვებინეს.

მას შემდეგ მალაიზიაში ორი უფრო მაღალი შენობა გაიხსნა, რომლებსაც შეუერთდა ცათამბჯენები სხვა აზიური ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთი კორეა, ტაივანი და ვიეტნამი. თუმცა ვერცერთი ვერ შეედრება ჩინეთს, რომელსაც დღეს უფრო მეტი ცათამბჯენი აქვს, ვიდრე სიაში დანარჩენ 11 ქვეყანას ერთად აღებულს.
მსოფლიოს 20 ყველაზე მაღალი შენობა:
| ადგილი | შენობა | ქალაქი | სიმაღლე (მეტრი) |
|---|---|---|---|
| 1 | Burj Khalifa | დუბაი | 828 |
| 2 | Merdeka 118 | კუალა-ლუმპური | 679 |
| 3 | Shanghai Tower | შანხაი | 632 |
| 4 | Makkah Royal Clock Tower | მექა | 601 |
| 5 | Ping An Finance Center | შენჭენი | 599 |
| 6 | Lotte World Tower | სეული | 554 |
| 7 | One World Trade Center | ნიუ-იორკი | 541 |
| 8 | Guangzhou CTF Finance Centre | გუანჯოუ | 530 |
| 8 | Tianjin CTF Finance Centre | ტიანძინი | 530 |
| 10 | CITIC Tower | პეკინი | 528 |
| 11 | Taipei 101 | ტაიპეი | 508 |
| 12 | Shanghai World Financial Center | შანხაი | 492 |
| 13 | International Commerce Centre | ჰონგ-კონგი | 484 |
| 14 | Wuhan Greenland Center | უხანი | 475 |
| 15 | Central Park Tower | ნიუ-იორკი | 472 |
| 16 | Lakhta Center | სანქტ-პეტერბურგი | 462 |
| 17 | Vincom Landmark 81 | ხოშიმინი | 461 |
| 18 | The Exchange 106 | კუალა-ლუმპური | 454 |
| 19 | Changsha IFS Tower T1 | ჩანშა | 452 |
| 19 | Petronas Twin Tower 1 | კუალა-ლუმპური | 452 |
| 19 | Petronas Twin Tower 2 | კუალა-ლუმპური | 452 |











