2025 წელს სამხედრო ხარჯები 2.9%-ით გაიზარდა - რომელმა ქვეყნებმა დახარჯეს ყველაზე მეტი?

2025 წელს სამხედრო ხარჯები 2.9%-ით გაიზარდა - რომელმა ქვეყნებმა დახარჯეს ყველაზე მეტი?

ფოტო: Lance Cpl. Bobby J. Segovia/U.S. Marine Corps 

 

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მიერ გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, 2025 წელს სამხედრო ხარჯები გლობალურად 2.9%-ით გაიზარდა. ზრდა იმის მიუხედავად დაფიქსირდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხარჯები 7.5%-ით შეამცირა.

SIPRI-ის თანახმად, 2025 წელს გლობალურმა სამხედრო ხარჯებმა $2.89 ტრილიონი შეადგინა, რაც ზედიზედ 11-წლიანი ზრდაა. მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით სამხედრო ხარჯებმა 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 2.5% შეადგინა.

SIPRI-ის განმარტებით, მიმდინარე კრიზისების დინამიკისა და ასევე ბევრი სახელმწიფოს გრძელვადიანი სამხედრო სტრატეგიების გათვალისწინებით, სამხედრო ხარჯების ზრდა 2026 და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

საინტერესოა, რომ გლობალური სამხედრო ხარჯების 51% სამ უმსხვილეს სამხედრო კომპლექსზე: აშშ-ზე, ჩინეთსა და რუსეთზე მოდის და მან 2025 წელს $1.48 ტრილიონი შეადგინა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ, 2025 წელს აშშ-ის სამხედრო ხარჯებმა $954 მილიარდი შეადგინა. წინა სამი წლის განმავლობაში უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობა $127 მილიარდს გაუტოლდა. თუმცა 2026 წელს აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა $1 ტრილიონამდე, 2027 წელს კი $1.5 ტრილიონამდეა დაგეგმილი.

სამხედრო ხარჯების ზრდის ძირითადი წილი ევროპაზე მოდის, სადაც ხარჯები 14%-ით, $864 მილიარდამდე გაიზარდა. 4.9%-ით, $48.3 მილიარდამდე შემცირდა ისრაელის სამხედრო ხარჯები ღაზაში კონფლიქტის დასრულების გამო. ირანში კი ხარჯები ზედიზედ მეორე წელია, მცირდება. 2025 წელს კლებამ 5.6% შეადგინა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.