მსოფლიოს ყველაზე დიდი ენერგო მწარმოებლები

მსოფლიოს ყველაზე დიდი ენერგო მწარმოებლები

წარმოების ზრდასთან ერთად მუდმივად იზრდება მოთხოვნა ენერგიის სხვადასხვა წყაროზე. დღეს ენერგიის ფორმირების უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა გარემოზე ზემოქმედების თვალსზრისით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში თანდათან ფეხს იკიდებს განახლებადი ენერგიის ფორმირების სხვადასხვა უახლესი ფორმა, თუმცა ტრადიციული წიაღისეული საწვავი კვლავ დომინანტია.

ენერგეტიკული ტარიფების შედარების პლატფორმა Utility Bidder–ის  კვლევა იმ ქვეყნების ჩამონათვალს ასაჯაროებს, რომლებიც ყველაზე მეტ ენერგიას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ კვლევა ეფუძნება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA)  მონაცემებს და აჩვენებს ენერგიის მთლიანი წყაროს IEA–ს თითოეული წევრისა და ასოციაციის ქვეყნებისათვის, უახლესი წლის მანძილზე. ამასთან საზომ ერთეულად აღებულია ktoe (კილოტონის ნავთობის ექვივალენტი).

მსოფლიოს უდიდესი ენერგომწარმოებლების სია ასე გამოიყურება.

პირველ ადგილზე 3.2 მილიონი ktoe წარმოების მოცულობით ჩინეთია.  ჩინეთი არის ყველაზე დიდი ენერგო მწარმოებელი ქვეყანა, რომლის წარმოების უდიდესი ნაწილი  88%  წიაღისეულ საწვავზე მოდის. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ასევე პირველია განახლებადი ენერგიის წარმოების კუთხითაც, ის წელიწადში 300,924 ktoe–ს სწორედ სხვადასხვა განახლებადი ენერგიის წყაროებით აწარმოებს, თუმცა ეს ქვეყნის მთლიანი წარმოების მხოლოდ 9%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე 2.2 მილიონი ktoe აშშ–ია და ჩინეთის მსგავსად, დიდწილად დამოკიდებულია წიაღისეულ საწვავზე (82%), ძირითადად ნავთობზე და ბუნებრივ აირზე. აშშ ში ენერგიის მიწოდების 10% ბირთვულ ენერგიაზე მოდის, ხოლო 8% განახლებადი წყაროებით არის ფორმირებული.

ინდოეთი, რომელსაც სწრაფად მზარდი ეკონომიკა და მოსახლეობა ჰყავს, ამ სიაში მესამე ადგილზეა. მისი წლიური გამომუშავება 919,771 ktoe–ს აღწევს. ის ჩინეთისა და აშშ–სგან განსხვავებით,  ენერგიის ფორმირების საკმაოდ მრავალფეროვან გზებს იყენებს. წიაღისეული საწვავი მარაგის სამ მეოთხედზე მეტს აწარმოებს, განახლებადი წყაროები კი დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. თუმცა, ინდოეთში თითქმის სრულიად აუთვისებელია ბირთვული ენერგია, რომელიც წარმოების მხოლოდ 1%–ს აგენერირებს.

ენერგიის წარმოების მხრივ მსოფლიოს ტოპ ქვეყნების რეიტინგში ასევე მოხვდა: იაპონია – 419,083 ktoe; კანადა – 306,084 ktoe; გერმანია – 303,636 ktoe; ბრაზილია – 289,130 ktoe; სამხრეთ კორეა – 279,871 ktoe; საფრანგეთი – 246,349 ktoe და ინდონეზია – 231,008 ktoe.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *