უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა – მათ შორის პანდემიის გავრცელების შესაკავებლად დაწესებულმა შეზღუდვებმა და რუსეთ-უკრაინისა და ისრაელ-„ჰამასის“ ომებმა, გავლენა იქონია როგორც საერთაშორისო მოგზაურობათა დინამიკაზე, ასევე შეცვალა რიგი ქვეყნების სტატუსი და მათი მოქალაქეების უფლებებიც.
2024 წლის დაწყებასთან ერთად, Henley Passport Index-მა „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის“ (IATA) ექსკლუზიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მსოფლიოს 199 ყველაზე ძლიერი პასპორტის რეიტინგი გამოაქვეყნა. პასპორტების სიძლიერეს განსაზღვრავს ის, თუ მის მფლობელს რამდენ სახელმწიფოში შეუძლია შესვლა უვიზოდ ან ვიზის წინასწარი მოთხოვნის გარეშე.
საინტერესოა, რომ 2023 წლის ბოლოსთვის, ხუთწლიანი ლიდერობის შემდეგ, იაპონიამ სიის პირველობა დათმო და მისი ადგილი სინგაპურმა დაიკავა. თუმცა 2024 წლის დასაწყისშივე რიგითობა კვლავ შეიცვალა. საერთო ჯამში, 2024 წლის რეიტინგის პირველ ათეულში, 34 სახელმწიფოა წარმოდგენილი.
ამჟამად რეიტინგის პირველ ადგილს უპრეცედენტო რაოდენობის, ექვსი ქვეყანა ინაწილებს – რეკორდული რაოდენობის მიმართულებებზე უვიზო წვდომით. ევროკავშირის ოთხი სახელმწიფო – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი – სინგაპურთან და იაპონიასთან ერთად სიის ლიდერია, მათი პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 227 მიმართულებიდან 194-შია შესაძლებელი.
რეიტინგის შედარებით ქვედა საფეხურებზეც დომინანტები ევროპა და აზია არიან. მეორე ადგილს სამხრეთი კორეა, ფინეთი და შვედეთი ინაწილებენ, 193 მიმართულებით უვიზო მიმოსვლით, მესამე ადგილზე კი 192 უვიზო მიმართულებითაა ავსტრია, დანია, ირლანდია და ნიდერლანდები. გასულ წელთან შედარებით, სამ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლით, 191 მიმართულებამდე გაიზარდა გაერთიანებული სამეფოს მონაცემები, რომელიც ახლა უკვე მეოთხე პოზიციას იყოფს ლუქსემბურგთან, ნორვეგიასთან, ბელგიასთან, პორტუგალიასა და ნორვეგიასთან.
ინდექსის ბოლო, 104-ე პოზიციაზე კვლავ ავღანეთია, რომელიც, მხოლოდ 28 უვიზო მიმართულებით, სირიასა და ერაყს ჩამორჩება. ანგარიშის მიხედვით, უვიზო მიმართულებების საშუალო რაოდენობა 2006 წლის 58-დან, 2024 წელს თითქმის გაორმაგდა და 111 მიმართულებას მიაღწია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი – 106 უვიზო მიმართულება დაემატა არაბთა გაერთიანებული საამიროების პასპორტს, ასევე უკანასკნელ ათწლეულში რეიტინგში 21 პოზიციით არიან დაწინაურებულები უკრაინა (148 უვიზო მიმართულება) და ჩინეთი (85 უვიზო მიმართულება).
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა 121 უვიზო მიმართულებით, 50-ე ადგილს იყოფს ბოსნია და ჰერცეგოვინასთან. ცნობისთვის, გასულ წელს საქართველო 47-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, თუმცა, 119 უვიზო მიმართულებით. 51-ე ადგილზე, 119 უვიზო მიმართულებითაა რუსეთი, რომელსაც 52-ე ადგილზე თურქეთი მოჰყვება (118). ხოლო აზერბაიჯანი (72) და სომხეთი (68), შესაბამისად 70-ე და 74-ე პოზიციებს იკავებენ.
Henley Passport Index-ის ანგარიში: მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2024 წლის ათეული
რეიტინგი | სახელმწიფოები (უვიზო მიმართულებებით) | |||||
1. | საფრანგეთი (194) | გერმანია (194) | ესპანეთი (194) | იტალია (194) | იაპონია (194) | სინგაპური (194) |
2. | სამხრეთი კორეა (193) | ფინეთი (193) | შვედეთი (193) | |||
3. | ავსტრია (192) | დანია (192) | ნიდერლანდები (192) | ირლანდია (192) | ||
4. | ლუქსემბურგი (191) | პორტუგალია (191) | გაერთ. სამეფო (191) | ნორვეგია (191) | ბელგია (191) | |
5. | საბერძნეთი (190) | მალტა (190) | შვეიცარია (190) | |||
6. | ჩეხეთი (189) | ავსტრალია (189) | ახალი ზელანდია (189) | პოლონეთი (189) | ||
7. | აშშ (188) | კანადა (188) | უნგრეთი (188) | |||
8. | ლიეტუვა (187) | ესტონეთი (187) | ||||
9. | სლოვაკეთი (186) | სლოვენია (186) | ლატვია (186) | |||
10. | ისლანდია (185) |