ეკონომიკური სირთულეების, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინდუსტრიაში არსებული შეფერხებებისა და ჩიპების დეფიციტის ფონზე გასული წელი ტექნოლოგიური კომპანიებისათვის ნაყოფიერი გამოდგა.
Forbes-ის Global 2000-ის სიაში წელს 169 ტექნოლოგიური კომპანია მოხვდა. ეს რიცხვი კი შარშან 164-ს შეადგენდა. თუმცა მათი რაოდენობა 2021 წლის რეკორდულ მონაცემს მაინც ჩამორჩება (177). აღნიშნულ სიაში მოხვედრილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა გასული 12 თვის განმავლობაში მთლიანობაში $4.2 ტრილიონის შემოსავლები დააფიქსირა.
ტექნოლოგიური კომპანიების სიდიდე ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეიტინგში რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება და აერთიანებს კომპანიის შემოსავალს, მოგებას, აქტივებსა და საბაზრო კაპიტალიზაციას.
მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის პირველობა 7-წლიანი ლიდერობის შემდეგ დათმო Apple-მა. ამჟამად მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანია Google-ის მფლობელი Alphabet-ი გახლავთ, რომელიც გლობალურად მე-7 ყველაზე დიდი კომპანიაცაა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საფონდო ბირჟაზე 2021 წელს შესრულებულ პიკს 15% აკლია, Alphabet-მა გასული 12 თვის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის გაყიდვები შეასრულა ($282.8 მილიარდი).
რეიტინგში მეორე ადგილს Microsoft-ი იკავებს. მხოლოდ წელს კომპანიის აქციათა ფასები საფონდო ბირჟაზე 40%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მას 2% აშორებს. გასული და ბოლო 7 წლის ლიდერი Apple-ი წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მიუხედავად ამისა, Apple-ს მსოფლიოში ყველაზე დიდი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვს ($2.6 ტრილიონი). სიაში მისი დაქვეითება ორმა ფაქტორმა გამოიწვია. Apple-ის შემოსავლები ბოლო ორი კვარტალის განმავლობაში ზედიზედ შემცირდა. გარდა ამისა, კომპანიის აქტივები 13%-ით $332 მილიარდამდეა შემცირებული.
რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილებს სამხრეთკორეული Samsung-ი და ამერიკული Facebook-ის მფლობელი Meta ინაწილებენ. ხუთეულს მიღმა, მეექვსე ადგილზე იმყოფება ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ი. $75 მილიარდის შემოსავლით ნახევარგამტარების ტაივანური მწარმოებელი TSM-ი მე-7 პოზიციას იკავებს. მიუხედავად მცირე საბაზრო კაპიტალიზაციისა ($115.2 მლრდ), იაპონური Sony Corporation-ი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიების ათეულში მე-8 ადგილზეა წარმოდგენილი.
მე-9 და მე-10 პოზიციებით ათეულს კვლავ ამერიკული ტექკომპანიები, Oracle Corporation-ი და Cisco Systems-ი ასრულებენ.
პოზიცია | კომპანია | ქვეყანა | გაყიდვები | საბაზრო კაპიტალიზაცია |
1 | Alphabet Inc. | აშშ | $282.8 მილიარდი | $1.3 ტრილიონი |
2 | Microsoft Corporation | აშშ | $207.6 მილიარდი | $2.3 ტრილიონი |
3 | Apple Inc. | აშშ | $385.1 მილიარდი | $2.7 ტრილიონი |
4 | Samsung Group | სამხრეთი კორეა | $220.1 მილიარდი | $334.3 მილიარდი |
5 | Meta Platforms | აშშ | $117.3 მილიარდი | $599.8 მილიარდი |
6 | Tencent Holdings Ltd. | ჩინეთი | $82.4 მილიარდი | $415.4 მილიარდი |
7 | Taiwan Semiconductor Manufacturing Co. | ტაივანი | $75 მილიარდი | $423.2 მილიარდი |
8 | Sony Corporation | იაპონია | $85.2 მილიარდი | $115.2 მილიარდი |
9 | Oracle Corporation | აშშ | $48 მილიარდი | $261.8 მილიარდი |
10 | Cisco Systems Inc. | აშშ | $53.2 მილიარდი | $189.4 მილიარდი |
საერთო ჯამში, მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიებიდან 72 სწორედ აშშ-შია დაფუძნებული. ჩინეთი, ტაივანი და იაპონია, შესაბამისად, სიაში 25, 15 და 12 კომპანიითაა წარმოდგენილი.