მთავრობების დავალებით iPhone-ების გატეხისთვის Apple საჩივარს ამზადებს

მთავრობების დავალებით iPhone-ების გატეხისთვის Apple საჩივარს ამზადებს

Apple-ი ისრაელის ფირმა NSO Group-ს სამთავრობო უწყებებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიყიდვის გამო უჩივის, რაც მათ iPhone-ების გატეხისა და მათზე არსებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. აღსანიშნავია, რომ NSO Group-ის პროგრამული უზრუნველყოფა თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის ახლობლების თვალთვალისთვისაც გამოიყენებოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისში Amnesty International-მა ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების კუთვნილი უახლესი მოდელის iPhone-ების, NSO Group-ის პროგრამა Pegasus-ის მხრიდან, დაზიანების შესახებ განაცხადა. Apple-მა, NSO Group-ისთვის მისი პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და მოწყობილობების გამოყენების აკრძალვა და დამატებით, ზარალის ასანაზღაურებლად $75,000-ის გადახდა  მოითხოვა. კომპანიამ განაცხადა, რომ მომხმარებელთა ის მცირე რაოდენობა, რომლისკენაც თავდასხმები იყო მიმართული, აუცილებლად იქნება ინფორმირებული.

Apple-ის ინფორმაციით, NSO Group-ის პროგრამული შეტევები, მიზანმიმართულ მომხმარებლებზე შეტევისთვის და მათგან საჭირო ინფორმაციების მისაღებად, ასობით მილიონი დოლარით ფინანსდება, მათ შორის – სუვერენული მთავრობებისგან. Apple-მა ასევე გამოასწორა ის ხარვეზები, რამაც საშუალება მისცა NSO Group-ის პროგრამულ უზრუნველყოფას, ჰქონოდა წვდომა iPhone-ების პირად მონაცემებზე, მათ შორის ტექსტურ შეტყობინებებზე, ძიების ისტორიაზე, კამერასა თუ მიკროფონზე. NSO Group-მა ჯაშუშური საქმიანობისთვის Apple ID ანგარიშები შექმნა და iCloud-ის მომსახურების პირობები დაარღვია.

Apple-ი სარჩელს ჯაშუშური პროგრამების სხვა გამყიდველთათვის გაფრთხილებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ის ნაბიჯები, რომელთაც დღეს კომპანია დგამს, მკაფიო მესიჯის მატარებელია და უნდა შეწყდეს სახელმწიფოების მხრიდან უდანაშაულო მომხმარებლების წინააღმდეგ მსგავსი ტიპის პროგრამების დაფინანსება. NSO Group-ს, WhatsApp-ის მომხმარებლების მონაცემების გატეხისთვის Meta-ც უჩივის, აშშ-ის  ვაჭრობის დეპარტამენტმა კი თვის დასაწყისში კომპანია შავ სიაში შეიყვანა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.