აქამდე აუთვისებელი ტერიტორიების განვითარება არა მხოლოდ ქართული დეველოპერული ბაზრისთვის, არამედ თბილისის ეკოლოგიისთვისაც გამაჯანსაღებელი სიახლეა. “ლისი დეველოპმენტი” $100 მილიონს ხარჯავს, რათა მომხმარებლებს ვიწრო კვადრატული მეტრების ნაცვლად, ფართო ცხოვრების სტილი შესთავაზოს.
რამდენჯერაც ნუცუბიძის ფერდობს ავივლი და ბერიტაშვილისა და ახლადგაყვანილი მუხრან მაჭავარიანის ქუჩების გზაგასაყარიდან თბილისის პანორამულ ხედს თვალს მოვავლებ, რაც უნდა უცნაური იყოს, ორ ფილოსოფიურ საკითხზე მეფიქრება: სილამაზეზე და ცხოვრებაზე. სილამაზეზე იმიტომ, რომ იაფფასიანი საბჭოთა არქიტექტურით გვარიანად ნაგვემი თბილისი მაინც ახერხებს, რაღაც იდუმალი, მოუხელთებელი მომხიბვლელობა გამოასხივოს. განსაკუთრებით დაისისას, როცა ქალაქი პასტელური შეფერილობის ნისლად ქცეული კვამლისა და მტვრის საბურველს მოიკრავს ხოლმე თავზე; ცხოვრებაზე იმიტომ, რომ – როგორც ხსენებული საბჭოთა არქიტექტურის პირველმიზეზი იტყოდა – “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”. ჩვენი საცხოვრებელი გარემო განგვსაზღვრავს ჩვენ, ჩვენს აწმყოსა და მომავალს, მაშასადამე იმ ცხოვრებებსაც, რომლებთანაც მყარად ვართ დაკავშირებულნი.
“გარემო ქმნის ადამიანს – ის სიტუაცია, რომელიც შენი საცხოვრებლის თანმდევია. – იმავე აზრს იმეორებს “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი. – გქონდეს შესაძლებლობა ბავშვი ეზოში გაუშვა, იცოდე, რომ ბავშვი ეზოში უსაფრთხოდაა და ა.შ. თბილისში ბევრგან არაა გარანტირებული. ხშირ შემთხვევაში ცენტრალურ უბნებში ასეთი ტერიტორია მხოლოდ შენი კორპუსისა და მისი ეზოს ფარგლებს არ სცდება. აქ შეზღუდვა არ გაქვს. შეგიძლია გამოხვიდე ველოსიპედით სასეირნოდ, ბავშვი გაუშვა, ირბინო, აუზში იცურაო, ივარჯიშო”.
ნოდარ ადეიშვილს 2013 წლიდან უშუალოდ აბარია, როგორც მე ამ ადგილს ვუწოდებ – თბილისის აივნის – განვითარება. მუხრან მაჭავარიანის ქუჩას, რომელიც საბურთალოსა და ლისის ტბას, ვაშლიჯვრის დასახლების გავლით, თბილისის სხვა უბნებთან მოკლე დროში აკავშირებს, პირდაპირ “მწვანე ქალაქ ლისში” ავყავართ. ვათვალიერებ ლანდშაფტის არქიტექტორების მიერ დაგეგმილ რელიეფზე მიმოფანტულ მოხდენილ ვილებს, დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლებსა და თაუნჰაუსებს, რომლებიც საქართველოსთვის უჩვეულო, სრულიად ახალი სტილის, ინდივიდუალური საცხოვრებელი ნაგებობებია. “ყველა სახლი ენერგოეფექტურია, – მიხსნის კომპანიის ხელმძღვანელი. – ვიყენებთ მხოლოდ გამორჩეული ეკოლოგიური თვისებების მქონე ევროპულ სამშენებლო მასალებს”. ეს “მწვანე ქალაქის” უკვე დასრულებული პირველი ეტაპია, რომელიც 50-მდე ჯიშის ხითა და მცენარით არის გამწვანებული და 5 ჰექტარზე განლაგებულ 170-მდე საცხოვრებელ ერთეულს მოიცავს. პირველი ეტაპის უძრავი ქონების მონაგარი თითქმის მთლიანად გაყიდულია, ისევე როგორც მეორე ეტაპის მნიშვნელოვანი წილი, რომლის უხილავ საზღვარსაც ახლა ვკვეთთ.
“მეორე ეტაპის” რელიეფი დამუშავების პროცესშია. “ამ ადგილას ხრიოკი გორები იყო, ახლა კი შეხედე, როგორაა გამწვანებული. რელიეფზე ვიწრო სპეციალობის არქიტექტორები მუშაობენ”, – მეუბნება ნოდარ ადეიშვილი, რომლის მაღალი გამავლობის ავტომობილი ჯერ კიდევ მოუცემენტებელ გზებზე ოსტატურად ლავირებს. იგი მანქანას თავად მართავს, თან სხვადასხვა მხარეს მახედებს და აზარტშეპარული ტემბრით მიხსნის: “ჩემი აზრით, დეველოპერის კლასიკური მაგალითი “ლისი დეველოპმენტია”. კომპანია უკაცრიელ ადგილას ახორციელებს ტერიტორიის განვითარებას. დეველოპერის პირველი ფუნქციაა, განავითაროს განუვითარებელი ადგილი. ეს ბევრად რთული მისიაა, ვიდრე ცენტრალურ უბანში, ცენტრალურ მოედანზე, რომელიც ისედაც განვითარებული და ცნობადია, ააშენო სახლი. უკანასკნელი გაცილებით მარტივია, ვიდრე განავითარო უკაცრიელი ადგილი. ჩვენ ვქმნით პირველ უბნებს დიდი ქალაქისა, რომელსაც საბოლოო ჯამში “მწვანე ქალაქი ლისზე” ერქმევა”.
“ლისი დეველოპმენტის” 350 ჰექტარზე გადაშლილი ტერიტორია ნამდვილად ეყოფა ერთ სრულფასოვან ქალაქს. კომპანიამ 2011 წლიდან დაიწყო დაუსახლებელი, ოკრობოკრო ლანდშაფტის გაკეთილშობილება. მშენებლობის მეორე ფაზა, რომელიც მაქსიმუმ წელიწად- ნახევარში დასრულდება, უკვე განვითარებულ ხუთ ჰექტარს დამატებითი ექვსით გაამდიდრებს და ჯამში 260-მდე საცხოვრებელი ერთეულით დახუნძლავს. მეორე ფაზის დასრულების შემდეგ პროექტში ჩადებული მთლიანი ინვესტიცია დაახლოებით $100 მილიონს შეადგენს.
“ლისი დეველოპმენტმა” უკვე მოახერხა, რომ “მწვანე ქალაქი”, იქ დასახლების მსურველების გარდა, თბილისის სხვა მკვიდრების მიზიდულობის ცენტრადაც ექცია. ლისის ტბის მიმდებარედ არსებობს გოგირდის წყლის საბადოები, სადაც ოდესღაც ფუნქციონირებდა კიდეც გოგირდის აბანო, მაგრამ როდესაც კომპანიამ ტერიტორია შეისყიდა, იგი უკვე დანგრეული იყო. დანგრეული აბანოს ადგილას დღეს თანამედროვე სპა-ცენტრი იწონებს თავს. აგრეთვე, კომპანიამ ააშენა FIFA-ს სტანდარტის ფეხბურთის მინისტადიონი, საუკეთესო, ბოლო თაობის საფარით, ტბის გარშემო მოაწყო ინფრასტრუქტურა, რომელიც დამსვენებლებს სჭირდებათ – სანაპირო ზოლი, სპეციალური ბაქანი. ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე- რესტორნები, იგეგმება ტბის გარშემო სარბენი ბილიკის გაშენება. გამაჯანსაღებელ ცენტრთან ერთად ფუნქციონირებს სპორტული დარბაზი.
ქვეპროექტების ეპიცენტრში, რა თქმა უნდა, “ამერიკული აკადემიაა”, რომელიც 12 წელია, რაც არსებობს და უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც ერთ- ერთმა ყველაზე წარმატებულმა სკოლამ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო სკოლების რეიტინგში პირველ ადგილზე გასული “ექსეტერის აკადემია” სწორედ იმ მეთოდოლოგიით ასწავლის სტუდენტებს, რომლითაც “ამერიკული აკადმია”, კონკრეტულად კი “ჰარკნესის მაგიდის” პრინციპით. ეს პრინციპი დანერგილია მხოლოდ “ექსეტერის აკადემიასა” და “ამერიკულ აკადემიაში”, თბილისში. ლისის ტბის მიდამოებში მხოლოდ “ლისი ლაუნჯი”, სტადიონი, აბანო და სკოლაა. ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა არ განხორციელდება და ის მთლიანად რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.
კომპანიის “მწვანე ცნობიერება” და ბუნებისადმი ამგვარი რუდუნება კვლავ “ფილოსოფიურობისკენ” მექაჩება: “დროთა განმავლობაში, როდესაც განვითარდება ცივილიზაცია და გემოვნება მშვენიერებისადმი, ადამიანები ლამაზად შენებას უფრო იოლად შეძლებენ, ვიდრე მშვენიერი პარკების გაშენებას. გამოდის, რომ ბაღების გაშენება უფრო დახვეწილი ცნებაა და მეტ სრულყოფილებას მოითხოვს “, – ეს სიტყვები ინგლისელ ჰუმანისტს, ფრენსის ბეკონს ეკუთვნის, რომელიც ქალაქგეგმარებისადმი მიძღვნილ საკუთარ თეორიულ ნაშრომებში არქიტექტურისა და ბუნების მიმართ ისეთივე დამოკიდებულებას ავლენს, როგორსაც “ლისი დეველოპმენტი” და მისი გენერალური დირექტორი საკუთარ სამშენებლო პრაქტიკაში: არქიტექტურა განიხილება ბუნებრივ გარემოსთან ჰარმონიაში მყოფ, ხელოვნურად შექმნილ, მოწესრიგებულ ნაწილად, სადაც ბუნება და საცხოვრებელი ერთმანეთთან დაკავშირებული ელემენტების სისტემაა.
“მარტივ ციფრს გეტყვით, რაც ჩვენი კომპანიის მთავარი პრინციპია, – მეუბნება ნოდარ ადეიშვილი. – ჩვენ ამას 80/20-ს პრინციპს ვეძახით. განაშენიანების 20% ეთმობა შენობების “ფუტპრინტებს”, ხოლო 80% ეთმობა გამწვანებას, პარკებს, გზებსა და სხვა დამხმარე ტერიტორიებს. შეგვეძლო პირიქით გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრების სტილი, რომელიც გვინდა, ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ, შეესაბამება ამ ამოსავალ პრინციპს: ნაკლები ეთმობა შენობებს და მეტი გარემოს, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს”.
სწორედ ეს არის მთავარი, რასაც “ლისი დეველოპმენტი” თმობს. კომპანია იმაზე ნაკლებს აშენებს, ვიდრე უფლება აქვს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ “შევქმნათ გარემო, ცხოვრების ახალი სტილი და არა კვადრატული მეტრები”. ქართული დეველოპერული ბაზრისთვის უჩვეულო “დათმობა” კომპანიის მოხერხებულმა მენეჯმენტმა მშვენიერ ბიზნესმიმართულებად აქცია: იტალიელ პარტნიორებთან ერთად დაარსდა “ლისი გრინსი”.
“საწყის ეტაპზე ძირითადი მიზანი იყო, საკუთარი სანერგე გვქონოდა, – ამბობს “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი. – ხეები და სხვა სიმწვანე, რაც გამოყენებულია “პირველი ფაზის” ტერიტორიის ასათვისებლად, იტალიიდანაა ჩამოტანილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გათვლა მთელი კუთვნილი ტერიტორიის გამწვანებაა, გადავწყვიტეთ, რომ ეს ბიზნესად გვექცია”. ასეც მოიქცნენ. ამჟამად “ლისი გრინსი” საცხოვრებელი კომპლექსების განსავითარებლად საჭირო ხეებისა და მცენარეულობის ძირითადი მომწოდებელია და “ლისი დეველოპმენტის” გარდა სხვა კომპანიებსაც ემსახურება.
გარდა პრინციპისა, რომელიც ქალაქის ცენტრალური უბნების მაგივრად აუთვისებელი ადგილის განვითარებას გულისხმობს, “ლისი დეველოპმენტს” ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ე.წ. 80/20-იც გამოარჩევს: კონცეფცია, რომელიც ემყარება იმას, რომ ადამიანმა თავი ბუნების ჯანსაღ ნაწილად იგრძნოს. ძირითადი აქცენტი სიმწვანეზე, სუფთა გარემოზე, ხედსა და მოქნილ ინფრასტრუქტურაზეა დასმული. ბუნებრივ ექსტერიერს მეტი თუ არა, ისეთივე ყურადღება ეთმობა, როგორიც საცხოვრებლების ინტერიერს.
ახალი განაშენიანების ფაზა რამდენიმე ნაწილად გაიყოფა, რომელიც ლანდშაფტური დიზაინის სხვადასხვა ხედვას გააერთიანებს. “მწვანე უბნების ახალი ფაზა იქნება, ასე ვთქვათ, მიქსი: ყველა უბანი საკუთარ, ორიგინალურ ესთეტიკას წარმოაჩენს. ახალი ფაზა ყველაზე მწვანე და კრეატიული უბანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მასში არა ერთი, არამედ მრავალი პროფესიონალის ხედვა გაერთიანდება”, – განმარტავს ახალგაზრდა ტოპმენეჯერი.
გარდა ლანდშაფტისა, “მწვანე ქალაქი ლისზე” გამრავალფეროვნდება არქიტექტურული თვალსაზრისითაც. აქამდე კომპანია ექსკლუზიურად ჯგუფ architects.ge-სთან თანამშრომლობდა, თუმცა მომდევნო ეტაპისთვის გადაწყდა, ზოგიერთი საცხოვრებელი ბლოკის არქიტექტორიც ევროპიდან მოეწვიათ. “გადავწყვიტეთ, ახალი ხედვა გავაჩინოთ ახალ დასახლებაში. გვინდოდა სხვისი თვალით დანახული, ახალი არქიტექტურა გაჩენილიყო აღნიშნულ ფაზაში. ვფიქრობთ, საინტერესო გამოცდილება იქნება როგორც ჩვენთვის, ისევე ჩვენი პარტნიორი არქიტექტურული ჯგუფისათვის, – მეუბნება ნოდარ ადეიშვილი. – ისევ და ისევ მთავარი დავალება ბუნებასთან შერწყმა და სიმწვანეა. ეს ტერიტორია კვლავ განსაკუთრებულად გამწვანებული გვინდა. გვინდა, რომ ლანდშაფტურ დიზაინთან თანხვდენაში იყოს თითოეული შენობის არქიტექტურაც”.
ეთიკური დეველოპინგის პრინციპებმა საერთაშორისო არენაზე თვალში საცემი შედეგი უკვე გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სულ ოთხიოდ წელია, რაც ტერიტორიის განვითარებას ეწევა, მან გაცილებით დიდი ხმაური გამოიწვია, ვიდრე ქართული დეველოპერული ბაზრის ძირძველმა მოთამაშეებმა. “ლისი დეველოპმენტის” კონცეფციამ უკვე მეოთხეჯერ მიიღო საუკეთესო დეველოპმენტისა და არქიტექტურის პრიზი ლონდონში და ევროპის დეველოპერებს შორის ის ერთ- ერთ საუკეთესოდ აღიარეს.
“ჩვენ 2012 წლიდან ვიღებთ ჯილდოებს. ასეთი ჯილდოები მხოლოდ ერთი კომპონენტით არ განისაზღვრება; ბევრი სტანდარტია, რომლებიც უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ როგორც ენერგოეფექტურობის კუთხით, ისევე მშენებლობის კულტურის დაცვით, არქიტექტურული თვალსაზრისით, ზონირების თვალსაზრისით – როგორ არის ტერიტორიაზე შენობები განლაგებული, სიმწვანეს რამდენი ეთმობა – როგორ ხდება ტერიტორიის მოვლა და მოსახლეობისთვის სერვისების შეთავაზება”, – სიამაყეს ვერ მალავს “ლისი დეველოპმენტის” გენერალური დირექტორი.
ექსკურსიის დასასრულს ყველაფერზე ვფიქრობდი, გარდა “მწვანე ქალაქიდან წამოსვლისა”. ჩემი თბილისური ბუდიდან “თბილი ქალაქისკენ” მიგრაცია აქამდე აზრადაც არ გამივლია, თუმცა საცხოვრებლის შეცვლაზე აზრი ალბათ ისევე უცაბედად ჩნდება, როგორ უცაბედადაც ქრება დილის ამაღლებული განწყობა, როდესაც სადარბაზოდან გამოსული ნაკაწრს აღმოაჩენ საკუთარ მანქანაზე. მერე კი ამ ნაკაწრივით წვრილი და ძლივს შესამჩნევი აზრის გაელვება ისე მოიცავს ტვინს, როგორც ხმამაღალი, მონოტონური ზუზუნი, რომელსაც სხვა, არანაკლებ უსიამოვნო, მჭახე ხმაურიღა თუ ჩაახშობს – სხვა ვერაფერი (ცენტრალურ მაგისტრალებთან განლაგებულ უბნებში ხმაური 78 დეციბალს აღწევს, როცა ზღვრულად დასაშვები დონე 65 დეციბალია). საბოლოოდ ურბანული ჯუნგლების ეპიცენტრში ყოფნა ისევე გაუსაძლისი ხდება, როგორც დიდი ხნით სუნთქვის შეკავება. ჩასუნთქვა გარდაუვალია, მიუხედავად იმისა, რომ ჟანგბადთან ერთად ფილტვებში მენდელეევის ლამის მთელი ტაბულა განგეტოტება (გარემოს მონიტორინგის სააგენტოს მონაცემებით, თბილისის 12%, რომელიც ძირითადად სწორედ ცენტრალური უბნებითაა დაკომპლექტებული, ეკოლოგიურად საშინლად დაბინძურებულია, ხოლო 36% – “საშუალოდ დაბინძურებული”). სასიცოცხლო საფრთხეებთან ამგვარი სიახლოვე ძალაუნებურად ისევ ფილოსოფიაში გადაგაგდებს ადამიანს. შეგაწუხებს კითხვები: განა საცხოვრებელი მხოლოდ სახლია? განა სივრცე ცხოვრებისთვის მხოლოდ საკადასტრო ნახაზში მოქცეული რამდენიმე ათეული კვადრატული მეტრით უნდა შემოიფარგლებოდეს? როცა საქმე ცხოვრებას ეხება, რა შეიძლება იყოს უფრო პრიორიტეტული, ვიდრე უსაფრთხოება და გარემო, რომელიც ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ სიჯანსაღეს რისკფაქტორებით არ დაამძიმებს? აგე, გაზაფხულიც მოდის და, ბოლოს და ბოლოს, განა ხეები ყვავილების ნაცვლად პოლიეთილენის პარკებს უნდა ისხამდეს?
თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებთათვის ამ კითხვების არდასმა, დამეთანხმებით, ფუფუნებაა. ზემოქმედების მხოლოდ ერთ წყაროს თუ ავიღებთ – ვთქვათ, ავტოტრანსპორტის ზეგავლენას – ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის გარდა, უსაფრთხოების საკითხებიც ხომ იჩენს თავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე თბილისში ველოსიპედით მოსიარულე რიგით მაისურაძეებს ისეთივე მზერით ვაცილებ, როგორითაც აეროპორტში მდგარი რიგითი იაპონელები თვითმფრინავისკენ მიმავალ კამიკაძეებს მეორე მსოფლიო ომის დროს.
“მთავარი გამოწვევაა, ჩვენს მომავალ მომხმარებელს ავუხსნათ, რომ მთავარი ცხოვრების სტილია და არა ცხოვრების ადგილი. – მეუბნება გამომშვიდობებისას ნოდარ ადეიშვილი. – რომ იდეალური საცხოვრებელი ადგილი არ არის ცენტრალური უბანი, არამედ ის, სადაც უკეთ ცხოვრობ – ბუნებასთან და ევროპულ სტანდარტებთან ახლოს”.
იმედი ვიქონიოთ, რომ “ლისი დეველოპმენტი” შეძლებს თბილისელების ამაში დარწმუნებას, თუმცა “მწვანე ქალაქის” ახალმოსახლეთა რიცხვის ზრდის დინამიკას თუ მივიღებთ მხედველობაში, სანერვიულოც არაფერია, შეგვიძლია პოზიტივისტ ფილოსოფოსებად დავრჩეთ.