მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკულ წრეებში აქტიურად განიხილება სუფთა ენერგიის წარმოების წყარო – მწვანე წყალბადი. უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა, მწვანე წყალბადი ახალი ტექნოლოგია არ არის და მასზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში ათეული წლებია, მიმდინარეობს. მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით და „მწვანე“ კი იმიტომ არის, რომ მისი წარმოება შესაძლებელია განახლებადი ენერგიების – წყლის, მზის, ქარის მეშვეობით. წყალბადის წარმოების ხარჯი ძირითადად მოიცავს ელექტროენერგიისა და წყალბადის წარმომქმნელი დანადგარის, ელექტროლაიზერის ხარჯებს. წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ან მისი, როგორც აირის, მოხმარება. ამ ეტაპზე წყალბადი ყველაზე ხშირად გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისა და სასუქების წარმოებაში, ხოლო ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურების სეგმენტი ძირითადად წყალბადის განვითარებად ბაზრებს წარმოადგენს.
რუსეთის ომმა უკრაინაში საფრთხის წინაშე დააყენა ევროპის ენერგეტიკული სისტემა, რაც უკვე აისახა ენერგიის მაღალ ფასებში და გაამძაფრა ევროპელი პოლიტიკოსების შეშფოთება ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. დღეისათვის მწვანე წყალბადის წარმოების გააქტიურებას დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა ანგარიშსა და მომდევნო წლებში განსახორციელებელ გეგმებში. ევროპა მწვანე წყალბადს განიხილავს, როგორც რუსეთზე ენერგიის დამოკიდებულების შემცირების რეალურ საშუალებასა და გამოსავალს, როგორც ნულოვანი ემისიის გლობალური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ევროკავშირის მიერ 2022 წლის მაისში შემუშავდა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოკლე პერიოდში საგრძნობლად უნდა შემცირდეს რუსულ ენერგიებზე დამოკიდებულება. ევროკავშირის მონაცემებითა და პროგნოზებით, წყალბადის დადგმული სიმძლავრის გაზრდა 2024 წლისთვის 6 გიგავატამდეა დაგეგმილი, ხოლო 2050 წლისთვის – 500 გიგავატამდე.
ევროკავშირის გეგმის (REPowerEU) მიხედვით, 2050 წლისთვის ევროპა უნდა იქცეს ე.წ. სუფთა კონტინენტად, რასაც ევროპის მწვანე შეთანხმებაც (Green Deal) ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებთან ერთად წყალბადის ქსელის განვითარება ევროპაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. შესაბამისად, იზრდება მწვანე წყალბადის კვლევებისა და ინოვაციების დაფინანსება. მნიშვნელოვნადაა მომატებული მწვანე წყალბადის როლი და წილი ევროკავშირის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში. მაგალითად, ნიდერლანდების სამეფოში იგეგმება წყალბადის ტრანსპორტირების მსოფლიოში პირველი ეროვნული ქსელის მშენებლობა. არსებული პოლიტიკური თუ ენერგეტიკული მოცემულობის გათვალისწინებით, ევროპა მწვანე წყალბადზე მუშაობის გააქტიურებას განიხილავს, როგორც „გადაუდებელი გამოწვევის გარდაქმნას უნიკალურ შესაძლებლობად“.
ევროპის განახლებადი ენერგიის განახლებული დირექტივა (Directive (EU) 2018/2001 (recast)) მიუთითებს, რომ მწვანე წყალბადის გამოყენება ენერგიის საბოლოო მოხმარებაში უნდა იქნეს გათვალისწინებული განახლებადი ენერგიის წილის გამოთვლისას, ხოლო ენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების ფარგლებში შესაძლებელი ხდება მწვანე წყალბადის წარმოშობის სერტიფიკატებით ვაჭრობა.
განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ახალ ანგარიშში გაანალიზებულია ენერგეტიკულ ლანდშაფტში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები, განხილულია საკითხები ინიციატივების, ტექნოლოგიებისა და საექსპორტო საშუალებების შემუშავებაში წყალბადის სუფთა ღირებულების ჯაჭვების ხელშეწყობის მიზნით. ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ანგარიშის თანახმად, 2030 წლიდან განიხილება მწვანე წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტის აქტიური გამოყენება, 2030 წლისთვის კი ტრანსპორტის სექტორში წყალბადის წილი შეიძლება იყოს 0,2%-მდე (3.4 ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტი). ამავდროულად, მწვანე წყალბადის გამოყენება განიხილება გაზმომარაგების მიმართულებით, რაზეც დამატებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებად განიხილავს მწვანე წყალბადის, როგორც შემნახველი ტექნოლოგიის, განვითარებას.
როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, არა მხოლოდ ევროპა, არამედ სხვადასხვა ქვეყანა განიხილავს მწვანე წყალბადის აქტიურ გამოყენებას. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ინდოეთი. ინდოეთში 2021 წელს დაიწყო ქვეყნის წყალბადის ეროვნული მისიის განხორციელება, საწარმოებს განესაზღვრა მწვანე წყალბადის გამოყენების მინიმალური კვოტა. ამ ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მწვანე წყალბადი შეიძლება დაეხმაროს ინდოეთს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ დიდი ნაბიჯის გადადგმაში და ამ მიზანს ინდოეთი 2047 წლისთვის მიაღწევს.
მწვანე წყალბადის განვითარების კურსი საქართველომაც აიღო. ამასთანავე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპა ჩვენს ქვეყანას განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევას ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაზე. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა განზრახულებათა დეკლარაციას საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლის შესახებ. დეკლარაციის ძირითად მიზნებს წარმოადგენს საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალისა და სარგებლის შეფასება, პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანას, შესაბამისად, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას სუფთა და განახლებადი ენერგიების მიმართულების განსავითარებლად, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებასა და მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას. ასევე დეკლარაციით განსაზღვრული მიზანია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების ტემპის ზრდა, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ქვეყნისთვის ექსპორტის შესაძლებლობების შექმნა.
საქართველოში განახლებადი ენერგიების წარმოების კუთხით რაც მეტი შესაძლებლობა იქნება, მით უფრო მეტად შეეწყობა ხელი ადგილობრივი გენერაციის განვითარებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისკენ ფუნდამენტური ღონისძიებების ჩამოყალიბებას. ახალი პერსპექტივა შეეხება როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის სექტორსაც, რაც აჩენს იმის პერსპექტივებს, რომ ბუნებრივი გაზის სეგმენტშიც გრძელვადიან პერსპექტივაში შემსუბუქდეს იმპორტდამოკიდებულება. საქართველოში ასევე შესაძლებელია მწვანე წყალბადის გამოყენება თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის საწარმოებლად. მნიშვნელოვანია, წყალბადის სექტორის განვითარებისთვის მზად იყოს მარეგულირებელი გარემო. მსოფლიოში ასეთი მარეგულირებელი ჩარჩო ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპებზეა. სემეკში უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც იქნება ერთგვარი ფუნდამენტი მწვანე წყალბადის განვითარების ხელშემწყობი დოკუმენტების პროექტების შესაქმნელად. წინ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მათ შედეგებს კი საზოგადოებას ეტაპობრივად გავუზიარებთ.