მულტინაციონალური კორპორაციების საგადასახადო კანონის ძალაში შესვლა შესაძლოა 2022 წლამდე გადაიდოს

მულტინაციონალური კორპორაციების საგადასახადო კანონის ძალაში შესვლა შესაძლოა 2022 წლამდე გადაიდოს

შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის, ჯანეტ იელენის, განცხადებით, ახლად შემუშავებული მექანიზმი, რომელიც მეტ სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, საგადასახადო წნეხი გაუზარდოს დიდი მოგების მქონე მულტინაციონალურ კორპორაციებს, შესაძლოა საკანონმდებლო განხილვისათვის 2022 წლის გაზაფხულამდე არ იყოს მზად.

დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიო ეკონომიკების ფინანსთა ლიდერების შეხვედრის შემდეგ იელენმა პრესკონფერენციაზე სწორედ აღნიშნული კორპორაციული საგადასახადო კანონის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 132 სახელმწიფო უჭერს მხარს.

დიდი 20-ის ფინანსთა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების მმართველებმა, სამიტის მიმდინარეობისას, კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა მსხვილი კორპორაციებისათვის გადასახადების დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა  ჯერჯერობით მაინც არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის დარწმუნებას აღნიშნული კანონის რატიფიცირებისათვის.

შეერთებული შტატების სახაზინო მდივანი კანონის დამტკიცებას ორ ეტაპად განიხილავს. პირველი შესწორების თანახმად, ახალი მექანიზმი სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, ტექნოლოგიურ გიგანტებს, მაგალითად, Google-სა და Facebook-ს, იმის მიხედვით გადაახდევინონ გადასახადი, თუ სად ყიდიან ისინი თავიანთ პროდუქციასა და მომსახურებას, და არა იმის მიხედვით, თუ რა ტერიტორიაზე იმყოფება კომპანიის შტაბბინა ან ინტელექტუალური საკუთრება. „ამ მულტილატერალურ საგადასახადო რეფორმაზე მოსალაპარაკებლად დიდი დრო დაგვჭირდება“, – განაცხადა ჯანეტ იელენმა.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრი კანონის იმპლემენტაციის ვადად 2022 წლის გაზაფხულს მოიაზრებს.

მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადი – რას ცვლის დიდი შვიდეულის შეთანხმება

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *