მზისა და ქარის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა

მზისა და ქარის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა

ახალი კვლევის თანახმად,  2021 წელს, ქარისა და მზის ენერგიის წარმოებამ გლობალური ელექტროენერგიის 10% პირველად შეადგინა. კლიმატისა და ენერგეტიკული კვლევითი ცენტრის, Ember-ის მონაცემებით, მსოფლიოს 50 ქვეყანა თავისი ენერგიის მეათედზე მეტს ქარისა და მზის წყაროებიდან იღებს.

ქარის, მზისა და სხვა სუფთა წყაროებიდან ენერგიის წარმოებამ 2021 წელს მსოფლიო ელექტროენერგიის 38% შეადგინა. პირველად ისტორიაში, მთლიანი ელექტროენერგიის 10% ქარის ტურბინებით და მზის პანელებით წარმოებულმა ენერგიამ მოიცვა. შედეგად, ქარისა და მზის წილი 2015 წელს, პარიზის კლიმატის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ, გაორმაგდა.

ქარისა და მზის ენერგიაზე ყველაზე სწრაფი გადასვლით ნიდერლანდები, ავსტრალია და ვიეტნამი გამოირჩევა. ამ ქვეყნებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, წიაღისეული საწვავიდან ელექტროენერგიის მოთხოვნის მეათედი მწვანე წყაროებით ჩანაცვლდა. დანიაში კი  ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი ქარისა და მზის წყაროებიდან იწარმოება.

თუმცა განახლებადი წყაროების წილის ზრდის პარალელურად, 2021 წელს, ქვანახშირისგან ენერგიის წარმოებაც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვანახშირის მოხმარების ზრდა უმეტესწილად აზიის ქვეყნებში, ჩინეთსა და ინდოეთში დაფიქსირდა. ამას ხელი შეუწყო გასულ წელს გაზის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამაც, რის შედეგადაც ქვანახშირი ქვეყნებისთვის უფრო იაფ რესურსად გადაიქცა.

2021 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიიდან მსოფლიო ეკონომიკების აღდგენას ენერგიაზე მოთხოვნის ზრდაც მოჰყვა. Ember-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელს ელექტროენერგიის საჭიროების ზრდა მსოფლიო ქსელში კიდევ ერთი ინდოეთის დამატების ეკვივალენტური იყო. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა რეკორდული ტემპით გაიზარდა, რის შედეგადაც 1985 წლის შემდგომ ქვანახშირის ენერგიის წარმოების ყველაზე სწრაფი, 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *