„სწრაფი მოდის“ დასასრული: ევროკავშირს ეკოდიზაინის წესების გაფართოება სურს

„სწრაფი მოდის“ დასასრული: ევროკავშირს ეკოდიზაინის წესების გაფართოება სურს

ევროკავშირს ეკოდიზაინის წესების გაფართოება სურს, რაც სამომავლოდ ყველა პროდუქტს, მათ შორის ტექსტილსაც შეეხება. კანონმდებლობის შემოღება, დიდი ალბათობით, 2030 წლისთვის „სწრაფი მოდის“ დასასრულის გამომწვევი მიზეზი გახდება. ახალი წესების თანახმად, ტანსაცმელი, ავეჯი და სმარტფონები უფრო გამძლე, მარტივად შესაკეთებელი და გადასამუშავებელი გახდება.

ინიციატივა მდგრადი წარმოების ტექსტილის ბაზრის გაძლიერებას ისახავს მიზნად. სტრატეგია პროდუქტის გამოყენების ყველა ეტაპს, მათ შორის დიზაინს, შეკეთებას და გადამუშავებას მოიცავს. გარდა ამისა, ევროკავშირი კომპანიებისგან გადაყრილი გაუყიდველი  საქონლის რაოდენობის გამჟღავნებასაც მოითხოვს. ევროკომისიას სურს, 2030 წლისთვის, ევროკავშირის ბაზარზე წარმოდგენილი ტექსტილი მეტად გამძლე, ადვილად გადასამუშავებელი და დიდწილად გადამუშავებული ბოჭკოსგან იყოს დამზადებული.

გლობალურად ტანსაცმლის მხოლოდ 1%-ზე ნაკლებია გადამუშავებული. ევროპული გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, ევროპაში ტანსაცმლის გამოყენება გარემოსა და კლიმატზე გავლენის სიდიდით მეოთხეა. გარემოსა და კლიმატზე ტანსაცმლის წარმოების გავლენა მხოლოდ ისეთ უმსხვილეს სფეროებს ჩამორჩება როგორიცაა: საკვების, საცხოვრებლის და ტრანსპორტის წარმოება.

ეკოდიზაინის წესებს უახლოეს მომავალში საბჭო და ევროპარლამენტი განიხილავს, თუმცა  კონკრეტული პროდუქტების რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არაა. პირველი ეტაპისთვის რეგულაციები, სავარაუდოდ, ლეიბებსა და ხალიჩებს შეეხება, სამომავლოდ კი ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე გავრცელებაც განიხილება. მნიშვნელოვანია, რომ ახალი კანონმდებლობის დანერგვას დიდი გავლენა ექნება მსოფლიოზეც, რადგან ევროკავშირში ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ტექსტილის თითქმის სამი მეოთხედი იმპორტირებულია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *