ნაღდი ფული: ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია და კრიმინალი

ნაღდი ფული: ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია და კრიმინალი

საავტორო სვეტში გამოქვეყნებული სტატიების მიზანია, განვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა გატარება აუცილებელია საქართველოში სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ეკონომიკურმა ზრდამ შედეგად უნდა მოგვცეს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა და ქვეყანაში არსებული სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალება.

ჩვენს წინა სტატიებში დეტალურად განვიხილეთ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის აუცილებელი რეფორმები, კერძოდ: სავალუტო რეჟიმი (“ფორბსი“, ივნისი 2019), განათლება (“ფორბსი“, ივლისი 2019), საბიუჯეტო პოლიტიკა (“ფორბსი“, აგვისტო- სექტემბერი 2019), სოფლის მეურნეობა (“ფორბსი“, ოქტომბერი 2019), ენერგოპოლიტიკა („ფორბსი“, ნოემბერი 2019), ჯანდაცვა („ფორბსი“, დეკემბერი 2019), საინვესტიციო კლიმატი („ფორბსი“, იანვარი 2020), ინფრასტრუქტურა (“ფორბსი“, თებერვალი 2020), სახელმწიფო საწარმოები (“ფორბსი“, მარტი 2020), უსაფრთხო საინვესტიციო გარემო (“ფორბსი“, აპრილი 2020), რა დაუჯდა საქართველოს კორონავირუსის ორი თვით შეჩერება (“ფორბსი“, ივლისი 2020), სწრაფი ეკონომიკური ზრდა და გარემოზე ზემოქმედება (“ფორბსი“, აგვისტო-სექტემბერი 2020), სახელმწიფო დეფოლტის წინაშე (“ფორბსი“, ნოემბერი 2020).

წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორებს, ესენია: ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია, ფულის გათეთრება და ამ პრობლემების მთავარი მამოძრავებელი ძალა – ნაღდი ფული.

განვითარებული ქვეყნებისათვის ნაღდ ფულთან დაკავშირებული პირველი პრობლემა არის ტერორიზმის დაფინანსება. თუმცა, ისევე როგორც განვითარებადი ქვეყნებისათვის, ჩრდილოვანი ეკონომიკა, გადასახადების ადმინისტრირება და კორუფცია განვითარებული ქვეყნებისათვისაც დიდი გამოწვევაა. მაგალითად, ევროგაერთიანების კომისიის მიერ შეფასებულია, რომ ევროგაერთიანების ქვეყნებში მხოლოდ დამატებითი ღირებულების გადასახადებისაგან თავის არიდების გამო ევროგაერთიანების სახელმწიფოთა ბიუჯეტში ყოველწლიურად არ შედის თითქმის 160 მილიარდი ევრო.

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმის გამო, რომ საქონლისა თუ მომსახურების გადამხდელთა უმეტესობა ანგარიშსწორებას ახდენს ნაღდი ფულით. ასეთი ტრანზაქციები კი ხშირად საერთოდ არ აღირიცხება ან მხოლოდ ნაწილობრივ აღირიცხება.

გადასახადების გადახდის თვალსაზრისით განსაკუთრებით მწვავედ დგას საკითხი მცირე და საშუალო ბიზნესებთან მიმართებით. ნაღდი ფული არის გადასახადებისაგან თავის არიდების მთავარი საშუალება და ჩრდილოვანი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ხშირად აღინიშნება საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპები 2005-2007 წლებში. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკა რეალურად არ გაზრდილა იმდენად, რამდენადაც ეს ციფრებით ჩანს. მოხდა გადასახადების შემცირება – როგორც რაოდენობრივად, ასევე მათი განაკვეთები; ასევე გამოცხადდა ფინანსური ამნისტია წარსული ფინანსური დარღვევებისათვის და ამავე დროს ძალიან ეფექტიანი გახდა გადასახადების ადმინისტრირება. ამ რეფორმებმა გამოიწვია ეკონომიკის ე.წ. გათეთრება ანუ ბიზნესები ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გადავიდნენ ფორმალურ, დეკლარირებულ გარემოში. 2005-2007 წლების ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებში დიდი წვლილი სწორედ ფორმალური ეკონომიკის ზრდაზე მოდის.

ამჟამად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საქართველოში ერთხმად აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა კომპანიების მიერ ჩრდილოვანი ანუ აღურიცხავი ტრანზაქციების მოცულობამ.

ბრუნდება ე.წ. ორმაგი ბუღალტერია – თეთრი და შავი, და მცირდება ეკონომიკის ფორმალიზაცია. მცირდება ნაღდი ფულით მიღებული შემოსავლების ასახვა, შესაბამისად, არ ხდება დამატებითი ღირებულების გადასახადის სრულად გადახდა ბიუჯეტში.

თანამშრომელთა ხელფასები უფრო მეტად გაიცემა ნაღდი ფულით, დეკლარირდება ნაკლები ხელფასი და, შესაბამისად, მხოლოდ ნაწილობრივ ხდება საშემოსავლო გადასახადების გადახდა ბიუჯეტში.

ნაღდი ფულით განხორციელებული შემოსავლები და ხარჯები იძლევა საშუალებას შემოსავლებისა და ხარჯების მანიპულირებისა იმ მიზნით, რომ შემცირდეს მოგებისა და დივიდენდის გადასახადი.

ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის განხორციელება და კონტროლი ეფექტიანი არ არის.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას ბევრი მომხრე ჰყავს, კერძოდ კი ისინი, ვინც აღურიცხავი ტრანზაქციებით სარგებელს იღებენ. ჩრდილოვანი ეკონომიკური აქტივობებით სარგებლის მიღების ძირითადი საშუალება არის ნაღდი ფული.

როდესაც ჩრდილოვანი ეკონომიკა ფართოდ არის გავრცელებული, ცხადია, ეს ცუდად მოქმედებს გადასახადების კეთილსინდისიერ გადამხდელთა მოტივაციაზე, რომლებიც სრულად იხდიან კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ამას თან ერთვის ის პრობლემა, რომ სრულიად ფორმალიზებული ბიზნესი თავის ჩრდილოვან კონკურენტთან არაკონკურენტულ პირობებში დგება, რაც კიდევ უფრო ზრდის გადასახადების არგადახდის მოტივაციას.

ჩრდილოვანი ეკონომიკის ფართოდ გავრცელება, ცხადია, ნეგატიურად აისახება ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზეც როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.

ჩრდილოვანი ეკონომიკა, თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციით ქმნის სხვა პრობლემებს: კორუფციისა და კრიმინალისათვის მიმზიდველ გარემოს.

ერთი მხრივ, არსებობენ ბიზნესსუბიექტები, რომლებიც ნაღდი ფულის გამოყენებით თავს არიდებენ გადასახადებს. ხოლო მეორე მხრივ არსებობენ დაბალანაზღაურებადი მაკონტროლებლები – მაგალითად, საგადასახადო ინსპექციისა თუ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები – რომლებსაც ძალიან კარგად მოეხსენებათ, რომელი ბიზნესსუბიექტი როგორ იხდის სავალდებულო გადასახადებს.

სწორედ ეს არის სახელმწიფო მოხელეთა მოსყიდვისა და კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო. გადასახადები, ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტისა, კონკრეტულ მოხელეთა ჯიბეებში მიედინება. ნაღდი ფული არის როგორც ჩრდილოვანი ეკონომიკის, ასევე ამ უკანასკნელის მიერ გამოწვეული კორუფციის მთავარი მამოძრავებელი საშუალება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქვეყნის რეალურ სექტორში შემოსავლების მიხედვით ათი უმსხვილესი კომპანიიდან ექვსი არის სათამაშო ბიზნესი (კაზინოებისა და ონლაინკაზინოების კომპანიები).

ეს მონაცემები მრავლის მთქმელია ქვეყნის ეკონომიკის შესახებ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო ბიზნესი კრიმინალური საქმიანობით მოპოვებული არალეგალური ფულის გათეთრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. მიუხედავად სათამაშო ბიზნესების მასობრივი გაციფრულებისა, ნაღდი ფული ამ ბიზნესის შემოსავლების მთავარი წყაროა.

ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემის აღმოფხვრა მნიშვნელოვანწილად გადაწყვეტს კორუფციის, კრიმინალისა და არაეფექტიანი ფისკალური კონტროლის პრობლემებს. ნაღდი ფულის კონტროლი ამ მიზნისათვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალებაა.

ასევე აღსანიშნავია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კორუფციის პრობლემა, რომლის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის შავი ფული. ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ინსტიტუტები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით მწვავე პრობლემების წინაშე დგანან და ეს პრობლემები ყოველწლიურად უფრო და უფრო მძიმდება.

ისმის კითხვა, წლიდან წლამდე რატომ მატულობს ე.წ. ბიზნესმენების რიცხვი, რომელთაც, კერძო ბიზნესის ნაცვლად, მოღვაწეობის გაგრძელება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სურთ? საქართველოს ამჟამინდელ პარლამენტში ე.წ. ბიზნესმენთა ისეთი კონცენტრაციაა, როგორიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ამ ხალხის უმრავლესობა (და არა ყველა) რაიმე ანგარიშვალდებულებას გრძნობს ამომრჩევლის წინაშე. მოსახლეობისათვის ნათელია, რომ პარლამენტის დეპუტატობის სტატუსს ამოფარებული ბიზნესმენები საკუთარი ბიზნესების ლობირებითა და საკუთარი მატერიალური ინტერესების დაკმაყოფილებით არიან დაკავებულნი.

ცხადია, არიან გამონაკლისებიც. კახა ბენდუქიძე – წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოღვაწეობდა – ამ გამონაკლისების გამორჩეული მაგალითია. მისი ცოდნა, ხედვა და გამოცდილება ყოველგვარი ანგარებისა და მატერიალური ინტერესების გარეშე საფუძვლად დაედო საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ამომრჩევლისადმი ანგარიშვალდებულების პრობლემა ეხება როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას. პარტიული სიების ანალიზისას ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობას არა ამომრჩევლის, არამედ კონკრეტული პირადი ინტერესები ამოძრავებთ.

ადამიანების შერჩევა მაღალ თუ საშუალო რგოლის პოლიტიკურ თანამდებობებზე არ ხდება მათი კომპეტენციისა და რეპუტაციის მიხედვით. ე.წ. ბიზნესმენთა, სპორტსმენთა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შერჩევა და დანიშვნა ხდება კონკრეტული ჯგუფის მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველი ასეთი დანიშვნა განიხილება როგორც “ინვესტიცია“. ამ ინვესტიციამ საკმაოდ მოკლე დროში – მომდევნო არჩევნებამდე დარჩენილი ოთხი წლის განმავლობაში – მნიშვნელოვანი მატერიალური ამონაგები უნდა დადოს.

ნაცვლად ამომრჩევლისა, ეს ე.წ. ბიზნესმენები ანგარიშვალდებულნი არიან იმ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ჯგუფებთან, რომელთა მეშვეობითაც ბიზნესმენებმა უკვე შეძლეს მატერიალური სიმდიდრის მოპოვება. პოლიტიკური ჯგუფები არიან გარანტორები იმისა, რომ “ბიზნესმენთა“ მიერ უკვე მოპოვებულ სიმდიდრეს საფრთხე არ დაემუქრება (საგადასახადო ორგანოებისა და ფინანსური პოლიციის მხრიდან) და ამავე დროს გამოყენებულ იქნება დამატებითი სიმდიდრის შექმნის შესაძლებლობები (პირდაპირი სახელმწიფო შესყიდვები, ტენდერები).

არაკანონიერი გზით შექმნილი სიმდიდრის დაცვა და არაკანონიერი გზებით ახალი სიმდიდრის შექმნის სურვილი – ეს არის დეპუტატობის მანდატებისათვის ყოველ არჩევნებზე გამოცხადებული სამკვდრო-სასიცოცხლო, წესების გარეშე გამართული ბრძოლების მთავარი მამოძრავებელი ძალა.

პოლიტიკური კორუფციის მასშტაბები და ამომრჩევლის როლის ასეთი დაკნინება ძირს უთხრის ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ განვითარებას. პოლიტიკური კორუფცია არის ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კრიმინალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი ფაქტორი, რომელიც ასევე მთლიანად დგას ნაღდ არალეგალურ და შავ ფულზე.

საქართველოში საგრძნობლად იკლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ. ამავე პერიოდში ქვეყანაში ვალუტის შემოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდა გადმორიცხვები უცხოეთიდან. რატომღაც მიიჩნევა, რომ ეს თანხები არის უცხოეთში დასაქმებული ქართველი ემიგრანტების მიერ გამომუშავებული თანხები, რომლებსაც ისინი ურიცხავენ თავიანთ ოჯახებს საქართველოში. ნაწილი, ცხადია, ასეა, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ ე.წ. რემიტანსები არალეგალურად მოპოვებული ფულის საქართველოში გათეთრების კარგი საშუალებაა. ეს საკითხი შესწავლას და კონტროლს მოითხოვს. ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გამკაცრდა და დაიხვეწა საეჭვო და არალეგალური ფინანსური რესურსების მოძრაობა საბანკო არხებით, მათ შორის – საქართველოშიც. ამ ფაქტორმა ნაღდი ფული კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა კორუფციული გარიგებების, მოსყიდვისა და ფულის გათეთრების მიზნით.

განვითარებული ქვეყნებისათვის ნაღდი ფულის ლიმიტების დაწესების მთავარი მიზანი ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაა. დღევანდელ საქართველოში ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა კორუფციისა და მოსყიდვის ხელშემწყობი ყველა ფაქტორის აღმოფხვრაა.

მიგვაჩნია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკა, კორუფცია, კრიმინალი, ფულის გათეთრება, მოსყიდვა და მექრთამეობა საქართველოს ერთ- ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ეს პრობლემები მნიშვნელოვნად აფერხებენ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ამავე დროს საფუძველს აცლიან საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს. ნაღდი ფული ამ პრობლემების ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია.

ნაღდი ფულის შეზღუდვა მნიშვნელოვანწილად აუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკის ფორმალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირებას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი მთავრობას ეფექტიანი ფისკალური კონტროლის საშუალებას აძლევს.

ნაღდი ფულით ტრანზაქციების შეზღუდვა სიახლე არ არის როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის. ბევრი რამ ამ მიმართულებით საქართველოში უკვე გაკეთებულია. რეფორმის სრულფასოვნად განხორციელებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ ეს მექანიზმები პრაქტიკული თვალსაზრისით იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგიანი. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ქართული საბანკო სისტემის როლი, რომელმაც ქვეყნის შიგნით ლარში განხორციელებული უნაღდო ტრანზაქციებისადმი უნდა უზრუნველყოს უნიფიცირებული მიდგომა და ეს რეფორმა არ გამოიყენოს საკომისიო გადასახადებით დამატებითი მოგების მიზნებისათვის. 

საავტორო სტატიების სერია

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს. რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. „ჩირინას” პროდუქტები იყიდება „ბიუ-ბიუს“ ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მალე კი სომხეთში ექსპორტი დაიწყება. „ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locus-ის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის განმავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან.

სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.