ნახევარგამტარების ინდუსტრიის გასაძლიერებლად, გაერთიანებულმა სამეფომ დიდი ხნის ნანატრი სტრატეგია წარადგინა. მთავრობის გეგმით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყნის კომპიუტერული ჩიპების ინდუსტრიის განსავითარებლად $1.2 მილიარდი გამოიყოფა.
ბრიტანეთის მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი თანხა უმეტესწილად კვლევებსა და განვითარებას, დიზაინისა და ინტელექტუალური საკითხების შესწავლას მოხმარდება. ნახევარგამტარების ინდუსტრია ინვესტიციის პირველ ნაწილს, 200 მილიონ გირვანქა სტერლინგს ($248 მილიონი), 2023-2025 წლებში მიიღებს.
„ახალი სტრატეგია ჩვენს ძლიერ მხარეებზე იქნება მიმართული ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვლევა და დიზაინი. მსგავსი მიდგომა გლობალურ სცენაზე ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის შექმნაში დაგვეხმარება“, – განაცხადა პრემიერმა რიში სუნაკმა და დასძინა, რომ გაერთიანებული სამეფოს სტრატეგია ჩიპების შიდა ინდუსტრიის გაძლიერებას, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების აღმოფხვრასა და ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების დაცვას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, რიში სუნაკი იაპონიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზეც იმყოფებოდა სადაც იაპონიის პრემიერ ფუმიო კიშიდას შეხვდა. სამიტზე ქვეყნების პრემიერებს შორის ნახევარგამტარებისთვის საჭირო კომპონენტების მიწოდების ჯაჭვის გასაუმჯობესებლად პარტნიორობა გაფორმდა.
ნახევარგამტარების აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შესამცირებლად, დასავლეთის ქვეყნები ბოლო წლებია, ჩიპების ინდუსტრიის განვითარებას აქტიურად ცდილობენ. ამ მხრივ, გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიის ღირებულება საკმაოდ მცირეა იმ გეგმებთან შედარებით, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა წარადგინეს. აშშ-ის ჩიპების აქტის ღირებულება, რომელიც ინდუსტრიაში სამთავრობო ინვესტიციებს ითვალისწინებს, $52 მილიარდია, ევროკავშირის ჩიპების პროგრამა კი $46 მილიარდადაა შეფასებული.