რამ გამოიწვია სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

რამ გამოიწვია სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა

გასულ კვირას ინდოეთში მომხდარ სარკინიგზო ინციდენტს 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებებით, ავარია ელექტრონული სასიგნალო სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია. სასიგნალო სისტემის შეცდომის შედეგად აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდიშაში მატარებელმა რელსები არასწორად შეიცვალა და სატვირთო ვაგონს შეეჯახა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ინციდენტი ქვეყნის ისტორიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარკინიგზო ტრაგედიაა.

გადარჩენილებისა და დაშავებულების სამძებრო სამუშაოებში „ბუნებრივ კატასტროფებთან გამკლავების ჯგუფსა“ და პოლიციას ინდოეთის არმიაც ეხმარება. დღევანდელი მონაცემებით, დაშავებულთა რაოდენობა 850-მდე ადამიანს შეადგენს.

ინდოეთის რკინიგზის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განმარტებით, წინასწარი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თავდაპირველად ჩქაროსნულმა მატარებელმა, Coromandel Express-მა მთავარ რელსზე დარჩენის სასიგნალო შეტყობინება მიიღო, მოგვიანებით კი რელსის შეცვლის შესახებ მოთხოვნა მიუვიდა. შეცვლილ რელსზე ჩქაროსნული მატარებელი რკინის მადნით დატვირთულ ვაგონებს შეეჯახა, შედეგად სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და გვერდითა ხაზზე მოძრავ ასევე სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.

ინდოეთის რკინიგზის განცხადებით, სამგზავრო მატარებლები, რომლებსაც ჯამში 2,296 ადამიანი გადაჰყავდათ, დასაშვებზე მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდნენ. ავარიის მიზეზთან დაკავშირებით მეტი დეტალი, მათ შორის ადამიანური შეცდომის შესაძლებლობა, გამოძიებით დადგინდება.