NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გაასაჯაროვა

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო გაასაჯაროვა

NASA-მ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო ხარისხის ფოტო გაასაჯაროვა. სურათი თეთრ სახლში გამართულ პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა.

როგორც NASA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული ფოტო კოსმოსის ყველაზე შორეული და მკვეთრი ინფრაწითელი გამოსახულებაა, რაც კი აპარატებს ოდესმე დაუფიქსირებიათ. სურათზე SMACS 0723-ის სახელწოდებით ცნობილი გალაქტიკების ჯგუფია ნაჩვენები. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ობიექტებს ისეთს ვხედავთ, როგორიც ისინი დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ იყო.

სურათზე, რომელიც ათასობით გალაქტიკას ასახავს, ისეთი ობიექტებია დაფიქსირებული, რომლებიც ინფრაწითელ სპექტრში აქამდე არც ერთი აპარატის ობიექტივში არ მოქცეულა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ფოტო ჯეიმს ვების ტელესკოპზე დამონტაჟებული კამერა NIRCam-ით არის გადაღებული. საბოლოო გამოსახულების მისაღებად 12,5 საათი და სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე დაფიქსირებული სურათები გახდა საჭირო.

ფოტო: NASA

NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი, სამეცნიერო კვლევებისთვის ხელსაყრელი ხარისხის მქონე სურათის გასაჯაროებამდე აპარატით დაფიქსირებული ერთ-ერთი სატესტო ფოტო გაავრცელა. აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ტელესკოპის მიერ მოპოვებული სრულად ფერადი სურათების სერიას საზოგადოებას რამდენიმე საათში გაუზიარებს.

შეგახსენებთ, დაახლოებით 30-წლიანი დაგეგმვისა და საფუძვლიანი სამუშაოების შემდეგ აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ $10 მილიარდის ღირებულების ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში გასული წლის 25 დეკემბერს რაკეტა Ariane 5-ის დახმარებით გაგზავნა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.