NATO თავდაცვის ბიუჯეტის ახალ სამიზნე ნიშნულს აწესებს – ქვეყნები მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ

NATO თავდაცვის ბიუჯეტის ახალ სამიზნე ნიშნულს აწესებს – ქვეყნები მშპ-ის 5%-ს დახარჯავენ

ოთხშაბათს, ჰააგაში დაგეგმილ სამიტზე, სავარაუდოდ, NATO-ს წევრი სახელმწიფოები თავდაცვის ბიუჯეტის ახალი სამიზნე ნიშნულის დაწესებას მხარს დაუჭერენ. შეგახსენებთ, ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტის გზარდა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მეორე ვადით არჩევის შემდეგ, აქტიურად მოითხოვა. მედიასააგენტო Reuters-ი შეეცადა, პასუხი გაეცა შეკითხვებზე, რომლებიც შესაძლოა NATO-ს ახალი გეგმის მიმართ საზოგადოებაში გაჩნდეს.

რის დამტკიცებას გეგმავენ NATO-ს ქვეყნების ლიდერები ჰააგაში?

Reuters-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ჰააგაში ალიანსის თავდაცვის ბიუჯეტისთვის თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ის გაღებაზე შეთანხმდებიან. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა ამჟამინდელ 2%-იან სამიზნე ნიშნულთან შედარებით, რომელიც 2014 წელს უელსში ალიანსის სამიტზე დამტკიცდა.

სავარაუდოდ, NATO-ს წევრები მშპ-ის 3.5%-ს დახარჯავენ ძირითად თავდაცვაზე, როგორიცაა ჯარი და შეიარაღება. აღსანიშნავია, რომ ეს ამჟამად ძველ, 2%-იან სამიზნე ნიშნულშია გათვალისწინებული. როგორც ვარაუდობენ, ალიანსში შემავალი სახელმწიფოები მშპ-ის დამატებით 1.5%-ს გაფართოებულ თავდაცვით და უსაფრთხოების მიმართულების ინვესტიციებზე დახარჯავენ – როგორიცაა გზების, ხიდებისა და პორტების ადაპტირება სამხედრო მანქანების გამოსაყენებლად, ასევე კიბერუსაფრთხოებაზე და ენერგომატარებლების დაცვაზე.

რამდენად დიდი გამოწვევა იქნება ეს სახელმწიფოებისთვის? 

თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 5%-ის გაღება NATO-ს წევრი ქვეყნების ნაწილისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ამას ადასტურებს ის, რომ 2024 წელს ალიანსში შემავალი 32 სახელმწიფოდან თავდაცვაზე მშპ-ის 2% ან მეტი მხოლოდ 22-მა წევრმა დახარჯა. საერთო ჯამში,  NATO-ს შეფასებით, ალიანსის წევრებმა გასულ წელს თავდაცვაზე საშუალოდ მშპ-ის 2.61% დახარჯეს, თუმცა, ეს მაჩვენებელი წევრებს შორის დანახარჯების დიდ განსხვავებას ნიღბავს.

მაგალითად, პოლონეთმა 2024 წელს თავდაცვაზე მშპ-ის 4%-ზე მეტი დახარჯა, რაც ალიანსის წევრებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე მხრივ კი, ესპანეთმა 1.3%-ზე ნაკლები დახარჯა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. როგორც ხედავთ, ქვეყნების დანახარჯებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.

როდის უნდა მიაღწიონ NATO-ს წევრებმა დასახულ მიზანს?

თუ ახალი გეგმა დამტკიცდა, NATO-ს წევრი ქვეყნები ვალდებულნი იქნებიან, ახალ, 5%-იან სამიზნე ნიშნულს 2035 წლამდე მიაღწიონ.
მიზნები 2029 წელს გადახედვას დაექვემდებარება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ცვლილებები და დაკონკრეტებაა შესაძლებელი.

რამდენად დიდია დამატებითი ხარჯი?

ძნელი სათქმელია ზუსტად რამდენი დამატებითი ნაღდი ფულის დახარჯვა მოუწევთ NATO-ს წევრებს. ეს მომავალი წლების განმავლობაში მათი ეკონომიკის ზომაზეც იქნება დამოკიდებული.

ასევე, საყურადღებოა, რომ NATO ამჟამად არ აღრიცხავს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინვესტიციების ახალ, უფრო ფართო კატეგორიაზე დანახარჯებს – ამიტომ აღნიშნული კუთხით საბაზისო საზომი არ არსებობს.

თუმცა ცნობილია, რომ NATO-ს ქვეყნებმა 2024 წელს ძირითად თავდაცვაზე 1.3 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც ათი წლის წინანდელ დაახლოებით ტრილიონ დოლართან შედარებით, 2021 წლის ფასებით, გაცილებით მეტია. თუ NATO-ს წევრი ქვეყნები გასულ წელს ძირითად თავდაცვაზე მშპ-ის 3.5%-ს დახარჯავდნენ, როგორც ახალ გეგმაშია გათვალისწინებული, ეს დაახლოებით 1.75 ტრილიონს დოლარს გაუტოლდებოდა.

აქედან გამომდინარე, ახალი სამიზნე ნიშნულის მიღწევა, მიმდინარე ხარჯებთან შედარებით, შეიძლება ქვეყნების მიერ წელიწადში ასობით მილიარდი დოლარით მეტის დახარჯვას ნიშნავდეს.

რატომ ზრდიან NATO-ს წევრი ქვეყნები ხარჯებს სწორედ ახლა?

რუსეთ-უკრაინის გახანგრძლივებულმა ომმა, რუსეთიდან პოტენციური საფრთხის შესახებ შეშფოთებამ და აშშ-ის ზეწოლამ ევროპის ქვეყნები თავდაცვის მიმართულებით ინვესტიციების გაზრდაში დაარწმუნა.

„ამერიკა ვერ იქნება ყველგან და არც უნდა იყოს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა მიმდინარე თვის დასაწყისში. ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იყო ევროპული ქვეყნებისთვის, რომ მოსალოდნელი საფრთხისგან თავის დასაცავად თავდაცვის ბიუჯეტი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაზარდონ.