ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ ისევ იზრდება

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ ისევ იზრდება

სამშაბათს ნავთობის ფასი 1 დოლარზე მეტით გაიზარდა, რამაც გარკვეული თვალსაზრისით დააბალანსა წინა პერიოდის ზარალი. მიუხედავად აზიაში COVID– ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა, ევროპასა და აშშ–ში მოთხოვნის ზრდამ გადაფარა ნეგატიური მოლოდინები და ნავთობის ფასი გაიზარდა.

Brent–ის ტიპის ნავთობის ფასი $1.20– ზე მეტით, დაახლოებით 1.7%–ით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ ბარელზე $70.24  შეადგინა. საინტერესოა, რომ 2.2%–ით გაიზარდა აშშ–ს ნავთობის ფასი და ბარელი ნავთობის შეძენა $67.95–ად არის  შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს ორივე ტიპის კონტრაქტი  დაახლოებით 2.5%–ით შემცირდა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.

„მიმდინარე ტურბულენტობა, არამდგრადობა დროებითია, რადგან დასავლურ სამყაროში ნავთობზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა და ის პანდემიამდელ პერიოდზე უფრო მაღალია“ – განაცხადა შვეიცარიული ბანკის, Julius Baer–ის ანალიტიკოსმა ნორბერტ რუკერმა.

Reuters–ის კვლევის მიხედვით, აშშ–ს ნედლი ნავთობის, ბენზინის და სხვა მსგავსი პროდუქტების მარაგები შემცირდა, ამასთან, ზედიზედ მეოთხედ მცირდება ბენზინის მარაგების მოცულობაც.

საინტერესოა, რომ მიმდინარე კვირაში სენატი კენჭს უყრის $1 ტრილიონი ღირებულების კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ამასთან, დასავლეთში წარმატებით მიმდინარე ვაქცინაციის პროგრამა და ეკონომიკის გამაჯანსაღებელი პოლიტიკა ხელს უწყობს დადებითი მოლოდინების ჩამოყალიბებას. მიუხედავად ამისა, ნეგატიური მოვლენები(ლოქდაუნი ჩინეთში), რომლებიც COVID-19– ის გარშემო ტრიალებს, ინვესტორებს სიფრთხილისაკენ უბიძგებს, თუმცა ეს ხანმოკლე პროცესია და ინფექციის გავრცელების შემცირებასთან ერთად დასტაბილურდება – განაცხადა StoneX–ის ანალიტიკოსმა, კევინ სოლომონმა.

ანალიტიკოსები იმისაც აღნიშნავენ, რომ ამ კვირის ეკონომიკური მონაცემები, განსაკუთრებით კი აშშ–ს სამომხმარებლო ფასების ინდექსი, მოგვცემს მინიშნებებს იმის შესახებ, თუ რამდენად ძლიერ გავლენას მოახდენს ვირუსი ნავთობის გლობალურ და რეგიონალურ მოხმარებაზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *