NBA-ის 2021-22 წლების ყველაზე მაღალშემოსავლიანი  კალათბურთელები

NBA-ის 2021-22 წლების ყველაზე მაღალშემოსავლიანი  კალათბურთელები

Forbes-მა NBA-ის 2021-22 წლების ყველაზე მაღალშემოსავლიანი  კალათბურთელების ათეულის სია გამოაქვეყნა. 36 წლის ლებრონ ჯეიმსმა, გასულ წელს მის მიერვე დამყარებული $96.5-მილიონიანი რეკორდი გააუმჯობესა და ზედიზედ მერვედ Forbes-ის რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. Los Angeles Lakers-ის ვარსკვლავის 2021-22 წლების სეზონის ანაზღაურება $41.2 მილიონს, ხოლო წლიური შემოსავალი $111.2 მილიონს უტოლდება.

ჯამურად, NBA-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი  მოთამაშის ანაზღაურება $714 მილიონს მოიცავს, რაც 28%-ით მეტია 2020-21 წლების მონაცემებზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში NBA-ის მაღალშემოსავლიანი  ათეულის საერთო შემოსავალი 132%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება სტადიონის გარეთ გამომუშავებულ თანხას, ათეულის შემოსავლები გასული წლის რეკორდული $260 მილიონიდან  $305 მილიონამდე გაიზარდა. კალათბურთელების შემოსავლების ზრდა ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა.  პირველი, გუნდებს შეუძლიათ გაცილებით მეტი გადაუხადონ საუკეთესო მოთამაშეებს, მას შემდეგ, რაც NBA-ის სახელფასო ზღვარი $112.4 მილიონამდე, ხოლო „ფუფუნების გადასახადი“ $136.6 მილიონამდე გაიზარდა. ამ სეზონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი არენაზე მაყურებლების დაბრუნებაა. გასულ წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ლიგის ფინანსური კორექტირების ფარგლებში მოთამაშეების ანაზღაურება 20%-მდე შემცირდა.

Forbes-ი NBA-ის 2021-22 წლების ყველაზე მაღალშემოსავლიანი  კალათბურთელების ათეულს წარმოგიდგენთ:

ლებრონ ჯეიმსი – $111.2 მილიონი, Los Angeles Lakers  

36 წლის კალათბურთელისთვის მიმდინარე წელი ახალი ფინანსური მწვერვალების დაპყრობისთვის შესანიშნავი პერიოდი აღმოჩნდა. ლებრონის მიერ კარიერის განმავლობაში გამომუშავებულმა თანხამ $1 მილიარდს მიაღწია. გადასახადების გამო, Los Angeles Lakers-ის მოთამაშის ქონება $850 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ჯეიმსი თავისი კომპანიის, SpringHill Company-ის წილის გაყიდვას გეგმავს, რაც გზას უხსნის მას, მაიკლ ჯორდანის შემდეგ მეორე კალათბურთელი გახდეს, რომელიც მილიარდერის სტატუსს მოიპოვებს. დეკემბერში ლებრონმა Los Angeles Lakers-თან კონტრაქტი $85 მილიონად ორი წლით გაახანგრძლივა. Nike-თან შეთანხმებით კი ყოველწლიურად დამატებით $32 მილიონს გამოიმუშავებს.

სტეფ კარი – $92.8 მილიონი, Golden State Warriors  

ამ სეზონზე ყველაზე მაღალი ანაზღაურება, $45.8 მილიონი 33 წლის სტეფ კარის ერგო წილად. კალათბურთელმა Golden State Warriors-თან ხელშეკრულება ოთხი წლით გაახანგრძლივა და ჯამში კლუბისგან ოთხი წლის განმავლობაში $215 მილიონს მიიღებს. საკალათბურთო მოედანს გარეთ გამომუშავებული $47 მილიონით კი კარი მეორე ადგილს კევინ დურანტთან იყოფს. Golden State Warriors-ის ვარსკვლავის საკუთრებაშია კომპანია Unanimous Media, ხოლო ყოველწლიურად $20 მილიონს Under Armour-თან დადებული კონტრაქტით გამოიმუშავებს.

კევინ დურანტი – $87.9 მილიონი, Brooklyn Nets  

33 წლის კევინ დურანტმა აგვისტოში Brooklyn Nets-თან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. კალათბურთელის 2021-22 წლების სეზონის ანაზღაურება $40.9 მილიონს უტოლდება, ხოლო 4-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში ის $198 მილიონს მიიღებს. რაც შეეხება დურანტის ბიზნესსაქმიანობას, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის Thirty Five Ventures-ის მეშვეობით 80 კომპანიაში ინვესტირებით, კალათბურთელი მოედნის გარეთ $47 მილიონს გამოიმუშავებს.

სიის დანარჩენ წევრებმა კი ქვემოთ მითითებული მოცულობის თანხის გამომუშავება შეძლეს.

  • იანის ანტეტოკოუნმპო – $80.3 მილიონი, Milwaukee Bucks .
  • რასელ უესტბრუკი – $74.2 მილიონი, Los Angeles Lakers.
  • ჯეიმს ჰარდენი – 62.3 მილიონი, Brooklyn Nets.
  • დემიან ლილარდი – $56.3 მილიონი, Portland Trail Blazers.
  • კლეი ტომპსონი – $54 მილიონი, Golden State Warriors.
  • პოლ ჯორჯი – $47.8 მილიონი, Los Angeles Clippers.
  • ჯიმი ბატლერი – $47 მილიონი, Miami Heat.